P1120430

როგორი შეიძლება იყოს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის მთავრობამ არამატერიალურად მიიჩნია? ანუ, ადგილი, სადაც წყალი გროვდება და დენს გამოიმუშავებს  — არამატერიალურ, ხელშეუხებელ აქტივად შერაცხა? ისეთად, როგორიცაა საავტორო უფლება, პატენტი, ლიცენზია და სხვები.

ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, რთული ასახსნელი ჩანს. თუმცა, ის, სავარაუდოდ, იციან საქართველოს ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახა კალაძემ და ახლანდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

სწორედ ისინი აწერენ ხელს 136-გვერდიან ხელშეკრულებას ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით, რომელშიც, ჰესის არამატერიალურობასთან ერთად, სახელმწიფოს სახელით, კიდევ ბევრ უცნაურ პირობას თანხმდებიან. მაგალითად: მდინარეში წყლის რაოდენობის დაზღვევას. ან სვანების  ტრადიციული საკუთრებაში მყოფი მიწების ჰესის მმართველი კომპანიისთვის 1 აშშ დოლარად გადაცემას, და ა.შ.  

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წინააღმდეგობებით სავსე ინფრასტრუქტურული პროექტის – ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ირგვლივ ხმაური კიდევ ერთხელ ატყდა: ანონიმურმა წყარომ მის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ჰესის მენეჯმენტს შორის 2015 წელს ხელმოწერილი კონფიდენციალური ხელშეკრულება გაასაჯაროვა.   

სწორედ ამ დოკუმენტიდან ირკვევა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და სხვა უწყებების საიდუმლო შეთანხმების შესახებ „ნენსკრა ჰიდროსთან“ (ჰესის მმართველი კომპანია),  რომელთა შესახებაც, ანონიმურად გამოაშკარავებამდე, საზოგადოებამ არაფერი იცოდა. მათ შორისაა, მაგალითად, სახელმწიფოს შეთანხმება ნენსკრასგან 36 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის განსაკუთრებით მაღალ ფასად ყიდვის შესახებ, რის შედეგადაც სახელმწიფო წელიწადში 60 მლნ აშშ დოლარს იზარალებს… 

თუმცა, ამ ბლოგში ყურადღებას კონტრაქტის მხოლოდ 2 სარისკო პუნქტზე გავამახვილებთ და შევეცდებით, გავარკვიოთ: რატომ შეიძლება გახდეს სადგური „არამატერიალური“ საქართველოში და როგორ შეიძლება კერძო ინვესტორს, რომელიც ჩვენი მდინარით ბიზნესს აკეთებს, ამ მდინარეში წყლის შემცირების გამო ფული მივცეთ.

„არამატერიალური ჰესიდან“ გადასახადებისთვის თავის არიდებამდე

გაჟონილ ხელშეკრულებაში „ნენსკრას ჰიდროელექტრო პროექტის დანერგვის შესახებ“, 103-ე გვერდზე, მე-4 დანართის მე-4 პარაგრაფში ვკითხულობთ: „…საგადასახადო მოსაზრებებიდან გამომდინარე" ჰესი აღიარებულია, როგორც "არამატერიალური აქტივი პროექტის მთელი არსებობის განმავლობაში“. იქვე დაზუსტებულია, თუ რა შედის არამატერიალურ აქტივში: „საკუთრება, სადგური, აღჭურვილობა და უფლებები“.

საინტერესოა ამავე დანართის შემდეგი პუნქტებიც, რომელიც, ალბათ ამ ბლოგის დასაწყისში დასმულ შეკითხვას პირდაპირ პასუხობს.  

„პროექტის არც ერთი ტრანზაქცია, რომლებიც ამ დანართის მეორე პარაგრაფშია აღნიშნული, არ უნდა გახდეს გადასახადების გადახდის საგანი“, – წერია დოკუმენტის ამავე ნაწილში და მას გადასახადების ის ვრცელი სია მოჰყვება, რომელსაც ჰესი აღარ გადაიხდის – რადგან ის არამატერიალურად აღიარეს.  

„საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მატერიალურ აქტივებთან შედარებით განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი ვრცელდება არამატერიალურ აქტივებზე“, –  ამბობს დათო ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, რომლემაც 136-გვერდიანი კონტრაქტი დეტალურად შეისწავლა, – გასაგებია, რომ ეს ნაბიჯი გადასახადების თავის არიდების მიზნით გადაიდგა“. 

დათო ჭიპაშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა მშენებარე ჰესის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებს კარგად იცნობს, აღნიშნავს, რომ ნენსკრასთან ხელმოწერილი განსაკუთრებული, „სასათბურე პირობები“ სხვა ჰესების კონტრაქტებში არ შეხვედრია.

როგორც ჩანს, ეს გამორჩეული მიდგომა თვალში მოხვდა ზოგიერთ სახელმწიფო უწყებასაც. 2016 წელს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს წერილი მისწერა, სადაც მას სადგურის „არამატერიალურ აქტივად“ მოხსენიების  შეცვლას და მის მატერიალურად გადაკეთებას სთხოვდა. კონტრაქტში ჩანს, რომ სამსახურმა შედეგსაც მიაღწია. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის შემდეგ, ჰესი მატერიალურ აქტივად დააფიქსირეს. თუმცა, როგორც ამ დოკუმენტში მიღწეული შეთანხმებების უმრავლესობა, ეს პუნქტიც სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდა.  

„გამატერიალურების“ სანაცვლოდ კომპანიამ განსაკუთრებული პირობა მოითხოვა, რომლის შესრულების შედეგად, ის ირიბად კვლავ თავიდან იცილებს გადასახადებს. აი როგორ:

„ნენსკრა ჰიდრომ“ მოითხოვა, რომ ეს ცვლილება სახელმწიფოს „საგადასახადო რეჟიმში შეტანილ ცვლილებად“ ეღიარებინა.  როგორც ბევრი სხვა, მას ეს სურვილიც აუსრულეს.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კონკრეტული ნაბიჯის მოტივი? მის შედეგად კონტრაქტის მე-100 გვერდის 4.3-ე პარაგრაფში ჩაიწერა: ჰესის დაფიქსირება, როგორც მატერიალური აქტივის, სახელმწიფოს საგადასახადო რეჟიმის ცვლილებაა, შესაბამისად, კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი და იმ ზედმეტ თანხას, რასაც ის ამ ცვლილების შედეგად გადაიხდის, სახელმწიფოსგან უკან მიიღებს. 

„პირველ რიგში გაუგებარია, რატომ დათანხმდა სახელმწიფო ნენსკრას შემთხვევაში მსგავს დაშვებაზე, როცა თუნდაც სხვა ჰესების შემთხვევაში  მსგავსი მიდგომა არ გამოუყენებია. ეს უკვე არის მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა. არ არის წარმოდგენილი  პროექტის საჭიროების  დასაბუთება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ჩანაწერს გაამართლებდა“, – ამბობს დავით ჭიპაშვილი.  მისივე თქმით,  „ასევე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია შემდგომში ამ ტერმინის ცვლილების ე წ  „საგადასახადო რეჟიმში ცვლილების“ სახით  დაფიქსირება, რადგან სინამდვილეში შემოსავლების სამსახურმა მიუთითა პროექტის არამართებულ კვალიფიკაციაზე და არ გამოუყენებია კომპანიასთან მიმართებაში განსხვავებული საგადასახადო მიდგომა, რის გამოც შეიძლებოდა ის „საგადასახადო რეჟიმში ცვლილებად“ ეღიარებინათ“.

მას შემდეგ რაც „მწვანე ალტერნატივამ“ ხელშეკრულება და, მათ შორის, ზემოთ მოცემული ნაწილიც გააანალიზა, მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გადასახადები გადაიხადა „ნენსკრა ჰიდრომ“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა გამოცემა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ „ნენსკრა ჰიდროს“ მიწისა და ქონების გადასახადების სახით ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი”, და აღწერა ის პროექტები, რასაც სვანეთის ადგილობრივ ბიუჯეტში შესული თანხა მოხმარდება.

თუმცა, სტატიაში არაფერი თქმულა ნენსკრასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების იმ ნაწილის განხორციელებაზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა „ნენსკრა ჰიდროს“ გადახდილი გადასახადების ნაწილს, ზემოთ აღწერილი სქემის თანახმად, აუნაზღაურებს.

წყლის დაზღვევა კერძო ინვესტორისთვის

ამ ქვეთავში გავარკვევთ, თუ რა შემთხვევაში უხდის მთავრობა საკუთარი წყლისთვის ფულს კერძო ინვესტორს.

სხვაგვარად, ამ სქემას ჰიდროლოგიური რისკების დაზღვევა ეწოდება. ჰიდროლოგიური რისკები კი ინვესტორის ბიზნეს რისკებს წარმოადგენს. კონტრაქტიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა ნენსკრას ჰიდროლოგიურ რისკებს სრულად უზღვევს, მათ შორის, ისეთ შემთხვევებსაც, თუ წყლის ნაკლებობის გამო ჰესმა რომელიმე წელს ნაკლები ენერგია გამოიმუშავა.

კონტრაქტის 44-ე გვერდზე, 13.1 ქვეთავში წერია, რომ თუ ჰესის მიერ გამომუშავებული დენი 284.2 მილიონი კვტ.სთ ან ნაკლები აღმოჩნდა, მომდევნო წელს, სახელმწიფო ჰესისგან ელექტროენერგიას უფრო ძვირად შეისყიდის. შესასყიდ ფასს კი იმის გამო გააძვირებს, რომ  ჰესს დაკლებული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაუროს.

ეს პირობა „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემაც დაუდასტურა ონლაინ-გამოცემა „ნეტგაზეთს“, ოღონდ, მას ცალმხრივი უწოდა.  მისი თქმით, ამის საპასუხოდ, „ნენსკრა ჰიდროც“ იღებს ვალდებულებას: თუკი ჰესმა „ჭარბი წყალი გამოიმუშავა, სიმბოლურ ფასად — ტარიფის 10%-ად — მიაწოდოს სახელმწიფოს“.

კონტრაქტს თუ ჩავხედავთ,  ირკვევა, რომ ნენსკრას მხრიდან ე. წ. საპასუხო ვალდებულებები  ზემოთ აღწერილ დაზღვევას არც თუ ისე აბალანსებს.

1. თვითნ კოპაძე განმარტავს, რომ შეთანხმების მიხედვით, ნენსკრა სახელმწიფოს მხოლოდ 3 წელი ზედიზედ ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში დაუკლებს ფასს  და არა პირდაპირ, შემდგომ წელს, როგორც ეს სახელმწიფოს მოეთხოვება.

2. მნიშვნელოვანია, თუ რა იგულისხმება ჰესის მიერ ენერგიის „ჭარბ გამომუშავებაშიც“. კონტრაქტში წერია, რომ ეს რაოდენობა 1.216 მილიონ კვტ.სთს უნდა აღემატებოდეს. ეს რაოდენობა კი წინასწარი გათვლებით ჰესის მიერ გამომუშავებულ მაქსიმალურ რაოდენობას აღნიშნავს. შესაბამისად, რამდენად რეალისტურია, ნენსკრა ჰესმა ამ ნიშნულს არათუ მიაღწიოს, გადააჭარბოს კიდეც, თან, ზედიზედ, 3-ჯერ?

3. ვთქვათ, ზემოთ ჩამოთვლილი პირობები შესრულდა და მართლაც დადგა დრო, რომ ნენსკრა ჰესმა სახელმწიფოს დენი შეთანხმებული ფასის (რომელიც, ამავე ხელშეკრულებით, ძალიან მაღალია) 10%-ად მიჰყიდოს. ამ შემთხვევაშიც გამოდის რომ  ჰიდროელექტროსადგური მოჭარბებულ რაოდენობას იცილებს და მასაც  ჰყიდის – სახელმწიფოს მიჰყიდის… როგორ უნდა შეფასდეს ეს კომპანიის მხრიდან  დათმობად?

კიდევ ერთი საკითხი „ჭარბ გამომუშავებაზე“ და ეს მნიშვნელოვანია: ჭარბი გამომუშავება, სავარაუდოდ, ნენსკრას სწორედ მაშინ ექნება, როცა საქართველოს დანარჩენი ჰესებიც ჭარბ ელექტროენერგიის გამოიმუშავებენ. ეს კი ჩვენთან არც თუ ისე იშვიათად –  9 თვის განმავლობაში (ზამთრის გარდა დანარჩენ სეზონებზე) ხდება.  ამ მოცემულობაში, როცა ქვეყანას ისედაც აქვს ჭარბად გამომუშავებული საკუთარი იაფი ელექტროენერგია და არც ექსპორტის მიმართულება აქვს მოგვარებული, რატომ უნდა დახარჯოს ფული დამატებითი, თუნდაც ფასდაკლებული დენის ყიდვაში?  

ნენსკრა ჰესის პროექტთან დაკავშირებით კიდევ არაერთი შეუსაბამობა ჩნდება და მათ შესახებ ჩვენ კითხვებს კვლავ დავსვამთ.