rgani

მწვანე ალტერნატივამ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შესწავლა – მოპოვების ლიცენზიების გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის № 156/ს ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას აცნობეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა, სააგენტოს თვალსაზრისით, კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო.

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა გარემოდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის  ამოღებას და ყველა დანარჩენ კომპონენტზე, მათ შორის ადამიანზე ზემოქმედებას გულისხმობს. ერთდროულად 100 სარგებლობის ლიცენზიის აუქციონზე გამოტანის გადაწყვეტილება არის გეგმა, რომელსაც აუცილებლად მნიშვნელოვანი ზეგავლენა გარემოზე. „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია (ორჰუსის კონვენცია) მხარეებს ავალდებულებს უზრუნველყონ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობა.

ორჰუსის კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, „ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პრაქტიკული და/ან სხვა ზომები იმისათვის, რათა საზოგადოებამ გამჭვირვალე და სამართლიან ჩარჩოებში მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამების შემუშავებაში და მიაწოდოს საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია.

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ არათუ არ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, არამედ პროცესის შესახებ ინფორმაციაც კი არ გაუვრცელებია და უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა საზოგადოებას.

გარდა აღნიშნულისა, გეგმის ფარგლებში არაერთი ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონი კანონდარღვევით არის გამოცხადებული. 

გასაჩივრებული ბრძანების თანახმად, 100 ლიცენზიის გასხვისებისათვის აუქციონი 2020 წლის 11 მარტს არის დაგეგმილი.