ხადა არ იყიდება 3

"მწვანე ალტერნატივა" მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და სახალხო დამცველს, არ დაუშვან ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება და მათი კონსტიტუციური უფლების შელახვა, რომლის საშიშროებაც საავტომობილო გზების მოთხოვნის შემდეგ დადგა. 

გასულ კვირას, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის საპროექტო ტერიტორიის არეალში მოქცეულ მოსახლეობას წერილით მიმართა. დოკუმენტი იტყობინებოდა, რომ მოსახლეობას 5 დღის ვადაში უნდა განეცხადებინა პასუხი მთავრობის მიერ შეთავაზებულ მიწების საკომპენსაციო პაკეტთან დაკავშირებით. ადგილობრივების თქმით, დეპარტამენტის წარმომადგენელმა მათ ასევე უთხრა, რომ შეთავაზების უარყოფის  შემთხვევაში, მთავრობა მოსახლეობას საპროექტო მიწებს იძულებით ჩამოართმევს. იმისათვის, რომ საკუთარი თანხმობა ხელშეკრულებით, ოფიციალურად დაადასტურონ, მაცხოვრებლებს იუსტიციის სახლში მისვლა ევალებათ.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქმედება წარმოადგენს ზეწოლას მოსახლეობაზე მიწის შესყიდვის პროცესში და, ამავდროულად, ის ქმნის  მოსახლეობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დარღვევისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის საშიშ პრეცენდენტს“,  – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ წერილში.

გაეცანით წერილს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ გიორგი გახარიას

ასლი : 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს,
ქალბატონ მაია ცქიტიშვილს

საქართველოს სახალხო დამცველს,
ქალბატონ ნინო ლომჯარიას

აზიის განვითარების ბანკს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

ბატონო პრემიერო,

მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ სახელმწიფო სტრუქტურების, კერძოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 23 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების  დაცვა და  არ დაუშვათ ხადის ხეობის მაცხოვრებელთა კონსტიტუციური უფლებების შელახვა.

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას გულისხმობს, მათ შორის, მოსახლეობის მიმოსვლის, საჯარო სერვისების მიწოდებისა და საჯარო სივრცეებში მოქალაქეების ვიზიტის მაქსიმალურ შეზღუდვას[1], 2020 წლის 20 მარტს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის საპროექტო ტერიტორიის არეალში მოქცეულ მოსახლეობას გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა 5 დღის ვადაში უნდა დასთანხმებულიყო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული მიწების საკომპენსაციო პაკეტს და ამის შესახებ წერილობით ეცნობებინათ დეპარტამენტისთვის.

მოსახლეობასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო კომუნიკაციით გაირკვა, რომ მოსახლეობას შეუძლია დეპარტამენტის წარმომადგენელს თანხმობა ტელეფონით დაუდასტუროს, თუმცა, ამის შემდეგ, მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადნენ   ქ. თბილისის ან ქ. დუშეთის იუსტიციის სახლებში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ადგილობრივების თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მათ აცნობა, რომ ამ შეთავაზების უარყოფის  შემთხვევაში, დაიწყება ექსპროპრიაციის პროცესი და მოსახლეობას პროექტისთვის მონიშნულ მიწებს იძულებით ჩამოართმევენ.

აღსანიშნავია, რომ თითქმის წელიწადზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათ მფლობელობაში არსებული, მათ შორის, ტრადიციულ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონება. ასევე, მოსახლეობა ითხოვს, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფომ მათ შესთავაზოს სრულფასოვანი და ადეკვატური კომპენსაცია და უზრუნველყოს მათი საცხოვრებელი პირობების აღდგენა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (ADB,EBRD) უსაფრთხოების პოლიტიკების შესაბამისად.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქმედება წარმოადგენს ზეწოლას მოსახლეობაზე მიწის შესყიდვის პროცესში და, ამავდროულად, ის ქმნის  მოსახლეობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დარღვევისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის საშიშ პრეცენდენტს. 

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,

  • მოსთხოვოთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, არ შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას და სრულად დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, რათა თავიდან ავიცილოთ Covid-19 ის გავრცელება;
     
  • უზრუნველყოთ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვა, მიწების შესყიდვის პროცესის წარმართვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად. 
     

[1] „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილება.