baneri_GA

საქართველოში უკვე წელზე მეტია მოქმედებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ნორმები, რომლებიც ახლებურად არეგულირებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების (მათ შორის, სამთო-მოპოვებითი, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების) განხორციელების შესახებ სახელმწიფო ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. კოდექსმა, ასეთი პროექტების ინიციატორებსაც დაუდგინა ახალი მოთხოვნები დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩასატარებლად. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით შემოტანილი უმნიშვნელოვანესი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების რეალიზების შესაძლებლობა.

მწვანე ალტერნატივას მიერ დაგეგმილი ტრეინინგი, სწორედ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით შემოტანილ გადაწყვეტილების მიღების ახალ პროცედურებს და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობებს ეძღვნება.  

მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგი გამიზნულია არამარტო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის, არამედ სხვა (მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის) საკითხებზე მომუშავე გაერთიანებებისთვისაც.  

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და არაუგვიანეს 2019 წლის 22 მარტისა, გაუგზავნონ ნათია ქსოვრელს მისამართზე: nksovreli@greenalt.org  (ან greenaltorg@gmail.com ).

მონაწილეთა შერჩევა დასრულდება 2019 წლის 25 მარტს; შერჩევის დასრულებისთანავე, შედეგები ეცნობება ტრეინინგში მონაწილეობის ყველა მსურველს.

ტრეინინგი ჩატარდება თბილისში, 2019 წ. 29 მარტს. საქართველოს რეგიონებიდან შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯებს დაფარავს მწვანე ალტერნატივა.