khada

ხადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. 

“უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, – ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან.

საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი – ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. 

პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას. 

ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი: “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”.

ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: “ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. 

პეტიციის სრული ტექსტის და მოთხოვნების გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ.