ტყის მართვა საქართველოში: პრობლემები და გამოწვევები

"მწვანე ალტერნატივას" სატყეო სექტორთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ამ ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი  გაკეთებულია ტყის მართვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტზე, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ, ხოლო სახელმწიფო ორგანოები უნდა უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარანტირებულია ორჰუსის კონვენციის მე-6, მე-7, მე-8 მუხლებითაც, თუმცა მოქალაქეებს ხშირად ეზღუდებათ ეს უფლება მოუწესრიგებელი პროცესისა და გაუმართავი ინსტიტუციების გამო.