ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია” თაობაზე
საერთო შეფასება:
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტით “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია” შეუძლებელია “ სატყეო სექტორის მართვის სისტემაში ქმედითი ღონისძიებების განხორციელება” .
ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენს შენიშვნებსა და წინადადებებს და მოვითხოვთ, რომ მოხდეს განსახილველი დოკუმენტის სასწრაფო და სერიოზულ გადამუშავება, ნორმალური საჯარო განხილვის პროცესის წარმართვა და დოკუმენტისათვის ნორმატიული აქტის ფორმის მიცემა; პარლამენტის მიერ “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმის პროცესის დოკუმენტთან შესაბამისობაში მოყვანა.
შენიშვნები
I. დოკუმენტის შემუშავების პროცესი
ჩვენი მოსაზრებით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია” შემუშავების პროცესი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ პრინციპს “საჯაროობისა და საზოგადოების ფართო თანამონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის” თაობაზე. უდავოა, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესის არაგამჭვირვალობამ და არადემოკრატიულობამ გავლენა მოახდინა მის ხარისხზე (მისი შინაარსი და ფორმა ვერ უძლებს კრიტიკას. დოკუმენტს არ აქვს მწყობრი სტრუქტურა, შედგენილია გაუმართავი ენით, ხშირად გამოყებებულია კალკი ინგლისურიდან და ა.შ.).
ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ არასწორი მიმართულებით წარმართა დონორებთან შეთანხმებული საქართველოს სატყეო პოლიტიკის შექმნის შეთანხმებული პროცესი. ამის შესახებ მივმართეთ როგორც გადაწყვეტილების მიმღებებს – სამინისტროს, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის ბიუროსა და შესაბამისი კომიტეტის წევრებს, ისე ფართო საზოგადოებას. როგორც თქვენთვის ცნობილია, მივმართეთ მსოფლიო ბანკსაც და არსებული სიტუაციის გამო მოვთხოვეთ “ტყის განვითარების პროექტის” შეჩერება. ამიტომ ამჯერად აღარ გავაგრძელებთ ამ თემას. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ განსახილველ დოკუმენტში მოყვანილი მტკიცება, რომ “დოკუმენტი მომზადებულია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით” არ შეესაბამება სინამდვილეს. მხოლოდ ერთი შეხვედრა (გუდაური, 2006 წლის მაისი) შეზღუდული რაოდენობის ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც სულ სხვა შინაარსის დოკუმენტი განიხილეს, ვერ ჩაითვლება საზოგადოებასთან კონსულტაციად და ყველა დაინეტერესებული მხარის ჩართვად. დღეს განსახილველ დოკუმენტს გასული წლის ბოლოს ყველასათვის მოულოდნელად ეწოდა “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია” (ანუ პრეტენზია აქვს დასრულებულ, საბოლოო დოკუმენტზე) და წარმოადგენს “საქართველოს სატყეო პოლიტიკის საფუძვლებისა” და სამინისტროს მიერ 2006 წლის დასაწყისში გავრცელებული “რეფორმის კონცეფციის” ნაზავს. არავის აქვს უფლება ილაპარაკოს ხალხის, ან თუნდაც რაღაც ჯგუფის სახელით, თუ ამაზე თანხმობა და კონსენსუსი არ არსებობს.
II. დოკუმენტის სტრუქტურა და ფორმატი
• დოკუმენტის დასაწყისშივე (იხ. 1.ზოგადი ნაწილი, გვ. 2) განცხადებულია, თუ რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო სატყეო სექტორში – ანუ კლასებად დაყოფა, ხანგრძლივადიანი სარგებლობა, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოებისათვის ტყეების ნაწილის გადაცემა და სხვ. დასახელებულია ამ ქმედებების განხორციელების თარიღიც 2007-2008 წლები. გაკვირვებას იწვევს, რომ ქმედებების ჩამონათვალი დოკუმენტში წინ უსწრებს “სატყეო პოლიტიკის მიზნებსა” და “სახელმძღვანელო პრინციპებს”. ეს ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკის დოკუმენტის მიღებას ფორმალური დატვირთვა აქვს.
• ერთმანეთშია არეული მიზანი, ამოცანა, პრიორიტეტული მიმართულება, პრინციპი და ქმედება;
• წარსული მენეჯმენტი, არსებული მდგომარეობის აღწერა და პოლიტიკით განსაზღვრული სამომავლო ქმედებები ასევე არ არის გამიჯნული;
• გაუგებარია პრობლემების და მათი გამომწვევი პირობების ერთ ჩამონათვალში მოთავსება;
• არ ჩანს ნათლად, თუ რომელი მიზანს რომელი ამოცანა ემსახურება და რომელი ქმედებითაა ეს შესაძლებელი;
• თუ განსახილველ დოკუმენტს აქვს პრეტენზია სტრატეგიაზეც, მას უნდა ახლდეს სამოქმედო გეგმა და განხორციელების ინდიკატორები. ამ შემთხვევაში დოკუმენტს უნდა ქონდეს მოკლე რეზიუმე და დასკვნა.
III. ზოგიერთი პრინციპული ხასიათის კერძო შენიშვნა
• დოკუმენტს უნდა ერთვოდეს შემოკლებათა და ტერმინთა განმარტებები. საინტერესოა, როგორ გაიგო ადგილობრივმა მოსახლეობამ საჯარო განხილვებისას, რას ნიშნავს – FAO, MCPFE, ENA-FLEG, რომ აღარ ვისაუბროთ მთლიანად დოკუმენტის შინაარსზე, რომელიც ამ დარგის სპეციალისტსაც დააბნევს. ჩვენთვის და ყველა ჩვენი პარტნიორებისათვის რეგიონებიდან აღმოჩენა იყო, ის, რაც 19 თებერვალს შეხვედრაზე გაჟღერდა: რომ სამინისტროს დოკუმენტი თურმე საქართველოს ხუთ რეგიონში წარუდგენია განსახილველად. საინტერესო იქნება, თუ მოგვაწოდებთ ინფორმაციას, სად ჩატარდა ეს განხილვები, როგორ იყო ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული, ვინ ესწრებოდა და ა.შ.
• თავი “1.2. სატყეო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები” გაუმართავია ენობრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგალითად, გამოდის, რომ “სატყეო პოლიტიკის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპი” მოიცავს “სატყეო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს”, რომელშიც შედის “საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები”. ასეთი ენით დაწერილი დოკუმენტი ერთის მხრივ ართულებს მისი შინაარსის გაგებას, მეორეს მხრივ კი იწვევს მისი და ზოგადად სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის იდეის დისკრედიტაციას.
• “თავი 2. საქართველოს ტყის რესურსები” – საერთოდ უნდა იქნეს ამოღებული. როგორც ცნობილია, დღეისათვის ინვენტარიზაცია ტყეების მცირე ნაწილზეა ჩატარებული. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, საიდან არის აღებული ასეთი ზუსტი რიცხვები: რომ ტყის ფონდის საერთო ფართობია ქვეყნის ტერიტორიის 43%, რომ ერთ სულ მოსახლეზე 80 კუბური მეტრი მერქანი მოდის, ხნოვანების მიხედვით დაყოფა, და სხვ. ამ თავმა შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს წამკითხველი, რომელიც რეალურად არსებულ ვითარებას კარგად არ იცნობს.
• გვ. 11, ძირითადი პრობლემები და გამოწვევები; კერძო საკუთრება ტყეებზე – აღნიშნულია: “მიზანშეწონილია, რომ უახლოეს ათ წელიწადში განსახელმწიფოებრიობას დაექვემდებაროს ტყით დაფარული ფართობების არა უმეტეს 10%-სა გარდა დაცული ტერიტორიების ტყეებისა”. ეს ორაზროვანია ჩანაწერია და პრინციპულად განსხვავებული ინტერპრესტაციების საშუალებას იძლევა: ან დაცული ტარიტორიები არ დაექვემდებარება განსახელმწიფოებრიობას, ან მოხდება დაცული ტერიტორიების და პლიუს ტყეების 10%-ს გაცემა კერძო მესაკუთრეებზე. ასევე გაუგებარია, რის მიხედვით არის აღებული ათ წელიწადში ტყეების 10%.
• გვ. 15, ტყეების დაყოფა კატეგორიების მიხედვით – აღნიშნულია, რომ “დაგეგმილია ტყეების ინვენტარიზაციით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტყეების კატეგორიზაციის ახალი MCPFE–ის სისტემის შემოღება, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება ახალი ტყის მართვის გეგმების მომზადებას და სამეურნეო და დაცული კატეგორიების ტყეების იდენტიფიცირებას”. ეს მისასალმებელია და კარგიცაა, რომ სატყეო პოლიტიკის დოკუმენტში დაფიქსირდეს ამგვარი განზრახვა. თუმცა არსებობს რამდენიმე რედაქციული, ნაკლებად პრინციპული და რამდენიმე ძალზე პრინციპული საკითხი:
• სიტყვები “უკვე მომავალი წლისათვის” მიანიშნებს, რომ ამ ქმედების განხორციელებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის პროექტში (თუმცა, სიტყვა “პროექტი” არსად წერია) ამგვარი ჩანაწერი მიუღებელია. ტექსტი უფრო წააგავს ინგლისურიდან პირდაპირ თარგმანს დოკუმენტიდან Annex 2. To Vienna Resolution 4 MCPFE Assessment Guidelines For Protected And Protective Forest And Other Wooded Land In Europe.ნამდვილად უხერხული იქნება, როცა “საქართველოს სატყეო პოლიტიკა” ინგლისურად ითარგმნება და აღმონდება, რომ მასში შესულია სხვა დოკუმენტიდან ამოჭრილი ნაწილები.
• ვენის დოკუმენტში მოცემულია/განსაზღვრულია ამ კლასების ბუნების დაცვის კავშირის (IUCN) კატეგორიებთან და ნატურა 2000 და ზურმუხტოვანი ქსელის (ანუ ევროპის საბჭოს) კრიტერიუმებთან შესაბამებისობა. როგორც მინიმუმი, ასეთი ახსნა და მისი არსი განსახილველ დოკუმენტშიც უნდა იქნეს მოცემული. რადგან პოლიტიკური დოკუმენტია და მაღალ დონეზე უნდა დამტკიცდეს, კარგი იქნება გაკეთდეს პოლტიკური განცხადება, რომ ასეთი დაყოფა ეხმიანება ჩვენს პოლიტიკური კურსს ევროკავშირთან ინტეგრაციიის კუთხით.
• ამავდროულად, ვენის რეზოლუციით შემოთავაზებული ტყეების კლასებად დაყოფა MCPFE მიხედვით, რატომღაც უცებ ხდება დაცული ტერიტორიების კერძო საკუთრებაში გადაცემის საფუძველი, რაც ნამდვილად სცდება ვენის რეზოლუციის ჩარჩოს ფარგლებს. არაფრით არ არის დასაბუთებული, რომ პოლიტიკის მიზანი “ტყების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება” რაც პირველ რიგში გულისხმობს “საქათველოს ტყეების ეკოლოგიური ფასეულობებისა და ფუნქციების დაცვას”, უზრუნველყოფილი იქნება, თუ კლასი 1.2. (რომელიც შეესაბამება “ეროვნულ პარკებს”), 1.3 (რომელიც შეესაბამება “აღკვეთილებს”) და 3 (“ბუნების ძეგლები”) ტყეები მართული იქნება კერძო სტრუქტურის მიერ. პოლიტიკის დოკუმენტში ამგვარი რამ არ უნდა ჩაიწეროს.
ასეთი კერძო შენიშვნები უამრავი შეიძლება გაკეთდეს ამ დოკუმენტზე, მათი გამოსწორება კი დაუსრულებლად გაგრძელდება. დარწმუნებული ვართ, რომ შეუძლებელი იქნება ასეთი დოკუმენტის რაიმე სახის ნორმატიული აქტით მიღება (მთავრობის დადგენილება, განკარგულება, პარლამენტის დადგენილება, პრეზიდენტის ბრძანებულება, კანონი). მაგ. პარლამენტმა, ან მთავრობამ უნდა დაადგინოს, რომ საქართველოს ტყების 6,6% ფორმირებულია რცხილით და 3,3 % თხმელით, ხოლო 1 ჰა ტყე წელიწადში 185-190 ტ Co2 შთანთქავს.
წინადადებები
ვითვალისწინებთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სატყეო სექტორის რეფორმირება; ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” დამტკიცების აუცილებლობას, რომელსაც წესით და რიგით უნდა ეყრდნობოდეს ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები თუ საკანონმდებლო ცვლილებები, გთავაზობთ შემდეგს:
• შეიქმნას დოკუმენტი, რომელსაც ერქმევა “საქართველოს სატყეო პოლიტიკა” (და არა “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია”). მიეცეს მას ნორმატიული აქტის ფორმა, სადაც განისაზღვრება, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გარკვეულ პერიოდში უნდა შეიმუშაოს “საქართველოს სატყეო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა”), შეიმუშაოს ახალი “საქართველოს ტყის კოდექსი” და ა.შ. და საჯარო განხილვის პროცესის შემდეგ დამტკიცდეს;
• გაგრძელდეს და დასრულდეს საქართელოს ტყეების ინვენტარიზაცია/კატეგორიზაცია;
• FAO-ს პროექტის ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა და შემუშავდეს “საქართველოს სატყეო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა”), რომელიც დაეყრდნობა დამტკიცებულ “საქართველოს სარტყეო პოლიტიკას” და ტყეების ინვენტარიზაცია/კატეგორიზაციის მასალებს;
დღეისათვის განსახილველად გავრცელებულ დოკუმენტში შეტანილი ნაწილები, სადაც მოცემულია ფონური ინფორმაცია, სტრატეგიული მიმართულებები და ა.შ. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” განმარტებითი ბარათისათვის, ისე გადავიდეს “სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმაში”.
წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, თუ როგორი უნდა იყოს დოკუმენტი “საქართველოს სატყეო პოლიტიკა”:
მიგვაჩნია, (და ამას ვიმეორებდით ყოველთვის), რომ დოკუმენტს “საქართველოს სატყეო პოლიტიკა” უნდა ჰქოდეს შედარებით ზოგადი ხასიათი; უნდა იყოს მოკლე – არა უმეტეს 10 გვერდისა ; მასში უნდა განცხადებული იყოს ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს ტყეებისადმი; დადგენილი იქნას საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და მათთან პრინციპული მიმართებები; დოკუმენტი უნდა გამოდგეს მომავალი კანონმდებლობის საფუძვლად, იყოს მარტივი და ყველასათვის გასაგები ენით დაწერილი. ანუ ნათლად უნდა ჩანდეს, თუ რა გვინდა საქართელოს ტყეებისაგან და როგორ ვხედავთ მის მომავალს.
დოკუმენტის შინაარსი (გეგმა) უნდა იყოს შემდეგი:
- პრეამბულა;
- საქართველოს სატყეო პოლიტიკის მიზნები და ამოცანები;
- საქართველოს სატყეო პოლიტიკის პრინციპები;
- საქართველოს სატყეო პოლიტიკის საკითხები;
4.1. ტყე და გარემოს დაცვა (ტყის ეკოლოგიური როლი);
4.2. ტყის ეკონომიკური როლი;
4.3. ტყის სოციალური როლი;
4.4. ტყის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში;
4.5. ტყის ფონდის საკუთრების საკითხები;
4.6. სახელმწიფოს როლი სატყეო პოლიტიკის განხორციელებისა და ტყეების მდგრადი მართვის საკითხებში;
4.7. სატყეო განათლება და მეცნიერება;
4.8. საზოგადოების მონაწილეობა;
- დასკვნა (გარდამავალი დებულებები)
საქართველოს სატყეო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების კონვენციასთან, და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის ¹27 დადგენილებასთან “საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ” , რომელიც ამ კონვენციის მოთხოვნათა შესრულების მიზნითაა მიღებული. სწორედ ამ დოკუმენტში საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი სატყეო სექტორში არებული პრობლემები, განსაზღვრულია ზოგადი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები და ნათქვამია, რომ “სატყეო სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა ამ დოკუმენტში განსაზღვრულ შესაბამის მიზნებსა და ამოცანებზე დაყრდნობით შემუშავდება ცალკე დოკუმენტის სახით”. ეს საშუალებას მოგვცემს ავირიდოთ ის შეცდომები, რაც მოხდა 1999 წელს ტყის კოდექსის მიღებისას და თანამიმდევრულს გახდის საქართველოს მთავრობის ქმედებებს.
იმედი გვაქვს თქვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობის.
პატივისცემით, ირაკლი მაჭარაშვილი
ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი
მწვანე ალტერნატივა