IMG_0447

ა.წ. 24 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა წერილი, რომელიც წარმოადგენს პასუხს მწვანე ალტერნატივას მიერ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაზე „შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს“. 

ჩვენი აზრით, ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, რადგან სამინისტრომ პირველად გასცა საჯაროდ პასუხი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილს. ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ თავის საპასუხო წერილში სამინისტრო იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, მაგალითად, ინსტიტუციური მოწყობის მოწესრიგების, ახალი ტყის კოდექსის შემუშავებისა და ადგილობრივი საჭიროებების უკეთ გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ. წერილში მოყვანილია ასევე საკითხები, სადაც სამინისტრო არ ეთანხმება ჩვენი ორგანიზაციის მოსაზრებებს, რაც ასევე მისაღებია და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამგვარ საკითხებზე სამინისტრო გამართავს დისკუსიებს (მაგალითად, იმაზე თუ როგორ უზრუნველყოფს ბუნებრივ რესურსზე ფასის ხელოვნურად დაწევა ქვეყნის ეკოლოგიური ინტერესების დაცვას და ა.შ.). საინტერესო იქნება ასევე, სამინისტროს არგუმენტების მოსმენა, თუ რატომ თვლის ის მცდარად “ინფორმაციასა თუ დასკვნას” ჩვენს წერილში მოყვანილ მოსახლეობის შეშით მომარაგების შეფერხების ძირითად მიზეზებზე: რომ ტყეკაფების გამოყოფა მოხდა დაგვიანებით, შეშის კანონიერად მოპოვებისათვის საჭირო საბუთების შეგროვების პროცედურა მოუხერხებელია გლეხკაცისათვის, სატყეო სამსახურებში ადამიანური რესურსები არასაკმარისია და რომ შეშით მომარაგება სოფლად მცოვრებთათვის ძვირი ჯდება – საშუალოდ 400-600 ლარი, ხოლო ვაუჩერი მხოლოდ 15 ლარის შეღავათს გულისხმობს. აქვე გსვურს აღვნიშნოთ, რომ ტერმინი „ხელოვნური შეზღუდვები“ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს, რომელთა ციტირებაც მოვახდინეთ წერილში. ადგილობრივი მოსახლეობისათვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ბატონმა პრეზიდენტმა სხვა ტერმინიც გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე, რომლის ციტირება ჩვენ არ მოგვიხდენია (იხ. ქვემოთ). 


მწვანე ალტერნატივას არ მიაჩნია მიზანშენშეწონილად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საპასუხო წერილის დეტალებზე წერილობითი პოლემიკის გამართვა და აქ კვლავ გამოვთქვამთ იმედს, რომ სამინისტრო მოაწყობს სადავო საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო განხილვას. თუმცა, აქვე გვსურს, მკითხველთა და განსაკუთრებით, სამინისტროს ყურადღება მივაპყროთ ხელისუფლების ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობის ერთ მეტად სახიფათო ტენდენციაზე, რომელიც ჩვენი აზრით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას საქართველოში. კერძოდ, საუბარია შეფასებებზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აკეთებეს არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე და ასევე სამინისტროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების როლის აღქმაზე. 


ჩვენი დაკვირვებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებსა თუ რიგით თანამშრომლებს, როგორც წესი, გააჩნიათ ძალზე მწირი (ან მცდარი) წარმოდგენა როგორც ხელისუფლების ორგანოს ვალდებულებებზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებებსა და ზოგადად, როლზე საზოგადოებაში. ეს კარგად ვლინდება ისეთ ვითარებებში, როდესაც ამა თუ იმ დოკუმენტზე წარდგენილ კომენტარებზე ან ღონისძიებაზე გამოთქმულ მოსაზრებებზე სამინისტროს ელევა არგუმენტები (ასეთის არსებობის ან საზოგადოებისთვის მათი გაზიარების სურვილის შემთხვევაში). ამ დროს სამინისტროს წარმომადგენლებს არგუმენტების რანგში გაჰყავთ ოპონენტის ისეთი საკუთარი შეფასებები, როგორიცაა მაგალითად, “ბოღმიანი”, “ჩასაფრებული”, „ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაცია“, ან თუნდაც სამინისტროს ზემოაღნიშნულ წერილში ნახსენები “რადიკალურად უარყოფითი (ხშირად უსამართლო)”. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, სამინისტროს ურთიერთობა აპოლიტიკურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ძალზე დაემსგავსა ერთმანეთისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ორგანიზაციების ურთიერთობას. 


ჩვენი აზრით, ზემოაღწერილი ვითარება ავნებს არამარტო ურთიერთობაში ჩაბმულ მხარეებს – სამინისტროს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ამცირებს იმ სასარგებლო შედეგების მიღების შანსს, რომელიც კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის, საზოგადოების ცალკეული ფენისა თუ ზოგადად, სახელმწიფოსთვის. 


ჩვენ გულწრფელად გვიხარია სამინისტროს ყოველი წარმატება და არასოდეს ვიშურებთ შექებასაც, თუ ამის საფუძველს ვხედავთ, მაგალითად, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლასთან, აუქციონების სისტემეზე გადასვლასთან, გარემოს დაცვის ინსპექციის წარმატებებთან თუ დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და მათ საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ გვახსოვს, რომ მოყვარეს პირში უნდა უძრახო და სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის გამოხატავს პოზიციას იმ საკითხებზე, რაზეც ის თავს თვლის კომპეტენტურად. ჩვენ არასოდეს წარმოვაჩენთ ჩვენს თვალსაზრისს, როგორც უცილობელ ჭეშმარიტებას, მაგრამ მისი გაუზიარებლობის შემთხვევაში, ვითხოვთ დასაბუთებულ პასუხს. მოხარული ვიქნებოდით, რომ არ გვიხდებოდეს აზრის, სამინისტროს გაგებით, “რადიკალური ფორმით” გამოხატვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი წერილები და თუ შეხვედრებზე გამოხატული პოზიცია უპასუხოდ რჩება. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ არაერთი შემთხვევა, როდესაც სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ამისათვის არ იყო საკმარისი მხოლოდ რეკომენდაციების მიწოდება, შეხვედრა, განხილვა და ა.შ. ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ გვიხდება ლობირების სხვადასხვა ფორმების გამოყენება (პრეს-რელიზები, აქციების მოწყობა, სასამართლოსთვის მიმართვა). სწორედ ესენია არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის ჩვეული მეთოდები და თუნდაც ამით განსხვავდება ის საკონსულტაციო ორგანიზაციისა თუ დაქირავებული ექსპერტისაგან. 


კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამინისტროს, რომ სწორედ მწვანე ალტერნატივა იყო ის ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის რეკომენდაციებისა და ლობირების შედეგად მიღებული იქნა “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” საბოლოო ვარიანტი, გატარდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემა, რითაც მხოლოდ წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით შეივსო, მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო ადგილობრივმა ბიუჯეტმა და დასაქმდა მოსახლეობა; ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი სარგებლობისათვის ტყის არამერქნული რესურსების მოპოვება გახდა უფასო და ა.შ. 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

 

04 ოქტომბერი, 2007 / 23:23 

„მე ვთხოვ ყველა სამინისტროს ხელმძღვანელს ჩავიხედოთ ჩვენს სტრუქტურების საქმიანობაში, რათა ხალხის წვალება აღარ დავუშვათ და ამას ბოლო მოვუღოთ. ხალხის წვალება, პრაქტიკულად, კორუფციის მაჩვენებელია; სადაც ბიუროკრატიაა, იქ კორუფციაცაა… ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს – რაღაც უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხმა გასათბობად შეშა ლეგალური გზით მოიპოვოს, ფაშისტური რეჟიმის დამყარება აუცილებელი არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფულის საკეთებელი ხვრელი უნდა გავხსნათ, ამიტომ ყველა პროცედურა უნდა გავამარტივოთ“. 

საქართველოს პრეზიდენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა 
14 ნოემბერი 2007 / 22:44 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ჩანტლაძეს შეხვდა და ზამთარში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის თაობაზე ესაუბრა… „იმ პირობებში, როცა საქართველოში ჯერ-ჯერობით გაზი ბევრგან მიყვანილი არ გვაქვს, ჩვენს მოქალაქეებზე შეშის გამოტანაზე ხელოვნური შეზღუდვების დაწესება არაჰუმანური და ლოგიკას მოკლებულია… რასაკვირველია ყველაფერს უნდა ჰყავდეს მფლობელი, მოიჯარე და პატრონი, როცა ეს საჭიროა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხს პრობლემა შევუქმნათ. ბუნებრივი რესურსები, რაც ჩვენ გვაქვს ეკუთვნის ხალხს და ხალხმა ამით სათანადოდ უნდა ისარგებლოს“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.