საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში - სახელმძღვანელო

ტყეები ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ქვეყნის მოსახლეობას: ამარაგებენ სამასალე და საშეშე მერქნით, 
საკვებით – კენკრით, სოკოთი და სამკურნალო მცენარეებით, ასევე ტყის ეკოსისტემებზე დამოკიდებული ნადირ-ფრინველით; ხელს უწყობენ კლიმატის რეგულაციას, ეროზიის კონტროლს, სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნებას, მდინარეებში ბუნებრივი რეჟიმის დაცვას; უდიდესია ტყეების კულტურული და სულიერი მნიშვნელობა: მრავალი ცივილიზაციისა და კულტურის წარმოშობა და ისტორია ტყეებთან არის დაკავშრებული. ტყეებს აქვთ უდიდესი რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის: გარდა ზემოთჩამოთვლისისა, ტყეებიდან იღებენ მეორეხარისხოვან მერქნულ პროდუქციას (წნელი, ფიჩხი, ჭიგო, სარი და სხვ.), რომლებიც ესოდენ აუცილებელია მათი ყოველდღიური ცხოვრებისათვის ასევე იყენებენ პირუტყვის საძოვრად.