gadamcemi

30 სექტემბერი, 2016

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს
ბატონ გიგლა აგულაშვილს

ბატონო გიგლა,

ა.წ. 20 ივლისს მოგმართეთ წერილით #04/06-192 და გაცნობეთ, რომ 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოქალაქე ზაზა წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირ მოსმენაზე სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 110 კვ (220 კვ-იან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი“-ს დამტკიცებული მარშრუტი შეიცვალა. როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 165 ივლისის #5551 წერილით გვეცნობა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ არ შეუთანხმებია სამინისტროსთან მარშრუტის ცვლილება.  აღნიშნულის საფუძველზე, 20 ივლისს ჩვენ  მოვითხოვეთ:

1. შესაძლო კანონდარღვევის ფაქტის გამოძიება – ანუ, კანონით დადგენილი პროცედურის გვერდის ავლით მარშრუტის ცვლილების ფაქტის გამოძიება და სამინისტროს მიერ მიღებული ზომების თაობაზე (წარმოების სრული მასალები) ინფორმაციის მოწოდება.

2. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმომადგენლის განცხადება მოისმინეს სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა თამარ შარაშიძემ და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოვალეობის შემსრულებელმა ნინო სამადაშვილმა, ჩვენ ვითხოვეთ დაგედგინათ, რამდენად ჯეროვნად შეასრულეს აღნიშნულმა პირებმა თავიანთი მოვალეობა და შეატყობინეს თუ არა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

27 სექტემბერს მივიღეთ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი 20 ივლისის წერილის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსოსტემას არ მიუმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის მარშრუტის ცვლილების მოთხოვნით „და აქედან გამომდინარე, აღნიშნულ დამტკიცებულ პროექტში, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილება პროექტში არ განხორციელებულა“. საგულისხმოა, რომ ამის „დადგენას“ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 2 თვე მოანდომა.

ბატონო გიგლა, ვიმედოვნებთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის წერილი მხოლოდ შეტყობინება იყო საქმის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და არ იყო ჩვენს მოთხოვნაზე საბოლოო პასუხი. აქვე გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოძიება დაიწყება კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით მარშრუტის ცვლილებაზე და არ შემოიფარგლება კანონით დადგენილი პროცედურის გავლის შესახებ ინფორმაციის (ზედმეტად ხანგრძლივი) მოძიებით.

ასევე მოგახსენებთ, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის წერილში არაფერი იყო აღნიშნული სამინისტროს თანამშრომლების – თამარ შარაშიძისა და ნინო სამადაშვილის მიერ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმირების თაობაზე – რაც უცნაურია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაში ზუსტად ეს საკითხი შედის და არა საქმიანობის განმახორცილებელის მიერ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიება.

ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძველზე, კიდევ ერთხელ გთხოვთ: გამოიკვლიოთ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ცვლილების ფაქტი; სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოვალეობის ჯეროვნად შესრულების საკითხი; და მოგვაწოდოთ ჩატარებული მოკვლევის ამსახველი სრული დოკუმენტაციის ასლი.

ინფორმაციის მოძიებისათვის კვლავ დროის ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, გიგზავნით 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოქალაქე ზაზა წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმს, რომელიც სამინისტროშიც უნდა ინახებოდეს და რომელშიც ასახულია სახელმწიფო ელექტროსისტემას წარმომადგენლის განცხადება დამტკიცებული მარშრუტის ცვლილების შესახებ.

დანართი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ზეპირი მოსმენის ოქმის ასლი. 25-ე გვერდზე არის სახელმწიფო ელექტროსისტემას წარმომადგენლის განცხადება დამტკიცებული მარშრუტის ცვლილების შესახებ.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის. 

პატივისცემით,

ნინო გუჯარაიძე
აღმასრულებელი დირექტორი
მწვანე ალტერნატივა