2427

მწვანე ალტერნატივამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადეს წინადადებები საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამ კანონპროექტზე. ამ კანონპროექტებით, ცვლილება შედის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში, იქმნება არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, თუმცა მწვავე შეფასება მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოსდაცვითი ექსპერტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რის გამოც მისი განხილვა ამ დრომდე შეჩერებული იყო. საქმე ისაა, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის თანახმად, მთავრობას შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება (განკარგულება) დაცულ ლანდშაფტებში (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) V კატეგორია) დიდი ენერგეტიკული პროექტების მშენებლობის თაობაზე. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დაცული ტერიტორიების კონცეფციასა და IUCN-ის პრინციპებს, ასევე  წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილ სხვა პროექტებს. კანონპროექტების შემუშავების პროცესში სათანადოდ არ მომხდარა ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებულ პირების ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ადგილობრივი თემებმა უნდა მართონ დაცული ლანდშაფტები.

ა.წ. 25 თებერვალს შედგა შეხვედრა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანსა და მწვანე ალტერნატივა და საიას წარმომადგენლებს შორის, რომელზეც განიხილეს ამ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეხვედრაზე, რომელიც ნინო წილოსანის ინიციატივით შედგა, შეთანხმდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოამზადებდნენ წინადადებებს ამ კანონპროექტების მუხლების მიხედვით.

მწვანე ალტერნატივა და საია მიიჩნევენ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების დაარსება და მართვის ფუნქციების დეცენტრალიზაცია (რასაც ასევე განსაზღვრავს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი). ამასთანავე, მოუწოდებენ პარლამენტს გაითვალისწინოს შემდეგი:

- დაცული ლანდშაფტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - ბუნების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაცულ ლანდშაფტში საჭირო გახდეს მცირე ზომის ენერგეტიკული ან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა დაცულ ლანდშაფტში უნდა დაუშვას მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ბუნების/ლანდშაფტის დაცვასთან, აღდგენასთან, ადგილობრივი მოსახლეობის დასაბუთებულ საჭიროებებთან და ტურისტული ინფრასტრუქტურასთან, დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად.

- არაგვის დაცული ლანდშაფტის შემთხვევაში – მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტში ასახოს დაცული ლანდშაფტის მართვის ის ინსტრუმენტები, რომლების მოცემული იყო ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმებული კანონპროექტის ვერსიაში. სამწუხაროდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ინსტრუმენტები კანონპროექტის ტექსტიდან ამოიღო.

- თრუსოს დაცული ლანდშაფტის შემთხვევაში – კანონპროექტში ასახოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეთანხმებული მმართველობის ფორმები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტის შემუშავებისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ადგილობრივ მოსახლეობასთან, თვითმმართველობასთან, ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. გასათვალისწინებელია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა აპროტესტებს დაცული ტერიტორიებთან დაკავშირებულ გაუმჭვირვალე პოლიტიკას და მოითხოვს დაცული ტერიტორიების მმართველობის საერთაშორისოდ აღიარებული, დემოკრატიული და მონაწილეობრივი ფორმების კანონმდებლობით განსაზღვრას. ამ მოთხოვნით  მოსახლეობამ პეტიციითაც კი მიმართა პარლამენტს. მათი ეს მოთხოვნა სამართლიანია და სრულად შეესაბამება ბიომრავალფეროვნების დაცვასა და დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებულ ქვეყნის პოლიტიკურ კურსს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადებულ წინადადებებს და მომავალშიც გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა.

მწვანე ალტერნატივა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)