forest1

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ივნისის №140 დადგენილებით, ხან­გრძლივვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების მფლობელებს „ტყით სარგებლობის გეგმის“ წარმოდგენის ვადა 2009 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდათ.

 2007 წლის მაისში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მოწყობილ აუქციონზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები 20 წლის ვადით იყიდეს ქართულ-ჩინურმა (შპს “ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენტი”, ლიცენზია №00628), ქართულ-იტალიურმა (შპს “საქართველოს ხე-ტყის მრეწველობის კომპანია”, ლიცენზია №00624) და ქართულ-ბელგიურმა (ფ/პ ემილ რეინირსი, ლიცენზია №00627) კომპანიებმა, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის, ყვარელის და ახალციხის სატყეო უბნებში.

სალიცენზიო პირობების მიხედვით, რომლებიც მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დგინდებოდა, ლიცენზიის მფლობელები ვალდებული იყვნენ 1 წლის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო  სამეურვეო საბჭოს (FSC) პრინციპების საფუძველზე შედგენილი მართვის გეგმა, ასევე საერთაშორისო სამეურვეო საბჭოს (FSC) მიერ სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ მენეჯმენტის გეგმაზე გაცემული დასკვნა.

მწვანე ალტერნატივამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფენ ტყის ეკოსისტემების დაცვას და უგულვებელყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს. ეს გარემოება არც ტყის სექტორში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობდა ხელს, ვინაიდან 1 წლის შემდეგ სამინისტრო იძულებული გახდებოდა ან გაეუქმებინა ლიცენზიები, ან თვალი დაეხუჭა მათ დარღვევებზე. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბერის №203 დადგენილებით ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" მოხდა სალიცენზიო პირობების გარკვეულწილად გაიოლება, ისინი მაინც  დღემდე არ შესრულებულა. ამდენად, არსებობდა ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ შესაბამის უწყებებს დაეყენებინათ საკითხი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო ამ ლიცენზიების გაუქმების შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №64, დადგენილების მიხედვით, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს მიერ გაცემული ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადებასა და მათში ცვლი­ლე­ბების შეტანას ახორციელებს ეკონომი­კური განვითარების სამინისტრო.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 8 ივლისს 14 საათზე განიხილება მწვანე ალტერნატივას სარჩელი 2007 წლის 1 მაისის აუქციონის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით (შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით). მწვანე ალტერნატივას დახმარებას უწევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შეისწავლა ამ ლიცენზიების გაცემის კანონიერების საკითხი და შეიმუშავა რეკომენდაცია მათი ბათილად ცნობის შესახებ.