baneri_GA

დღეს, 13 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ჩაატაროს მთავრობის მორიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილება. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის თანახმად, სხვა სტრუქტრულ ცვლილებებთან ერთად:

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი“; და

- „გარემოს დაცვის სამინისტროს“ შეურთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

იმდენად, რამდენადაც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ არ უძღოდა და არც შემდეგ მოჰყოლია რაიმე დასაბუთება, ასევე, ცვლილებების დეტალური აღწერა და განმარტება, ამ ეტაპზე, გაცხადებული ფუნქციური ცვლილებების ავკარგიანობაზე მსჯელობა ნაადრევად მიგვაჩნია. თუმცა, აქვე, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ორ საკითხზე:

1. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებზე „გუნდი აქტიურად მუშაობდა“ და ეს ინიციატივა მთავრობის მიერ აღებული კურსის გაგრძელებაა. ჩვენი აზრით, ეს მტკიცება არ ასახავს რეალობას; წარმოდგენილი ცვლილებები სპონტანურია და საზოგადოებისთვის დაფარულ სხვა მიზნებს ემსახურება. ამის მტკიცების შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ ზუსტად ერთი წლის წინ – 2016 წლის ნოემბერში – მიღებულ 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ არაფერია ნათქვამი მთავრობის სტრუქტურულ-ფუნქციური რეფორმის საჭიროებაზე.

2. საქართველოს მთავრობა ძალზე ამაყობს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) თანათავმჯდომარეობით და ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარეობით; ამავე დროს, თავადვე ღალატობს ამ საერთაშორისო ინიციატივების სულისკვეთებასა და პრინციპებს, იღებს რა მთავრობის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შესახებ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ყოველგვარი საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე. მთავრობა, ასევე, ეწინააღმდეგება მის მიერვე ზემოაღნიშნულ პროგრამაში დეკლარირებულ ვალდებულებას, რომ „გაძლიერდება საზოგადოების ჩართულობა მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს მთავრობა უმოკლეს ვადაში გამოაქვეყნებს რეფორმის საჭიროების დამასაბუთებელ და მისი შინაარსის მაჩვენებელ დოკუმენტაციას, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ დღეს გამოცხადებული სამთავრობო ინიციატივა ხელს არ შეუშლის საქართველოს მიერ დასახული მიზნების, მათ შორის, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის, პროგრესულ რეალიზებას. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა არ წარმართავს რეფორმის პროცესს ფორსირებულად და მისცემს დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებას, დღეიდან მაინც, ჩართვის შესაძლებლობას.