svaneti_hydro_map

პრეს-რელიზი

ჭუბერის თემის აქცია ნენსკრა ჰესის პროექტის წინააღმდეგ

ა.წ. 3 ივლისს, 13:00 საათზე, გაიმართება საპროტესტო აქცია ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ სოფელ ჭუბერში. აქციას, ჭუბერის თემის მოსახლეობის გარდა, დაესწრებიან ზემო სვანეთის სხვა თემების  წარმომადგენლებიც.

აქცია წარმოადგენს 12 ივნისს სოფელ ხაიშში გამართული შეკრების გაგრძელებას, სადაც გადაწყდა საერთო სასვანეთო კრების (ლალხორი) შექმნა. ლალხორის მიზანს წარმოადგენს ზემო სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილი წინააღმდეგობრივი ინფრასტრუქტურული და მოპოვებითი მრეწველობის პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის თავიდან აცილება.

280 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრა ჰესი ერთ-ერთია იმ 35 ჰიდროელექტროსადგურს შორის, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო გეგმავს ზემო სვანეთში. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა (CEE Bankwatch Network) მოამზადა რუკა, რომელზეც ასახულია ზემო სვანეთში დაგეგმილი პროექტებ. აღნიშნული პროექტებიდან 25 ჰესი  მდებარეობს ზემო სვანეთის დაგეგმილ ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ხოლო 5  პროექტი ითვალისწინებს მაღალი კაშხლის მშენებლობას და ასობით ჰექტარი ფართობის დატბორვას.

ნენსკრა ჰესის დაფინანსებისთვის, პროექტის განმახორციელებელმა (სახელმწიფო საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია K-Water) მიმართა სამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს. პროექტით დაგეგმილია 135 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხლისა და 182 მლნ მ3 ტევადობის წყალსაცავის მშენებლობა. შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 380-400 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის 95% დაფარულია ტყის მასივით. ასევე დაგეგმილია 13 მ სიმაღლის კაშხლისა და 12.4 კმ სიგრძის სადერივაციო გვირაბის მშენებლობა მდ. ნაკრას ხეობიდან მდ. ნენსკრას ხეობაში.

აქციის ფარგლებში ჭუბერის თემი მიმართავს საქართველოს მთავრობას და პროექტის შესაძლო დამფინანსებლებს, რათა შეწყდეს ნენსკრა ჰესის მშენებლობა. 

საკონტაქტო პირები:

ნატო სუბარი: 599251562
გია ანსიანი: 599939401
ჯანი ცინდელიანი: 595546605