environmental_Governanceგარემოსდაცვითი მმართველობა საქართველოში და ევროკავშირის როლი მის გაძლიერებაში  

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კარგი გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობაა განსაზღვრული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით (მაგალითად, ორ-სამ წელიწადში ერთხელ) გაიზომოს/შეფასდეს ქვეყნის გარემოსდაცვით მმართველობაში არსებული მდგომარეობა და პროგრესი დასახული მიზნების მიღწევისადმი. ამასთან, ვინაიდან ქვეყანაში არსებობს განსხვავებული აზრი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებული ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, მეტად სასურველია, რომ აღნიშნული შეფასებები ჩაატაროს დამოუკიდებელმა მხარემ, მაგალითად, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ.