parlamentis shenoba

მწვანე ალტერნატივამ საქართველოს პარლამენტს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. 2017 წლის 22 თებერვლის განცხადებით, მწვანე ალტერნატივამ თხოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განხორციელდეს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, რომელთა შედეგად დაწესდება სოციალური შეღავათები/კომპენსაციები სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გარემოს დაცვის სფეროს მუშაკების (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები – დაცულის ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები) ოჯახებისათვის.

მწვანე ალტერნატივა აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ისეთივე პატრიოტიზმია, როგორიც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით. ეს საკითხები ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ არაერთ დოკუმენტში, მაგალითად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ეროვნულ სატყეო კონცეფციაში და სხვ. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის; ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორების და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა.  

მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 22.02.2017.