sxdoma

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან გასული ერთი წლის შედეგებზე იმსჯელეს.

თემა - „ერთი წლის ანალიზი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან: გამოვლენილი ნაკლოვანებები“ კომიტეტების სხდომაზე ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა ქეთევან გუჯარაიძე წარმოადგინა.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი 2017 წლის 1 ივნისს არის მიღებული, მისი ამოქმედება კი ეტაპობრივად ხდება. იგი გარემოს მართვის ხუთ ინსტრუმენტს მოიცავს, რომელთაგან დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებას დაეთმო.

მომხსენებელმა განსაკუთრებით ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომელიც კოდექსის ამოქმედების შემდეგ გამოიკვეთა.

მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქვიშა-ხრეშის მოპოვება, რომელიც მისი თქმით, საერთოდ არ რეგულირდება კოდექსით და კარგი იქნება, თუ ეს სფერო ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.

მომხსენებლის განცხადებით, აუცილებელია, რომ კოდექსის დანართებში მოქცეული საქმიანობები, რომელთა განხორციელებისათვის საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება, პერიოდულად გადაიხედოს.

სხდომაზე ყურადღება კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციფიური ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის საკითზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპებსა და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობაზეც გამახვილდა.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, „მწვანე ალტერნატივამ“ კომიტეტს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა აღნიშნული კოდექსის მიღების შემდეგ, სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე.

მისივე თქმით, სამინისტრო ევროკავშირთან ერთად იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მომზადდება დეტალური სახელმძღვანელო დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ წიაღისეულის მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია რა საკითხებს უნდა მოიცავდეს და, მათ შორის, სავალდებულო შესასრულებელი პირობები რა უნდა იყოს.

შესაბამისად, ყველა ოპერატორი, რომელიც სამინისტროს მიმართავს, ვალდებული იქნება აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შეადგინოს დოკუმენტაცია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კახა კუჭავას განცხადებით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებისგან ინფორმაციას გამოითხოვენ, კომიტეტში ასევე იმსჯელებენ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე.

წყარო: საქართველოს პარლამენტი