baneri_GA

2008 წლის მაისიდან მწვანე ალტერნატივა ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია შპს Multiplex Energy Limited-ის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელსაც 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადაეცა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები. 

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განმარტებით, შპს Multiplex Energy Limited-თან გაფორმებული ხელშეკრულება, ანუ დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია იმ კომპანიის უფლებები და ვალდებულებები, რომელიც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, წარმოადგენს კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას.

საჯარო უწყებებთან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგო მიმოწერისა და სასამართლო დავის პროცესში, ა.წ. ივნისში მწვანე ალტერნატივამ აღმოაჩინა, რომ შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების „საგანგებოდ გასაიდუმლოებული“ ტექსტი, ერთ-ერთი მოქალაქის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ თავის ვებ-გვერდზე განათავსა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელშეკრულება არასრულადაა წარმოდგენილი. ხელშეკრულების დანართები და ხელშეკრულებაში 2009 წლის დეკემბერში შესული ცვლილების შესახებ შეთანხმება კვლავ გასაიდუმლოებულია. ამდენად, მწვანე ალტერნატივამ გააგრძელა სასამართლო დავა ხელშეკრულების დანართებისა და ცვლილების შესახებ შეთანხმების განსაიდუმლეობის მოთხოვნით. დღეს, 2010 წლის 9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

„უნებურად“ განსაიდუმლოებული ხელშეკრულების ტექსტი რამოდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა:

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ხელშეკრულების ტექსტის განთავსებამდე, საზოგადოებისათვის ცნობილი იყო, რომ „თბილისის წყლის“, „საქწყალკანალის“, „მცხეთაწყალკანალის“ და „რუსთავწყალკანალის“ 100% წილების გასხვისება „ქ. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის №245 განკარგულებით დადგენილი პირობებით მოხდა.

პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულების თანახმად, Multiplex Energy Limited-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით უნდა გადასცემოდა:

შპს „რუსთავწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი 10 მილიონ აშშ დოლარად;
შპს „საქწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი და შპს „მცხეთაწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი 662 ათას აშშ დოლარად. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მყიდველს დაევალა ბანკის მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენა. ინვესტიციების ოდენობა 100 მილიონი აშშ დოლარი1 უნდა ყოფილიყო.
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შპს „თბილისის წყლის“ 100% წილი მყიდველს 85 მილიონ აშშ დოლარად გადაეცა. საბანკო გარანტიის მოცულობა უნდა ყოფილიყო 10 მილიონი აშშ დოლარი; შესაბამისად, ინვესტიციების მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარი.

საწარმოების წილების შესასყიდად მყიდველს ჯამში უნდა წარმოედგინა 15 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია.

ყურადსაღებია, რომ ხელშეკრულების ტექსტის თანახმად, „თბილისის წყლის“, „საქწყალკანალის“, „მცხეთაწყალკანალის“ და „რუსთავწყალკანალის“ 100% წილების გასხვისება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის №245 და ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს გამოცემული, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისის №323 განკარგულებებით დადგენილი პირობებით მოხდა2. თუმცა, როგორც ხელშეკრულების ტექსტიდან ჩანს, საზოგადოებისთვის ცნობილი გასხვისების პირობები, ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ხელშეკრულებით Multiplex Energy Limited-ს გადაეცა:

შპს „რუსთავწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი – 8 996 857 აშშ დოლარად;
შპს „საქწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი და შპს „მცხეთაწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი – 585 480 აშშ დოლარად.
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შპს „თბილისის წყლის“ 100% წილი – 70 428 871 აშშ დოლარად.

ამასთან, ხელშეკრულებითვე, ინვესტიციების ჯამური ოდენობა განისაზღვრა 220 მილიონით. საბანკო გარანტიების ოდენობა ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, მაგრამ ინვესტიციის ოდენობა ამის გამოთვლის საშუალებასაც იძლება – საბანკო გარანტია 11 მილიონი აშშ დოლარია.

ამგვარად, პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის №245 განკარგულებითა და ინვესტორთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შედარება შემდეგი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა: 

საწარმოების 100% წილების ფასი ჯამურად შემცირდა 15 650 792 აშშ დოლარით,
განსახორციელებელი ინვესტიციის ჯამური ოდენობა – 80 000 000 აშშ დოლარით, ხოლო 
საბანკო გარანტიის ოდენობა – 4 000 000 აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბერს №1025 განკარგულების საფუძველზე, “შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალის”, შპს “თბილისის წყალის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლის შინაარსი, შეთანხმებაზე ხელმოწერისას, საქართველოს მთავრობის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებისათვის არ არის ხელმისაწვდომი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების გასაიდუმლოების მიზეზი მყიდველისთვის მორიგი შეღავათების მინიჭებაა.


1 კანონის თანახმად, საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს
2 აღსანიშნავია, რომ მწვანე ალტერნატივამ ა.წ. 10 ივნისს მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული განკარგულების ასლის მოწოდების მოთხოვნით, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით, ორგანიზაციის მოთხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილებულა. ხელშეკრულების ტექსტით ირკვევა, რომ ეს განკარგულება პრივატიზებული საწარმოების საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის საკითხებს ეხება.

შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის 2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულების ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=47903&app_id=56795

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე დოკუმენტი განთავსებულია DjVu – ფორმატში. პროგრამის საინსტალაციო ფაილი უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://djvu.org/resources/