ხადის ხეობა1

მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს – ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.  

პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს – აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ხეობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ექსპერტები ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას დღესაც ითხოვენ. დაინტერესებული საზოგადოების მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები აგრძელებენ შერჩეულ მარშრუტზე მუშაობას.  

2020 წლის ივნისში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” ნაღვარევის  გვიანი შუა საუკუნეების ძეგლის სიახლოვეში მუშათა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნებართვის გარეშე წამოიწყო. შენობის საძირკვლის მშენებლობა ნაღვარევის ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თნახმად, ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობიდან მშენებლობა მინიმუმ 300 მეტრის დაშორებით არის დასაშვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ადგილობრივების და სპეციალიტების განგაში მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო.  

ასევე ყურადსაღებია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუღია თანხმობა იმ მიწების რეგისტრაციაზე, სადაც გზის მთავარი ნაწილის გაყვანა იგეგმება.  

ნაღვარევის და ზაქათკარის შემთხვევები მხოლოდ ერთეული მაგალითებია იმ გამოუსწორებელი ზიანისა, რაც პროექტს შეუძლია ხეობას და ამით არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთელ ქვეყანას მოუტანოს. პროექტის არაკომპეტენტურად განხორციელებაზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს “ICOMOS- ის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებაც, რომელიც ქვეშეთი-კობის პროექტის განმახორციელებლებს მიუთითებს, მომავალში აღარ გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს  “ICOMOS-ი” რაიმე სახით პროექტის წინასწარ კვლევებში იყო ჩართული, რადგან ეს  სიმართლეს არ შეესაბამება.

ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ, მსოფლიოში უნიკალურ, ძირითადად, X-XI საუკუნეების კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიურ ნიმუშებს; მდიდარ ბიიომრავალფეროვნებას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი არაერთი სახეობა; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხეობის მასშტაბურ ტურისტულ პოტენციალს; ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებს. პროექტი არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ, შეტანილია სარჩელები სასამართლოში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით. 

ხადის ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება. პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც 475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი  გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება.