ara_did_kashxlebs

პრეს ანონსი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ორგანიზებით 7 ივლისს, 18:00 საათზე,
ვაკის პარკში გაიმართება აქცია„არა დიდ კაშხლებს!“.

 

აქციაზე, გასაბერი კაშხლის ფონზე, მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომლითაც ნაჩვენები იქნება საქართველოში დაგეგმილი დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად დასატბორი ადგილები. ასევე, შეგროვდება ხელმოწერები დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით.

ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა პრობლემაზე, თუ რა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს დიდი კაშხლების მშენებლობა ქვეყნის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.

მსოფლიოში კარგა ხანია დიდი კაშხლები აღარ ითვლება სუფთა ენერგიის წყაროდ. მათ მშენებლობას თან სდევს ტყეების გაკაფვა, ადგილობრივი მცხოვრებლების გადასახლება, სოფლების, სავარგულების და კულტურული ძეგლების დატბორვა, მდინარისა და ადგილობრივი ეკოსისტემის განადგურება, კლიმატის გაუარესება.

აქციის საშუალებით, „მწვანე ალტერნატივა“ და ღონისძიების თანაორგანიზატორები ხელისუფლებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინვესტორებს მოუწოდებენ შეაჩერონ დიდი კაშხლების მშენებლობების მხარდაჭერა და სანაცვლოდ, წვლილი შეიტანონ ქვეყნის ენერგოსექტორის დივერსიფიცირებაში და უფრო მდგრადი ენერგეტიკული ალტერნატივის განვითარებაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, 2012 წლიდან ქვეყნის რეგიონებში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება, მათ შორის დიდი ჰესებისაც, მაგ. ხუდონი, ნამახვანის კასკადი, ნენსკრა, აჭარისწყლის კასკადი.

აქციას შემოუერთდებიან სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციები, „კავკასიური სახლი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „უსაფრთხო სივრცე“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.


მედიას ვიწვევთ დასასწრებად: 7 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ: დავით ჭიპაშვილი, (მობილური) 558 277 283.