DSC06447

30-მდე სომხური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებისგან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები თეგუტის პროექტის ზემოქმედებისგან გარემოსა და მოსახლეობის დასაცავად.

თეგუტში (სომხეთი) სპილენძისა და მოლიბდენის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს სომხური კომპანია Armenian Copper Program. თეგუტის საბადო მდებარეობს ხანაძორის ხეობაში, რომელიც საქართველოდან სულ რაღაც 10–15 კმ-ითაა დაშორებული. საწარმოს ინდუსტრიული ნარჩენები, რაოდენობის მიხედვით, სომხეთში ყველაზე დიდი იქნება -180-200 მილიონი კუბური მეტრი. პროექტით გათვალისწინებულია 7 მლნ კუბ, მეტრის მოცულობის თხევადი კუდსაცვის მშენებლობა მდინარე შნოღის აუზში. მდ. შნოღი მდინარე დებედას ერთ-ერთი მთავარი შენაკადია, დებედა კი, სომხეთიდან საქართველოში მოედინება და მდინარე ხრამს უერთდება.

სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოპოვებითი სამუშაოები გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვას და ეკოსისტემის განადგურებას ხანაძორის ხეობაში; ტყის მასიური ჭრის შედეგად გაიზრდება მეწყერებისა და წყალდიდობების რისკი. თუმცა, მათი განცხადებით, ყველაზე დიდი რისკი დაკავშირებულია კუდსაცავთან, რომელმაც რამოდენიმე მილიონი ტონა ტოქსიკური ნარჩენი უნდა შეაკავოს. ექსპერტთა განცხადებით, კუდსაცავის ნებისმიერი გაჟონვა შეუქცევად ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მეზობელ საქართველოსაც, რადგანაც ტოქსიკური ნივთიერებები მოხვდება ტრანსასაზღვრო მდინარე დებედაში. ამასთან, ყოველდღიურ, თანმყოლ საშიშროებას წარმოადგენს როგორც მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ისე დროთა განმავლობაში, კუდსაცავის ზედაპირის დაშრობის შედეგად, ჰაერით ტოქსიკური ნივთირებების გადატანა.

ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ პროექტის შემუშავებისას საერთოდ არ იყო შესწავლილი როგორც ტრანსასაზღვრო ზემოქმედება, აგრეთვე წყლის დაბინძურების რისკები. ამასთან, Armenian Copper Program-ის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ მოიცავს ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმას, რის გამოც ნებისმიერი ავარიის შემთხვევაში, ორივე ქვეყნის მოსახლეობა შესაძლებელია მძიმედ დაზარალდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთის ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო ჩართული ქართული მხარე, ვინაიდან საქართველო დღემდე არ არის მიერთებული ესპოს კონვენციას „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. ამასთან, სომხურმა მხარემ ნებართვის გაცემის პროცესში სრულად დაარღვია ორჰუსის კონვენციით აღებული ვალდებულებები და არ უზრუნველყო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ

სომხეთის მთავრობას:
• შეაჩეროს თეგუტის სამთო-მოპოვებითი პროექტის განხორციელება, სანამ სრულად და საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი პროექტის ზეგავლენა გარემოზე;
• საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და სრულმასშტაბიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადება და განხილვა;
• დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებასთან გარემოზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზეგავლენების შესახებ;

საქართველოს მთავრობას:

• მოახდინოს ესპოს კონვენციის რატიფიცირება 
• დაიწყოს კონსულტაციები სომხეთის მთავრობასთან გარემოსთან დაკავშირებული ტრანსასაზღვრო რისკების გამოვლენისთვის.

იხილეთ ასევე:

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება:

2010 წ. 13-14 დეკემბერს ქ. ერევანში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ანგარიში:

„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის დასკვნა:

დამატებითი ინფორმაციისთვის, 
მოგვმართეთ მისამართზე: 
greenalt@greenalt.org