image

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 26 ათასი მდინარე მოედინება. ამ უზარმაზარი პოტენციალის გამოსაყენებლად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ყოფილი „როსსო-ნერო“ მილანის ფეხბურთელი, კახა კალაძე მხარს უჭერს მრავალი ჰიდროპროექტის განხორციელებას, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მედგარ წინააღმდეგობას უწევს იმ სამუშაოებს, რომელსაც იტალიური კომპანია სალინი-იმპრეჯილო ახორციელებს.

საქართველო, ყოფილი „მილანელი“ კალაძე და უთანხმოების  კაშხლები.

ერთ-ერთი გამორჩეული ბერძნული მითი მოგვითხრობს არგონავტების საგმირო თავგადასავალზე, რომლებმაც ოქროს საწმისის საძებნელად შორეულ კოლხიდამდე იმოგზაურეს, დათოვლილ მწვერვალებსა და მშფოთვარე მდინარეებს შორის. ახლა მსოფლიოს ამ ნაწილს სვანეთი ჰქვია და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც რუსეთის საზღვრისა და დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკიდან ორ ნაბიჯში მდებარეობს. ამ კუთხის  ოქროს საწმისს სწორედ რომ აქ არსებული ათობით მდინარე წარმოადგენს, რომელთა თავისუფლების შეზღუდვაა განზრახული მრავალი  სხვადასხვა  ჰიდროელექტროსადგურითა და კაშხლებით.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, დაიწყეს სვანეთის უზარმაზარი ჰიდრო პოტენციალის ათვისების მცდელობა. თუმცა 30 წლიანი შრომა და უზარმაზარი ინჟინრული ძალისხმევა გახდა საჭირო ჰესის ასაგებად მდინარე ენგურზე. ეს მეგაკაშხალი კარგად ჩანს მთელი თავისი სიდიდით  კავკასიონის მთებში მისასვლელი ერთადერთი გზიდან.  271,5 მეტრის სიმაღლის კაშხლიანი ელექტროსადგური მეორე იყო მსოფლიოში სიმაღლის მიხედვით. მისი რეზერვუარის მოცულობა 1,5 მილიარდ კუბური მეტრ წყალს შეადგენს. ამჟამად სადგური არ მუშაობს სრული დატვირთვით და ხოლო ცენტრალური ძალოვანი სადგური აფხაზეთის ტერიტორიაზეა.

სვანეთის ამ პატარა კუთხეში, მოიაზრება 35 ჰიდროელექტრო პროექტის განხორციელება მომდევნო ათწლეულების მანძილზე.

მაღალკაშხლიანი ჰიდროლექტროსადგურების მშენებლობის იდეის აღორძინება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გრძელვადიანი მმართველობის პერიოდში დაიწყო. ქართულმა ოცნებამ, ექვსი პოლიტიკური ძალისგან შემდგარმა კოალიციამ, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში დაამარცხა სააკაშვილის პარტია, იგივე გზა გააგრძელა. ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელიც ჩვენთან უფრო ცნობილია თავისი საფეხბურთო შესაძლებლობებით, თავიდან წინააღმდეგი იყო ჰესების მშენებლობის, თუმცა ახლა  სვანეთის სამთო იდილიის ცემენტიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამოაზრეა. მილანის ყოფილი მცველი რთულ საარჩევნო კამპანიაში ჩართული.. ამას ადასტურებს ბოლო გამოკითხვები, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლების დაახლოებით 70 პროცენტს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება  ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. ამიტომაც მინისტრმა უარი განაცხადა ინტერვიუზე და არც მისთვის წერილობით გაგზავნილ შეკითხვებზე გაგვცა პასუხი.

კალაძესთვის გვინდოდა გვეკითხა, რა ბედი ეწია ხუდონის მეგა პროექტს, რომელსაც დოკუმენტაციის თანახმად 700 მეგავატი ელექტრო-ენერგია უნდა გამოემუშავებინა 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ფასად. ამ შემთხვევაშიც, ჰესის იდეა  საბჭოთა ხელისუფლებას გაუჩნდა, თუმცა მალევე  იძულებული იყო გაეჩერებინა. შეჩერების  მიზეზის გაგება დიდ სირთულეს  არ წარმოადგენს, თუ თვალს გადავავლებთ ნანგრევებს, რომლებიც კლდეებს შორის მოსჩანს. მდინარე ენგურის ამ შესართავში ჯერ კიდევ მოქმედებს დიდი ფართობის მქონე მეწყერული ზონა, რადგანაც აქ მიწა განსაკუთრებით მოწყვალდია და ჰიდროგეოლოგიური არასტაბილურობის  რისკი მაღალია.

ჰესისთვის და აუზისთვის/წყალსაცავისთვის საჭირო 1.400 ჰა მიწის ნაკვეთი სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად ერთ დოლარად დაუთმო “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს”. კომპანია  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მჭიდრო კავშირი აქვს მაღალი რანგის ქართველ პოლიტიკოსებთან, მათ შორის, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ დავით მირცხულავასთან. თუმცა, კომპანიას არ გააჩნია საკმარისი კაპიტალი. “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს” გაუფორმდა ენერგიის შესყიდვის ხელსაყრელი პირობები (პირველ 8 წელს ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 10,50 ცენტი, რაც 26-ჯერ აღემატება ენგურჰესისთვის გათვლილ ფასს). ჰესის მიმდებარე სოფელ ხაიშში გამოკითხული ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ყველა წინააღმდეგია კაშხლის მშენებლობის, რადგანაც მთელ  სოფელს (2 ათასამდე ადამიანს) მოუწევს გადასახლება სამუშაოების დასრულების შემდეგ. ეს საშიშროება ამჟამად შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი გაჩერებულია და არავინ იცის სამშენებლო სამუშაოები როდის დაიწყება.

image2მსგავსი პრობლემებს და სირთულეებს, მათ შორის, ფინანსურ და ტექნიკურ სიძნელეებს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის „მებრძოლ სულს“ და ა.შ აწყდება ნენსკრას კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტიც, რომელმაც 2021 წლისთვის უნდა უზრუნველყოს 280 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდება ელექტროგადამცემი ქსელისთვის. ამ პროექტს  განახორციელებს “სალინი-იმპრეჯილო”, რომელმაც 2015 წელს 575 მილიონ დოლარიანი ტენდერი მოიგო. სამუშაოები  15 აგვისტოს,  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, სალინისა და K Water-ის თანდასწრებით დაიწყო.  K Water კორეული კომპანიაა, რომელმაც ჰესის მშენებლობა თავის შვილობილი კომპანიის სს „ნესკრა ჰიდროს“ საშუალებით ითავა. თბილისის ცენტრში განთავსებულ კომპანიის სათაო ოფისში, მთავარმა ადმინისტრაციულმა ოფიცერმა ნამ კიუნ კიმმა აგვიხსნა, რომ ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ არსებობს რეალური კონსორციუმი. ფორმალურად სს „ნესკრა ჰიდრო“ შედგება მხოლოდ K Water-სგან. ამჟამად მიმდინარეობს შეფასების პროცესი, რათა დადგინდეს საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანია სს ნენსკრას წილი, (ეს უკანსკნელი 2012 წლიდან მუშაობს პროექტზე), რომელიც თავდაპირველად დაგეგმილ 50 პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს. კიმი გვიდასტურებს, რომ სამუშაოების მთლიანი ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს გაუტოლდება. თანხის მოზიდვა პროექტის დაფინანსების მექანიზმით ხდება. თუმცა როცა ვეცადეთ, გაგვეგო, რა წვლილს შეიტანდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროექტის განხორციელებაში, მშრალად გვიპასუხა „კომენტარის გარეშე“. სინამდვილეში, სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო სპეციალურ საინფორმაციო ვებ-გვერდებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შესაძლოა გამოყოს 200 მილიონი დოლარი, ხოლო  ევროპის საინვესტიციო ბანკი და აზიის განვითარების ბანკიც ფიქრობენ თავიანთი წვლილის შეტანას ამ პროექტის დაფინანსებაში. EBRD-მ თავისი გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე სექტემბერშიც მიიღოს, როცა კორეული კომპანია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატებით კვლევებს გახდის საჯაროს. საზოგადოებრივი თანხების მობილიზაციის გარეშე პროექტის სამუშაოების განხორციელების ეკონომიკური შესაძლებლობა ცოტა არ იყოს ბუნდოვანი პერსპექტივაა.

სს „ნესკრა ჰიდროს“ დირექტორი არ უარყოფს, რომ პირველ წელს, სამუშაოთა მცირე ნაწილი განხორციელდა და ასევე  პრობლემები იყო კომპანია სალინისთან, თუმცა ოპტიმიზმი გამოთქვა ამ კუთხით. „ნებისმიერ ასეთი ზომის პროექტს გააჩნია სირთულეები, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს“, აცხადებს კიმი. იგივეს ამბობს სალინიც, რომელიც პლანეტის ყველა კუთხეში დაგროვილი ათწლეულზე მეტ გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის დაბრკოლებების გადალახვაა შესაძლებელი გარკვეული დროის შემდეგ.

ზემოთქმულიდან ნათელია, რომ პროექტი ადგილზე სირთულეების ნაკლებობა ნამდვილად არ უჩივის. 2015 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, მაგრამ როგორც გამოკითხული სალინის სპეციალისტები გვიდასტურებენ,  იმ ადგილას სადაც კაშხალი უნდა აღიმართოს „მიწის შემადგენლობა ძალიან თავისებურია, ისეთი კლდის სანახავად, რომელზედაც შესაძლებელი იქნება ფუნდამენტის ჩადება, საჭიროა 160 მეტრის სიღრმეში ჩასვლა“. ამას გარდა, სამშენებლო მოედნიდან კარგად ჩანს რამდენიმე მეწყერი, რომელიც გზას იკვლევს მწვანე ჭალებში, რომლითაც დაფარულია ნენსკრას ნაპირები. ტექნიკური საკითხებთან ერთად, იტალიურ კომპანიას აღელვებს ამ კუთხის მაცხოვრებლების პროტესტიც. გასულ მაისს ჭუბერის მოსახლეობამ, 10 სოფელში გაფანტულმა 300-მდე ოჯახმა, გადაკეტა  პროექტთან მისასვლელი გზები. ხალხი რომ არ გაეღიზიანებინათ, სამუშაოები ათი დღით შეჩერდა.

ჩვენი სტუმრობისას, ჭუბერის მოსახლეობა ახალი პროტესტისთვის ემზადებოდა, რომელიც 3 ივლისს შედგა. სამხერხაოს მიმდებარე დარბაზში, უხეში ხისგან დამზადებულ მაგიდაზე დევს ამ ტერიტორიის, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, რომელიც აჭრელებულია წითელი და ყვითელი ხაზებით. „ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომლის მოპოვებაც მოვახერხეთ, მიუთითებს ზონებს, რომლებზეც გავლენა აქვთ კაშხალს  და რაც დაიტბორება, აქ ჩვენთვის ყველაფერი შეიცვლება“ გაცხოველებით საუბრობს ოთახში თავმოყრილი ორმოცზე მეტი ადამიანი, რომლებიც მხოლოდ მაშინ  ჩუმდებიან,  როცა სკოლის დირექტორი და ერთ-ერთი მასწავლებელი შემოდის ოთახში.

“თუ სამუშაოები გაგრძელდება, ყველა ღონეს ვიხმართ მათ დასაბლოკად, იქნება ეს კანონიერი გზით თუ არა“ ჭექს მოსახლეობის წარმომადგენელი. რადგანაც კომპეტენტური ორგანოებისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც 400 ადამიანი აწერს ხელს, ჯერ კიდევ არ მიუღიათ პასუხი და რეალური კონსულტაციების ჩრდილიც არ ჩანს.  ეს დაგვიდასტურა ნამ კიუნ კიმმაც, რომელიც გვესაუბრა ბოლო ათი თვის მანძილზე გამართულ შეხვედრებზე და იმედი გამოთქვა, რომ კომპანია აქტიურ როლს შეასრულებს ამ კუთხით.

ანომალიური მოვლენა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ გააჩნია სათანადო და სრული  ინფორმაცია, კონფლიქტში მოდის განვითარების ბანკებისა და EBRD-ის გაიდლაინებთან.

ორ ოჯახს კი, რომლებიც უნდა გადაასახლონ, შესთავაზეს კომპენსაცია. „შეთავაზება/თანხა მცირეა. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მათი ფული, აქ ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება და არ გვინდა აქედან წასვლა“ ხაზს უსვამს ელგუჯა ჩხეტიანი.

 “სოფლის მამაკაცებმა საზეიმოდ დაიფიცეს ხატზე ეკლესიაში, რომ არ მისცემენ პროექტის განხორციელების საშუალებას“, გვეუბნება ახალგაზრდა მასწავლებელი ლილე ჩხეტიანი. „ჩვენთან ფიცი ნიშნავს სისხლისმიერ შეთანხმებას, მათ შორის, ვინც ამ ფიცს დებს, ეს სერიოზული საკითხია და მისი დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხოლო დამრღვევსა და მის ოჯახს შერცხვენა ელის“. სვანები, ამაყი და ტრადიციების დამცველი ხალხია. თუმცა ისინი ასევე კარგად იყენებენ Facebook-ს, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ნენსკრა ჰესის წინააღმდეგობაში, განავრცონ ფიცი და შექმნან საბჭო, კომიტეტის მაგვარი ორგანო დამბების წინააღმდეგ.

ჭუბერში, როგორც ხაიშში და სხვა სოფლებში თავს ირჩენენ სოფლის მეურნეობით, თხილის და ხის მასალების გაყიდვით, თუმცა მოსახლეობა ეკოტურიზმის პოტენციალზეც ამახვილებენ ყურადღებას. ეკოტურიზმი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც უკვე სრულად შეფასდა მესტიაში, რეგიონის რაიონულ ცენტრში, რომელიც იუნესკოს მფარველობის ქვეშაა, 100-ზე მეტი შუასაუკუნოვანი კოშკისა და კავკასიონის უმაღლესი მწვერვალების სულისშემკვრელი ხედებით. დანარჩენ სვანეთში საჭიროა საკმაოდ დაზიანებული ხიდებისა და გზების აღდგენა, იმისათვის რომ გაადვილდეს ამ ნამდვილ სამოთხეში მოხვედრა. „სახელმწიფო რომ ჩაერეოდეს, სიტუაცია ნამდვილად უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ერთხმად გვიცხადებენ სვანები.

რეგიონის გამგებელს ჟორჟოლიანსაც სჯერა ტურიზმის. „რა სამუშაოს შესრულებაც არ უნდა იყოს დაგეგმილი, მისი კარგად გააზრება უნდა მოხდეს რეგიონის სილამაზის შესანარჩუნებლად და არა მის დასაზიანებლად“ გვეუბნება გუბერნატორი თავის კაბინეტში მესტიის გამგეობაში. „რადგანაც ხალხი ერთხმად გამოდის პროექტის წინააღმდეგ, მეც მათ გვერდით ვიქნები“ აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

სვანეთში ჩვენი მოგზაურობის ბოლო გაჩერება სოფელი ნაკრაა,  სადაც 500 მაცხოვრებელია.  მის მიდამოებში დაგეგმილია კიდევ ერთი კაშხლის აგება 14 კილომეტრიან სადერივაციო  გვირაბთან ერთად.

სოფელში მისვლისას გვაჩერებს გურამ გვარმიანი. მისი ოჯახი უხსოვარი დროიდან ტრადიციულად ფლობს და იყენებს ტყის ორმოც ჰექტარს. თუმცა ამ მიწების საკუთრების დაკანონება საჯარო რეესტრში რეგისტრაცის გზით, სულაც არ არის ადვილი. კვლევების მიხედვით კაშხალი გვარმიანის კუთვნილ მიწის ნაწილს ეხება. გვარმიანი იმის საშიშროების წინაშეა, რომ კომპენსაციის სახით, შეიძლება მცირე ანაზღაურება მიიღოს. „მოსახლეობის უმრავლესობა ამ პროექტის წინააღმდეგია, თუმცა სოფლის გამგებელი და მისი ოჯახი მხარს უჭერს პროექტს, რადგანაც მას აკისრია პროექტის „ზედამხედველის“ როლი. ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ სოფელში ყველამ იცის ამის შესახებ“, გვიხსნის იგი ერთ ნაჭერი ხაჭაპურის, ქართული ტრადიციული ყველიანი ღვეზელის, და  სახლის ღვინით გამასპინძლების  შემდეგ.

სამშენებლო მოედნისკენ გზად გადავდივართ ხიდს ლექვერარზე, ერთ-ერთი მდინარეზე, რომელიც ადიდებულია ყინულის ლღობის გამო. „ეს მდინარე არც არის მოხსენიებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში“, გვეუბნება დათო ჭიპაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან კრიტიკული პოზიცია გააჩნია პროექტზე და მისი განხორციელების სხვადასხვა საკითხებზე.

სამშენებლო ობიექტი შედგება ორი ჭაბურღილისგან, საიდანაც მაღალი წნევით წყალი მოჩქეფს. გიორგი, ქვეკონტრაქტორი კომპანია Drillwell-ის მუშა, გვიმეორებს იმას, რაც სალინის სპეციალისტებისგან მოვისმინეთ. „მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მიწარმოებია ბურღვითი  სამუშაოები, მაგრამ ასეთი რთული ნიადაგი, არსად შემხვედრია!“

ავტორი: DI LUCA MANES

სტატია გამოქვეყნდა ვებ-პორტალზე http://espresso.repubblica.it/