baneri_GA

ა.წ 29 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადებები მანამდე თითქოსდა პროექტში ცვლილებების მიზეზით გადადებული 5 პროექტის საჯარო განხილვის შესახებ. ეს პროექტებია:

1. ხელედულა 3 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებები;
2. დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის “ჟინვალი–  ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის” მონაკვეთის პროექტი
3. საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის 10.6კმ – 20.6კმ-ის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი;
4.საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის 20.6კმ – 29.5კმ-ის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი;
5. საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის 29.5კმ – 40.9კმ-ის კმ-ის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი.

1. “ხელედულა 3 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების” საჯარო განხილვის ხელახლა დანიშვნის შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ხელედულა ენერჯიმ“ წერილით მიმართა სამინისტროს საჯარო განხილვის დანიშვნასთან დაკავშირებით რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას აქვს ვალდებულებები, როგორც სახელმწიფოსთან, ასევე ინვესტორებთან, მათ შორის EBRD-ისთან, შესაბამისად, ითხოვა საჯარო განხილვის უმოკლეს ვადაში დანიშვნა.

სამინისტრომ დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა და პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა დანიშნა  მიმდინარე წლის 6 დეკემბერს – განცხადების გამოქვეყნებიდან მე-5 სამუშაო დღეს. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, 29 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე საჯარო განხილვა შესაძლოა ჩატარდეს არაუადრეს  27 დეკემბრისა.

2. დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის “ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის” მონაკვეთის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის ხელახლა დანიშვნის შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა სამინისტროს „ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის” პროექტის საჯარო განხილვის  გადადების შესახებ. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ტექნიკურ პროექტში შესაძლოა განხორციელებულიყო ცვლილებები. აღნიშნულის საფუძველზე, 14 ნოემბერს, დაგეგმილი  დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, “ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გადაიდო“.

სინამდვილეში, ამავე განცხადებაზე თანდართული წერილით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამინისტროს აცნობა, რომ „მიმდინარეობს ტექნიკურ პროექტში ცვლილებების შეტანა“. საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა არის პროცესის შეწყვეტის და არა გადადების მიზეზი. ამდენად, სამინისტროს 8 ნოემბრის განცხადების საფუძველზე უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება. 

ნაცვლად ამისა, სამინისტრომ კანონის ერთ დარღვევას მეორე დაუმატა და 29 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება საჯარო განხილვის განახლების თაობაზე, იმ მიზეზით რომ „პროექტში ცვლილება აღარ განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციაც, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდა დოკუმენტაციის განთავსების დღიდან“. საჯარო განხილვა დაინიშნა განცხადების გამოქვეყნებიდან მე-7 სამუშაო დღეს.

3.-5. ზემო იმერეთსა და რაჭის მუნიციპალიტეტებში, საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის 10.6კმ – 20.6კმ, ,20.6კმ – 29.5კმ და 29.5კმ-40.9კმ მონაკვეთების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტების საჯარო განხილვების თარიღი 29 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ შემთხვევაში პროცესის გადადების მიზეზი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვა. განცხადების თანახმად, „მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ შესაძლოა ტექნიკური პროექტში განხორციელებულიყო ცვლილება რომლის დაზუსტებამდე საქმიანობის განმახორციელებელმა ითხოვა საჯარო განხილვის გადადება“.

აქაც, სინამდვილეში, ამავე განცხადებაზე თანდართული წერილით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამინისტროს აცნობა, რომ „მიმდინარეობს ტექნიკურ პროექტში ცვლილებების შეტანა“. ეს შეტყობინება უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ პროექტებში ცვლილებები არ შესულა, სამინისტრო დამატებით აძლევს ვადას დაინტერესებულ საზოგადოებას გაეცნოს აღნიშნულ პროექტებს და წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები’. თუმცა კომენტირებისათვის ვადა განისაზღვრა 18 დეკემბრამდე, ნაცვლად 20 დეკემბრისა (15 სამუშაო დღე).  

ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის განსხვავებულ ვადებს ადგენს (1.) საჯარო განხილვის თარიღის დანიშვნისათვის და (2.) საჯარო განხილვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისათვის. მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, საჯარო განხილვა უნდა დაინიშნოს განსახილველი ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა; ანუ საზოგადოებისათვის დოკუმენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი არანაკლებ 25 დღისა საჯარო განხილვამდე. კოდექსის იგივე მუხლის თანახმად,  საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა. ეს ის ვადაა, რომელიც კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო განხილვის ჩატარების ფაქტის შესახებ ყველა შესაძლო დაინტერესებული პირის ინფორმირებისათვის. ამ ვადის შეცვლის შესაძლებლობას არ იძლევა კოდექსი და მითუმეტეს, განსახილველი დოკუმენტების დიდი ხნის განმავლობაში ხელმისაწვდომობა ვერანაირად ვერ განიხილება ამ ვადის შემცირების საფუძვლად. განსახილველი დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის უფრო სწრაფ გავრცელებას.

ყოველივე ზემოაღწერილის საფუძველზე ნათელია, რომ ხუთივე შეთხვევაში პროცესები ხელახლა უნდა დაიწყოს. ვიმედოვნებთ, რომ სამინისტრო დროულად მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს და არ დადგება საკითხის სამართლებრივი დავის საშუალებით განხილვის აუცილებლობა.