გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. მოწინავე ქვეყნები პერიოდულად იმუშავებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიებს, პროგრამებსა და გეგმებს ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად.

საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს რიგი გარემოსდაცვითი მექანიზმების გამოყენებას, ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით. ამ მექანიზმებიდან ზოგიერთი მოქმედებს პრაქტიკაში, ზოგიერთი მათგანი კვლავაც აუმოქმედებელი რჩება შესაბამისი კანონმდებლობის ან კანონქვემდებარე აქტების მიუღებლობის, ასევე ქვეყანაში სათანადო ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური შესაძლებლობების არარსებობის გამო. ზოგიერთი ე.წ. გარემოსდაცვითი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მოწინავე ქვეყნებში, საქართველოში არც კანონმდებლობით არის  გათვალისწინებული და არც პრაქტიკაში გამოიყენება.