baneri_GA

ორი თვის წინ, 2017 წლის დასასრულს, საქართველოს მთავრობის უეცარი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით და საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი უწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა. ამ ინსტიტუციური რეფორმის ინიციატორები და მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ რეფორმა არათუ დაასუსტებდა, არამედ პირიქით, გააძლიერებდა ახალი უწყების გარემოსდაცვით მიმართულებას, სახელმწიფო უკეთ დაიცავდა გარემოს და ამასთან ერთად, ეჭვქვეშ არ დადგებოდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება. რეფორმიდან სულ რაღაც ორ თვეში, ნათელი გახდა, რომ გამართლდა ყველაზე ცუდი პროგნოზი – „გარემოს დაცვა“ მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასახელებაში დარჩა წამყვან პოზიციაზე.

2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. კოდექსი ადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების განხორციელებამდე, საქმიანობის ინიციატორის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ჩატარების, ასევე, ამ შეფასების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. კოდექსში გაწერილი ეს პროცედურები სრულიად განსხვავდება კოდექსის ამოქმედებამდე, მისი წინამორბედის – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით  – დადგენილი პროცედურებისგან. კოდექსით შემოტანილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლედ განიხილება ის, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ გამოხატონ აზრი და მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიღებით, საქართველომ, ერთი მხრივ, აღმოფხვრა კანონმდებლობის ის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომელთა გამოც ხელისუფლება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მუდმივი კრიტიკის ქვეშ იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ;   მეორე, მხრივ, საქართველომ დაუახლოვა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის რამოდენიმე დირექტივით დადგენილ მოთხოვნებს. 2018 წლის 1 იანვარს კი, დადგა ის დრო, როდესაც გარემოსდაცვით უწყებას საქმით უნდა დაემტკიცებინა, რომ ის მართლაც მზად იყო დაენერგა კოდექსით დადგენილი პროგრესული მიდგომები. როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, სამინისტრო მზად არაა ამისთვის და დღეს ამ მოუმზადებულობის პირველ შედეგებს ვიმკით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შერჩევითად იყენებს კოდექსის მოთხოვნებს დაგეგმილი პროექტებისა და მათი განმახორციელებლების მიმართ – ზოგს სთხოვს 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას, ზოგს კი – ახალამოქმედებული კოდექსის. მაგალითისთვის, სამინისტრო „ძველ“, ბევრად მარტივ, ხანმოკლე და საზოგადოებისთვის დახურულ პროცედურებს იყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ისეთი დაგეგმილი საქმიანობების მიმართ, როგორიცაა: 

- მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოები ჭიათურაში;
- ონის ჰესების კასკადი რაჭაში;
- ცემენტის ქარხნის მშენებლობა ფოთში;
- საყდრისის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის გაფართოვება ქვემო ქართლში;
- სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა (იხ. სხვა პროექტები).

2018 წლის 5 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა და მოითხოვა, შექმნილი ვითარების გამოკვლევა. მწვანე ალტერნატივამ მიმართვაში გამოთქვა ვარაუდი, რომ პრობლემური ვითარება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესით; მაგრამ, შესაძლოა, ასევე, ადგილი ჰქონოდა  სახელმწიფო მოხელეებსა და დაგეგმილი პროექტების განმახორციელებლებს შორის კორუფციულ გარიგებებს. მწვანე ალტერნატივა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი გადაუდებლად საჭიროებს გამოკვლევას და შესაბამისი ზომების მიღებას.

სამწუხაროდ, მინისტრისადმი მიმართვაზე ორგანიზაციას პასუხი დღემდე არ მიუღია; დაგეგმილი პროექტების განმახორციელებლები კი, სამინისტროს მითითებით, განაგრძობენ ძალადაკარგული პროცედურებით ხელმძღვანელობას.