Dariali_landslide

*ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, შესაძლოა, არ იყოს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზი; თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი მშენებლობა ცნობილი გეოლოგიური რისკების გათვალისწინების გარეშე მიმდინარეობს. ამდენად, აუცილებელია, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა.*

21 აგვისტოს ღამეს, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, დარიალის ხეობაში, კიდევ ერთხელ ჩამოწვა მეწყერი, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 108 მგვტ სიმძლავრის დარიალის ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლო სამი თვის განმავლობაში, ეს უკვე მეორე მეწყერია აღნიშნულ ადგილზე. ამავე წლის მაისში ჩამოწოლილი მეწყერისგან განსხვავებით, რომელმაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამჯერად, გავრცელებული ინორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაკარგულად ითვლება. რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ბოლო შემთხვევის გამო მიყენებული ზარალი, მნიშვნელოვნად აღემატება მაისში მიყენებულ ზარალს.

საქართველოს მთავრობამ, მაისში გაკეთებული განცხადების მსგავსად, დევდორაკის მყინვარიდან მეწყერის ჩამოწოლის მიზეზად, კვლავ კოკისპირული წვიმა დაასახელა.

მართალია, სტიქიური უბედურებების გააქტიურება ჰესების მშენებლობას, შესაძლოა, უშუალოდ არ უკავშირდებოდეს, თუმცა, ეს ორი შემთხვევა რეგიონის გეოლოგიური არასტაბილურობის მაჩვენებელია  და შესაბამისად, ცხადია, რომ საქართველოს მთავრობამ, ინვესტორმა კომპანიამ და პროექტის ერთ-ერთმა ძირითადმა დამფინანსებლმა – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, პროექტის განხორციელებაზე სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.

მაისში, პირველი მეწყერის ჩამოწოლამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, დარიალის ჰესის პროექტის განსახორციელებლად, 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. ეს პროექტი მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომელიც მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის სრულად ათვისებას ითვალისწინებს.

პროფესორი ოთარ დუდაური, სხვა გეოლოგების მსგავსად,  ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჰესის მშენებლობის ადგილი არასწორად იყო შერჩეული. ცოტა ხნის წინ კი, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა დარიალის ხეობაში, ნებისმიერ ადგილას, ბუნებრივი კატასტროფების რისკებს კიდევ უფრო გაზრდის.

„მწვანე ალტერნატივა“ დიდი ხანია საუბრობს დარილის ხეობაში მაღალი გეოლოგიური რისკების შესახებ. საქართველოს ეს მთიანი რეგიონი მეწყერების გავრცელებით ხასიათდება; აქ სერიოზული სტიქიური მოვლენები თითქმის ყოველ წელს ხდება. ამას გარდა, თავად პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშშიც იყო აღნიშნული მეწყერების და ღვარცოფების რისკების, შესაბამისი შემამსუბუქებელი ზომების მიღებისა და დეტალური გეოლოგიური კვლევების ჩატარების საჭიროების შესახებ.

ამ გაფრთხილებების გათვალისწინების ნაცვლად, ინვესტორმა კომპანიამ – „დარიალი ენერჯიმ“, 2011 წლის სექტემბერში ჰესის მშენებლობა აუცილებელი ნებართვების მოპოვების გარეშე დაიწყო. ამ ფაქტის შესახებ აღნიშნული იყო მწვანე ალტერნატივას 2012 წლის ანგარიშშიც „როგორ კლავენ თერგს“: მწვანე ალტერნატივას მიმართვის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს პასუხი იყო, რომ შეისწავლიდნენ საკითხს, მაგრამ „მიმართვიდან ორი თვის შემდეგ, მას მერე რაც შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფოდ გასცეს საჭირო ნებართვები, ორივე სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიას მოპოვებული აქვს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები“.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ გარემოებებს გავლენა არ მოუხდენია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გადაწყვეტილებაზე – ბანკმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება პროექტისთვის სესხის გამოყოფის თაობაზე. 

ზემოაღნიშნული რისკების შეფასებისა და მათი შერბილებისათვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრის გარეშე ჰესის მშენებლობის გაგრძელება, კატასტროფის განმეორების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ყურადსაღებია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში, ზემოქმედების მასშტაბიც და ზიანიც განსაკუთრებით ძლიერი იქნება.  

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწყერი აღარ ჩამოწვება, თერგის მრავალრიცხოვანი შენაკადებიდან წამოღებული ნატანი ყუროს და ჩხერის შესართავებთან დაგროვდება, რაც,  თავის მხრივ,  თერგის შეგუბებას და კალაპოტის აწევას გამოიწვევს. ღვარცოფული მდინარე ყუროს გამოტანილ ნატან მასალას თერგი ვერ მოერევა; ნატანი დაგროვდება, ამოავსებს ისედაც ვიწრო ყუროს ხეობას და შედეგად, დაბა სტეფანწმინდა (დაბა მდ. ყუროსა და მის სამხრეთით მდებარე ორი ხევის მიერ შექმნილ გამოზიდვის კონუსზე მდებარეობს) საფრთხის წინაშე აღმოჩნდება (იხილეთ მწვანე ალტერნატივას მიერ მაისის მეწყრის შემდეგ გავრცელებული განცხადება).

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და  საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მდინარე თერგის აუზში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს და არ დაელოდებიან მეწყერის ჩამოწოლის მესამე შემთხვევას. აუცილებელია ჰესის მშენებლობა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ არ გადაწყდება მეწყერების ჩამოწოლის რისკთან დაკავშირებული საკითხები, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ, მშენებლობის საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან.   

*დარიალის ჰესის პროექტი უფრო მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომელიც მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას გულისხმობს. დარიალის ხეობაში არსებული კიდევ ორ ჰესს (ლარსი და ყაზბეგი) იგივე კომპანია – „დარიალ ენერჯი“ ფლობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 80-მილიონიანი სესხი პროექტის მთლიანი ღირებულების დაახლოებით 65პროცენტს შეადგენს*.