baneri_GA

მწვანე ალტერნატივა აქვეყნებს ახალ ანგარიშს: წყალი – პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე, ანუ „პრივატიზება ქართულად-3“.

2007 წლიდან მწვანე ალტერნატივა თვალს ადევნებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესს და პრივატიზების ხელშეკრულებით საწარმოების ახალი მფლობელის მიერ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის აღებული ვალდებულების შესრულებას.

ნინო გუჯარაიძე, ანგარიშის ავტორი: „ჩვენი კვლევა და ამ დრომდე ჩატარებული მონიტორინგი იძლევა საფუძველს, დასკვნათ, რომ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების შედეგად, უხეშად ილახება მოქალაქეებს წყალმომარაგების სისტემებისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქ. თბილისის მთავრობამ უფლება მისცა გამოუცდელ და საიდუმლოებით მოცული წარმომავლობის მქონე კერძო კომპანიას, საზოგადოებასთან ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე, იზრუნოს საკუთარ კომერციულ ინტერსებზე“.

ანგარიშში აღწერილი ფაქტები, ასევე ცხადყოფს, რომ სრულიად უგულვებელყოფილია მოქალაქეების მონაწილეობის უფლება ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელთაც უშუალო ზემოქმდება აქვთ მათი წყალზე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობებზე. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის არათუ გადაწყვეტილების მიიღების პროცესია დახურული, არამედ თავად გადაწყვეტილებაა გასაიდუმლოებული.

ნინო გუჯარაიძე: „თვალშისაცემია ასევე ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – მოქალაქეების ამ უფლებების შელახვა სისტემურ და აშკარად მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და ამ „საქმეში“ შეხმატკბილებულად მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები და ქვეყნის ყველა ინსტანციის სასამართლო. რთულია ამ პრაქტიკის კონკრეტული მიზეზების შესახებ მსჯელობა, მაგრამ საფუძვლები, ალბათ, ზოგადად ქვეყაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებში უნდა ვეძიოთ. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, ქვეყნის მოქალაქეების უფლებების შელახვის ფასად, ბუნებრივი მონოპოლიის მფლობელის არარსებულ კონკურენტუნარიანობაზე ზრუნვა, შესაძლოა, ე.წ. „ელიტური“ კორუფციის დაფარვის მცდელობადაც კი განვიხილოთ“.

ანგარიში ხელმისაწვდომია მწვანე ალტერნატივას ვებ-გვერდზე: www.greenalt.org