Chuberi

ევროპის ველური ბუნების დაცვის კონვენციამ, კავკასიონის ფერდობებზე დაგეგმილი დაცული ტერიტორიების საზღვრების მკვეთრი ცვლილებების გამო, საქართველოს ოფიციალური გაფრთხილება გამოუგზავნა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კი დაინტერესებული არიან, რომ ამ რეგიონში ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებისთვის კრედიტები გასცენ.

13 ნოემბერს, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ („ბერნის კონვენციის“), სამდივნომ  წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სადაც ახსნა–განმარტება მოსთხოვა „ზურმუხტის ქსელის[1]“ ერთ-ერთ კანდიდატ საიტზე განხორციელებული ცვლილებების თაობაზე. „ზურმუხტის ქსელი“ მოიცავს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნებისთვის და გააჩნია მაღალი კონსერვაციული (ბუნებისდაცვითი) ღირებულება.  ამჯერად, საქმე ეხება სვანეთის ხელუხებელ მთებს, შეურყვნელი ბუნების მარგალიტს. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მკვეთრად შეემცირებინა "ზურმუხტის ქსელის" კანდიდატი საიტი სვანეთი 1, რათა გზა გაეხსნა 30–ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის.

წერილში სამდივნო განმარტავს, რომ "ტერიტორია მოიცავს საქართველოს ხელუხლებელი ბუნების რამდენიმე არეალს " და გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ "ზურმუხტის ქსელის კანდიდატი სვანეთი 1–ს ზომები მკვეთრად შემცირდა".

წერილი წარმოადგენს ბერნის კონვენციის სამდივნოს პასუხს საჩივარზე, რომელიც  „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელი ქსელის“  წევრმა ქართულმა ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ“ წარადგინა ველური ბუნების დამცველი ორგანიზაცია „ბალკანის“ მხარდაჭერით. ზურმუხტის ქსელით დაცული ტერიტორიები სარგებლობენ დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმებით; მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის შემთხვევაში, სავალდებულოა გარემოზე ზემოქმედების შეფასების უფრო დეტალური კვლევები. ამასთანავე, ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ტერიტორიების აღიარებით, ხაზი ესმება მათ  მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნებისთვის, რაც მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს. აქედან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ტერიტორიებზე კაშხლებისა და სხვა ჰიდრო-ინფრასტრუქტურის მშენებლობის გეგმებმა შესაძლებელია   სერიოზული ცვლილება განიცადოს.

ანალოგიურ სიტუაციაში, 2015 წელს, ბერნის კონვენციამ მოუწოდა მაკედონიის მთავრობას შეეჩერებინა ყველა ჰიდრო-პროექტის მშენებლობა მავროვოს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ამავდროულად „ზურმუხტის ქსელის“ კანდიდატი ტერიტორია და ბიომრავალფეროვნების "ცხელი წერტილია". ამის შემდეგ, როგორც მსოფლიო ბანკმა, ასევე ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკმა უარი განაცხადეს პარკში ორი ჰიდროპროექტის დაფინანსებაზე.

ზემო სვანეთში, 280 მეგავატიანი ნენსკრას ჰესის პროექტი საქართველოს მთავრობის გეგმებში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. ჰესი დაფინანსების 75%–ს მიიღებს საერთაშორისო განვითარების ბანკებისგან: მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, აზიის ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ბანკისგან და აზიის განვითარების ბანკისგან.

სვანეთის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასთან ერთად, სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის მრავალწლიანი კონფლიქტები ნენსკრასა და სხვა პროექტებთან, საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისათვის, რომ განვითარების ბანკები სვანეთს განიხილავდნენ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დახურულ ზონად. თუმცა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დღემდე გამოხატავენ მზადყოფნას საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირებისთვის, იმ რისკების მიუხედავად, რაც ქვეყნის უნიკალურ ბუნებასა და თემებს ემუქრება.

[1] „ზურმუხტის ქსელის“ განვითარება  ბერნის კონვენციის წევრი ქვეყანების ვალდებულებაა. მისი მიზანია ბერნის კონვენციის წევრ ქვეყნებში ფლორის, ფაუნის და მათი საბინადრო გარემოს დაცვა და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა. ქვეყნებმა განვითარების პროგრამების დაგეგმვისას არ უნდა დაუშვან კონვენციით დაცული სახეობების პოპულაციების შემცირება, მათი გარემოს განადგურება და დეგრადაცია. „ზურმუხტის ქსელი“ შედგება „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიებისგან“, ანუ ე.წ. „ზურმუხტის საიტებისგან“.