რუსული ენერგოგიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები. წყარო: ლიბერალი

ხუდონჰესის პროექტის ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს. სავარაუდოდ, კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ ვერ ასრულებს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმადაც, ის ვალდებული იყო ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა 2014 წლის 1 მარტამდე აეღო. თავისი წარუმატებლობის დასაფარად (და შესაძლო სამართლებრივი სანქციების თავიდან ასაცილებლად), პროექტის ლობისტები ძველ, ნაცად ხერხს მიმართავენ –  ცდილობენ საკუთარი წარუმატებლობა დაუძლეველი გარე ფაქტორებით ახსნან. მათ აქაც ყველაზე მარტივი გზა აირჩიეს – პროექტის ოპონენტების სამშობლოს მტრებად და რუსეთის აგენტებად გამოცხადება.