mopovebiti_mrewveloba

2007 წლის 5 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, “სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ეკონომიკური განვითარების მინისტრმა შპს GEORGIAN MANGANESE HOLDING LIMITED -ის ხელმძღვანელს საკუთრების მოწმობა გადასცა რომლის მიხედვით ბრიტანული კომპანია სს “გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის”, სს “ჭიათურმანგანუმისა” და შპს “ვარციხე 2005”-ის საბოლოო მფლობელი გახდა.” დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმების ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი არველაძემ განაცხადა: “სამინისტრომ დოკუმენტზე ხელმოწერით სამწლიანი მუშაობა დაასრულა. ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ გადარჩება ჭიათურმანგანუმი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ამაღლდება რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, ორ წელიწადში იმერეთში დამატებით 1 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, გაუმჯობესდება მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო და უსაფრთხოების პირობები” (იხ. “სიახლეები” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე: www.economy.ge). 

ინფორმაცია სს “ჭიათურმანგანუმისა” და შპს “ვარციხე 2005” გასხვისების შესახებ პრესაში უკვე გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. აღიშნულთან დაკავშირებით, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2006 წლის 25 დეკემბერს წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს სს “ჭიათურმანგანუმი”-ს აქტივებისა და შპს “ვარციხე 2005”-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის G.M. GEORGIAN MANGANESE HOLDING LIMITED-სათვის გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნის მიზნით. 

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაცვლად, მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 8 იანვარს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ბატონ კახა დამენიას განმარტება მიიღო, რომლის თანახმად, შპს "ვარციხე 2005"-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის ნასყიდობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და G.M. GEORGIAN MANGANESE HOLDING LIMITED-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი ასლის გაცემაზე საჭიროა "მყიდველის" წერილობითი თანხმობა, რის თაობაზეც G.M. GEORGIAN MANGANESE HOLDING LIMITED -ს გაეგზავნა სამინისტროს წერილობითი შეტყობინება”, ხოლო “სს "ჭიათურმანგანუმის" აქტივების გასხვისება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა”. 

მიუხედავად ამგვარი პასუხისა, მწვანე ალტერნატივა კვლავ შეეცადა სიტუაციაში გარკვევას და 17 იანვარს კვლავ მიმართა სამინისტროს ამჯერად შპს “ვარციხე-2005”-ის საპრივატიზაციო ხელშეკრულების დოკუმენტის იმ ნაწილების მოთხოვნით, რომლებიც არ შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. რაც შეეხება სს “ჭიათურმანგანუმს”, მინისტრის მოადგილის “ღრმააზროვანი” განმარტების დასაზუსტებლად და სუსტი იმედით, რომ ამჯერად მაინც მიიღებდა პირდაპირ და ნათელ პასუხს, ორგანიზაციამ ამჯერად მოითხოვა იმის დაზუსტება, თუ პრივატიზების რა ფორმის გამოყენებით და ვის მიერ გასხვისდა სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივები. 

პასუხმა ყველა ზღვარს გადააჭარბა – ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კვლავ ჯიუტად იმეორებს, რომ “შპს "ვარციხე 2005"-ის საპრივატიზაციო ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა, ხოლო “სს "ჭიათურმანგანუმის" აქტივების გასხვისება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა. 

კომერციული საიდუმლოების საკითხს რომ თავი დავანებოთ, პირველი ვარაუდი, რაც ამგვარი პასუხის მიღებისას შესაძლოა გაკეთდეს არის ის, რომ (ა) “სს "ჭიათურმანგანუმი" არ გასხვისებულა. თუმცა ჩვენ მაინც არ გამოვრიცხავთ სხვა შესაძლო ვარიანტებსაც, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ: 
ბ) მინისტრის მოადგილე არ არის საქმის კურსში; 
გ)…მინისტრი და მისი მოადგილე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან; 
დ)…მინისტრის მოადგილე არ უყურებს ტელევიზორს და არ ათვალიერებს სამინისტროს ვებ-გვერდს. 

სწორი პასუხის გამცემი დაჯილდოვდება… 

დაჯილდოვდება ისიც ვინც სხვა შესაძლო პასუხს მოგვაწოდებს.. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 

მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ. 
საფოსტო მისამართი: ჭავჭავაძის გამზ.¹62, თბილისი, 0162 
ტელ: (+995 32) 22 16 04, 22 38 74 
ფაქსი: (+995 32) 22 38 74 
ელ-ფოსტა: greenalt@wanex.net 
ვებ-გვერდი: www.greenalt.org