baneri_GA

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი სრულიად  დახურული და გაუმჭვირვალეა, რაც  კოგნიტური ინტერესების გატარების დიდ შესაძლებლობას ქმნის. ეს კი, საბოლოო ჯამში, დიდი საფრთხის წინაშე აყენებს როგორც საქართველოს ენერგო-განვითარებას, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობას.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ენერგეტიკის სექტორში და მაქსიმალურად დაახლოს ის ევროკავშირის რეგულაციებთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გზით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა, ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულიანი ენერგეტიკის სექტორის ჩამოყალიბება.

„გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებების დადების, ასევე, კომპეტენტური ორგანოების მიერ ლიცენზირებისა და ნებართვების მინიჭების პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის. ამ პროცესების დუხურულობა კი წინაპირობაა იმის, რომ ეს თუ ის კომპანია შესაძლოა აღმოჩნდეს განსაკუთრებულ  პირობებში, ხოლო მავანმა მიიღოს პირადი სარგებელი.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგაც გრძელდება სხვადასხვა კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმების ეს სამწუხარო პრაქტიკა. ამასთან, თავად ენერგეტიკის სამინისტრო აღიარებს, რომ არსებული კონტრაქტების ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპის ენერგო-გაერთიანების პრინციპებს და ითხოვს ევროპული მხარისგან გამონაკლისების დაშვებას. ამ ფონზე, აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ მიმდინარე მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რომლის საგანი იცვლება იმის და მიხედვით, რომელი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე პასუხობს მედიას (ზოგ შემთხვევაში, საუბარია გაზის გატარებაზე, ზოგ შემთხვევაში – ბაზრის დივერსიფიკაციაზე), მეტად შემაშფოთებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ენერგეტიკის სამინისტროს:

- დააჩქაროს ევროპის ენერგო-გაერთიანებაში გაწევრიანება  და ყველა ახალი მემორანდუმი თუ ხელშეკრულება გაფორმდეს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმებით;

- უზრუნველყოს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.