განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება – თანამედროვე მიდგომები და საქართველოს გამოწვევები

უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ ტურიზმის ხელშემწყობი პროექტი განხორციელდა, რომელთაც დადებით შედეგებთან ერთად, ხშირად, თან ახლდა პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების იძულებითი გასახლება. იძულებით გასახლებას, როგორც წესი, მოჰყვება ადგილობრივი წარმოების სისტემის მოშლა, საქმიანობისა და შემოსავლის წყაროების გაქრობა, სათემო სტრუქტურისა და სოციალური ქსელის შესუსტება; ადამიანები შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც ნაკლები რესურსი მოიპოვება ან მათი სოციალური და პროდუქტიული უნარები ნაკლებად გამოყენებადია.

იძულებითი გასახლება ზეგავლენას ახდენს არამარტო გადასახლებულ ადამიანებზე/თემებზე, არამედ დარჩენილ მოსახლეობაზეც (ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავად არ გადაადგილდა, მაგრამ ზარალდება მეზობლებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვის გამო) და მასპინძელ მოსახლეობაზე (ადამიანები/თემები, რომლებიც იღებენ გადასახლებულ პირებს, რამაც შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს მათზე). ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ განვითარების პროექტების განხორციელებისას, ადგილი აქვს იძულებით გასახლებას, მნიშვნელოვანია, რომ პროექტების დაგეგმვისას, ადრეულ ეტაპზევე იქნეს დადგენილი გასახლების საჭიროება, დეტალურად დაიგეგმოს და შემდგომ მონიტორინგი გაეწიოს განსახლების პროცესს, რათა საბოლოო ჯამში, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გასახლების საჭიროება და გადასახლებულმა ადამიანებმა აღიდგინონ განსახლებით გამოწვეული დანაკარგები.