ფუჭი ქანების სანაყაროები: კატასტროფის შესაძლო კერები რიკოთის მაგისტრალზე
-
მარიამ ფაცაცია
“რატომ უნდა ვცხოვრობდეთ შიშის ქვეშ?”, ამბობს სოფელ ვერტყვიჭალას მკვიდრი, გელა ბლიაძე, რომელიც თანასოფლელებთან ერთად უკვე დიდი ხანია ითხოვს მის სოფელში მოწყობილ ფუჭი ქანების სანაყაროზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ფუჭი ქანების სანაყარო რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის პროცესში გვირაბების, ასევე გზაზე განვითარებული შვავებისა და მეწყრული კერების მოხსნის დროს წარმოქმნილი ინერტული მასალების განთავსების ადგილია.

მაგისტრალის მშენებლობისას დამეწყრილი ფერდის მოხსნის სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე. ფოტო: სტუდია მონიტორი
სოფელ ვერტყვიჭალაში, გზის ყველაზე დიდი სანაყაროს განსათავსებლად, რიკოთის მაგისტრალის მშენებლებმა – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და ჩინურმა კომპანიებმა, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სენსიტიური მეჩხეთურას მდინარის ხეობის ათვისება გადაწყვიტეს.
თებერვლის დიდთოვლობის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ, მდინარე მეჩხეთურა ადიდდა, გაარღვია ხელოვნური კალაპოტი, გადარეცხა სანაყაროს ტერიტორიის ნაწილი და წაიღო იქ არსებული სამანქანე გზა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გზის მშენებლებს, სანაყაროს ტერიტორიის წყალდიდობისა და დატბორვისგან დასაცავად ზომების მიღებას ავალდებულებდა, ამ მიმართულებით არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის ნაყარით ჩახერგვა და ფუჭი ქანების ღვარცოფულ მასად ქცევა რეალური და ყოველდღიური საშიშროებაა.
„[მდინარეს] პატარა აქვს დარჩენილი გამოსასვლელი, რომ იყრება ახლა ეს მიწა, ახლა ჩაშვავდება ის დაბლა, შეაგუბებს [მეჩხეთურას], დადგება დიდი უშველებელი წყალსაცავი, გადმოტეხავს იმას და წაგვიღებს მერე მთელ ხეობას,“ ამბობს ვერტვიჭალას მცხოვრები მურთაზ ციცქიშვილი.
სპეციალისტები იზიარებენ ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს. როგორც ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი განმარტავს, ფუჭი ქანების ღვარცოფად ქცევისთვის წყლის მოცულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია: “სულ მცირე, რომ ეს მასა მოვიდეს მოძრაობაში, მინიმუმ 30-40% წყალია საჭირო იმ მთლიანი მასის,” რომელიც სანაყაროზეა განთავსებული.


თებერვლის დიდთოვლობის შემდეგ ადიდებულმა მეჩხეთურამ კალაპოტი იცვალა. ფოტო: მწვანე ალტერნატივა (იანვარი 2025) და სტუდია მონიტორი (მარტი 2025)
თუმცა, ადგილობრივებისთვის საკუთარი უსაფრთხოებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა მარტივი არ არის.
“ყველას გვეშინია, მაგრამ ხმას არ ვიღებთ,“ ადგილობრივი ნადია მუმლაძე საუბრობს რომ სანაყაროს გამო გამოთქმული კრიტიკა პოლიტიკურად და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერად აღიქმება. „არ მაინტერესებს კაცო, არც ნაციონალი, არც ოცნება, არავინ. უბრალოდ მაინტერესებს ჩემი სოფელი, მე ხომ აქ უნდა ვიცხოვრო, ვერსად ვერ წავალ“, ამბობს ის.
ვერტყვიჭალას სანაყაროს ფართობი 130,606 მ2-ია. აქ, გზის მშენებლებს 2,3 მილიონი მ3-ის ინერტული მასალის განთავსების ნებართვა აქვთ, თუმცა კონტროლის არ არსებობისა და მეწყრების განვითარებასთან ერთად, განსაზღვრულზე გაცილებით დიდი რაოდენობის ფუჭი ქანების წარმოქმნის გამო, სავარაუდოა, რომ სანაყაროზე ნებართვით დადგენილზე მეტი ინერტული მასალაა შეტანილი.

რიკოთის გზის დაპროექტების ეტაპზე, გვირაბების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, თავიდანვე აშკარა იყო მილიონობით ტონა ინერტული მასალის განთავსების ადგილების მოძიების საჭიროება. როგორც წესი, სანაყაროების განთავსების საკითხი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ნაწილია, თუმცა, რიკოთის გზის მშენებლობისთვის მომზადებულ დოკუმენტებში ან საერთოდ არ არის ინფორმაცია სანაყაროების შესახებ, ან შეცვლილია თავდაპირველად შერჩეული ადგილმდებარეობები დასაბუთებისა და საფუძვლიანი კვლევების გარეშე.
რიკოთის მაგისტრალის გასწვრივ, ამჟამად, ფუჭი ქანების სულ მცირე 26 სანაყაროა, რომელთა უმეტესობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სენსიტიურ ტერიტორიებზე მდებარეობს, მათ შორის მდინარეების კალაპოტების მიმდებარედ, ჭალებში, ხევებსა და ხეობაში. წინასწარ არ არის შეფასებული მდინარეებზე, მათ ეკოსისტემებსა და ადგილობრივ თემებზე სანაყაროების ზეგავლენა. არ არის განხილული არც სანაყაროების კუმულაციური ზემოქმედება, მათ შორის კლიმატის ცვლილების ფონზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული რისკები. სანაყაროების განთავსების ადგილებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამშენებლო მოედანთან სიახლოვე ამ ადგილების შერჩევის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა. ყველა სხვა გარემოება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები კი უგულებელყოფილ იქნა.

რიკოთის გზაზე განთავსებული ფუჭი ქანების სანაყაროები ვარდისფრად არის მონიშნული. ფოტო: Google Earth 2022 | წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
აუცილებელია, რიკოთის გზის მშენებლობაზე პასუხიმგებელმა პირებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მშენებელმა კომპანიებმა, დაიწყონ სანაყაროების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, გამოიყენონ ზაფხულის მშრალი პერიოდი მოკლევადიანი უსაფრთხოების ღონისძიებების გასატარებლად. მნიშვნელოვანია, ასევე, რიკოთის მაგისტრალის საერთაშორისო დონორებმა – აზიის განვითარების ბანკმა, მსოფლიო ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა, თავიანთი უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად, უზრუნველყონ სანაყაროების უსაფრთხოების აუდიტი და აუდიტის რეკომენდაციების შესრულება სანაყაროების ტერიტორიების მდგრადობისა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად.
ბლოგში გამოყენებულია ინტერვიუები და მასალები სტუდია მონიტორის ფილმიდან: “რა საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს ფუჭი ქანების ზოგიერთი სანაყარო”.
რიკოთის გზაზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, მათ შორის სოფელ ხევში არსებულ სანაყაროსთან მიმართებით, გაეცანით ჩვენს ბლოგს: “გზა რიკოთის უღელტეხილზე: საფრთხის ხილული და უხილავი კერები”.