nenskrageo

საზოგადოების ნაწილისთვის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის შესახებ პროექტის წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის ხელშეკრულება გახდა ხელმისაწვდომი. აქამდე გასაიდუმლოებული კონტრაქტის სხვადასხვა მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ინფორმაციას და განცხადებებს, რასაც ნენსკრას მენეჯმენტი და სახელმწიფო ჰესის შესახებ საჯაროდ ავრცელებენ.  

ხელშეკრულებიდან ვლინდება, თუ როგორ წარმოშობს ნენსკრას პროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზულ რისკებს.

დოკუმენტი 8 ივნისს, რუსთავი 2-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასაჯაროვდა. „მწვანე ალტერნატივამ“ ხელშეკრულება გააანალიზა და განსაკუთრებით საყურადღებო რისკები გამოყო.

ნენსკრა ჰესის და მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ჰიდროელექტროსადგური ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გაამყარებს და შეავსებს ელექტროენერგიის იმ დეფიციტს, რომელიც საქართველოს ზამთარში უჩნდება. კონტრაქტიდან ირკვევა, რომ რეალურად, ნენსკრა საქართველოს ზამთის დეფიციტის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს (43%-ს) შეავსებს. ელექტროენერგიის საერთო რაოდენობიდან, რომელსაც ის წლის განმაცლობაში გამოიმუშავებს, ნენსკრა ჰესი საქართველოს ზამთრის დეფიციტის შესავსებად მხოლოდ 21%-ს გაიღებს.

ნენსკრა ჰესის პროექტის დასაბუთებაში[1] აღნიშნულია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მისია სახელმწიფოსთვის დენის არსებულ ფასებზე იაფად მიწოდებაა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ ნენსკრა ჰესი ამ მიმართულებითაც შეუწყობდა ხელს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. გასაიდუმლოებული კონტრაქტით კი საწინააღმდეგო ირკვევა: ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სინამდვილეში საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ფასებზე ორჯერ ძვირი იქნება (არსებული ფასი: 4,9 აშშ ცენტი. ნენსკრას ფასი: 13 წლის განმავლობაში საშუალოდ 10.6 აშშ ცენტი, მას შემდეგ -12.7 აშშ ცენტი).

გამოაშკარავებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ასევე ვალდებულებას იღებს, ნენსკრასგან 36 წლის განმავლობაში ყოველთვის შეისყიდოს ელექტროენერგია მაღალ ფასად – საშუალოდ 10.6 ცენტად (29.6 თეთრი), რომლის ნაწილსაც ის ექსპორტზე გაიტანს. ნენსკრასგან შესასყიდი ფასი კი დღევანდელ საექსპორტო ღირებულებას ბევრად აღემატება (3.2 აშშ ცენტი, ანუ 9 თეთრი). ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მოცემულ სცენარს თუ მიჰყვა, სახელმწიფო ნენსკრას პროექტით წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარს (167 მილიონი ლარი) იზარალებს.

ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ნენსკრა ჰესის ჰიდროლოგიურ რისკებსაც აზღვევს: თუ სხვადასხვა ჰიდროლოგიური მიზეზით, მაგალითად, არასაკმარისი წყლის გამო, ჰესმა საჭირო რაოდენობის ენერგია ვერ გამოიმუშავა, „ნენსკრა ჰიდროსთივს“ ამ ზიანის ანაზღაურებას თავის თავზე სახელმწიფო იღებს.

კონტრაქტით, სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, 1$-ად ნენსკრა ჰესს გადასცეს ტერიტორიები, რომელთა დიდი ნაწილი ჭუბერისა და ნაკრას თემების საგვარეულო ტყეებსა და სათემო საკუთრებას მოიცავს. მათი 700 ჰა-ზე მეტი უკვე ნენსკრასთვის გადაცემულია.

„სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გასაგებია, თუ რატომ იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული. ამ კაბალური პირობებით პროექტის განხორციელების შემთხვევაში  სახელმწიფოს მიადგება ასობით მილიონი ლარის ზარალი ყოველწლიურად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ელექტროენერგო უსაფრთხოება და გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას. საბოლოოდ კი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორმა დავით ჭიპაშვილმა.

ხელშეკრულება 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს დაიდო. კონტრაქტს ხელს აწერენ: საქართველოს მთავრობა, სს „საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდი“ და სს „ნენსკრა ჰიდრო“.

ნენსკრა ჰესის აგება ზემო-სვანეთში იგეგმება და ის საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე მასშტაბურია. განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემას, საცხოვრებელ და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის მკვიდრ მოსახლეობას. „მწვანე ალტერნატივა“ წლებია აპროტესტებს აღნიშნული პროექტის  გარემოზე ზემოქმედებას. ჰესის მშენებლობის შესახებ ნებართვა სახელმწიფომ 2015 წელს მისი ბუნებრივი და სოციალური გარემოს სათანადოდ შესწავლის (გზშ) გარეშე გასცა. 2019 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნენსკრა ჰესის დაგეგმარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, მთავრობამ კანონი დაარღვია და პროექტს განახლებული გზშ საერთოდ არ მოსთხოვა.

ნენსკრა ჰესის აგებას ეწინააღმდეგება სვანეთის მკვიდრი მოსახლეობაც. მათ სხვადასხვა დროს არაერთი საპროტესტო  აქცია გამართეს როგორც სვანეთში, ისე თბილისში.

ჰესის წინააღმდეგ, სხვადასხვა თემაზე, „მწვანე ალერნატივის“, სხვა ორგანიზაციების და  სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არაერთი სარჩელია შეტანილი პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებში (EBRD, EIB, ADB)  და თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კონტაქტი:

558 277 283, დავით ჭიპაშვილი,
dchipashvili@greenalt.org„
“მწვანე ალტერნატივა“               

 

[1] Non Technical Summary; Chapter 2.1 “Need for the Project”: „The negotiated tariff between the Government and the Project is lower than the price Georgia pays to import power in winter months from neighbours, including Russia.“ https://www.ebrd.com/work-with-us/projects/esia/nenskra-hpp-portage.html