კლიმატის კრიზისის ფონზე, გურიის მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის უკონტროლო მოპოვება კატასტროფების რისკებს ზრდის

გურია ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია საშიში გეოლოგიური პროცესების აქტივობის და მათგან მიყენებული ზიანის მიხედვით. კლიმატური ცვლილებები და ანთროპოგენური ჩარევები (ქვა-ხრეშის უკონტროლო მოპოვება, ჰესების მშენებლობა) სტიქიური გეოლოგიური ზრდის  და ჰიდროლოგიური პროცესების ფართოდ გავრცელებას და მათ ინტენსიურობას.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გურიის რეგიონში 193 დასახლებული პუნქტიდან 180 დასახლებული პუნქტი მოქცეულია სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზემოქმედების არეალში

ადგილობრივების დაკვირვებით ბოლო ათწლეულებში კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება შესამჩნევია, რაც ნალექის რაოდენობის ზრდით, ტემპერატურის ცვლილებებით, მიწის ეროზიისა და მეწყრული პროცესების გახშირებით ვლინდება.

მდინარე სუფსის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შეფასებისას იკვეთება ქვიშა-ხრეშის არაპროპორციული და არათანაბარი მოპოვება, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის მორფოლოგიის დარღვევას.

მდინარე სუფსის გეოეკოლოგიური მდგომარეობის სრულად უგულებელყოფის გამო, ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოები კიდევ უფრო ზრდის მდინარე სუფსაზე მიმდინარე გვერდით და სიღრმით ეროზიას, რაც საბოლოოდ აისახება წყალდიდობების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაკარგვაში.  2023 წლის სექტემბერში ორჯერ განვითარებულმა წყალდიდობამ  მდინარე სუფსაზე  ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მიიტაცა, რამაც მოსახლეობას კატასტროფული შედეგები მოუტანა. აუცილებელია, გამკაცრდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიების რეგულაციება და კონტროლი და ლიცენზიის გაცემის პროცესში,  გათვალისწინებული იყოს მდინარისა და მისი ეკოსისტემის მდგომარეობა, კლიმატის ცვლილების გავლენები, და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვნად იყოს ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

გურიაში, ჭალის ტყეების აღდგენა აუცილებელია წყალდიდობებისგან ადამიანების დასაცავად

გურიაში ქვა-ხრეშის უკონტროლო მოპოვების გამო მასიურად იჩეხება ჭალის ტყეები, რაც აძლიერებს ეროზიულ პროცესებს, ანადგურებს ჰაბიტატებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ბიომრავალფეროვნებას.  მდინარეების – სუფსისა და შუთის ჭალების დანახვაც კი საკმარისია იმის შესაფასებლად, რომ ბიომრავალფეროვნების ეკოლოგიური ბალანსი და ჭალის ტყეების ძირითადი ფუნქციები დარღვეულია.

ჭალის ტყეები უნიკალური ეკოსისტემაა, რომელსაც მყარი ფესვთა სისტემის წყალობით შეუძლია ეროზიული პროცესების შეკავება და ნიადაგდაცვითი როლის შესრულება, მეწყერებისა და წყალდიდობების რისკებისა და კლიმატის ცვლილების შერბილება.

კლიმატის ცვლილება დამატებით ხელს უწყობს ინვაზიური სახეობების გავრცელებასაც, რისი ნათელი მაგალითიცაა ბოლო წლებში თხილის გაველურება. ადგილობრივ, ბუნებრივად გავრცელებულ, სახეობებთან შედარებით, თხილს არ აქვს ნიადაგდაცვითი ფუნქცია, სუსტი ფესვთა სისტემის გამო.

მნიშვნელოვანია, ჭალის ტყის აღდგენის ღონისძიებები დაიგეგმოს ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (Nature based solutions) მეთოდოლოგიით, რომელიც მხარს უჭერს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას, მის აღდგენას, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციას.

საზოგადოების სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფა არის კრიტიკული ფაქტორი ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წარმატებით განხორციელებისთვის. ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების, ჰაბიტატების და წყლის რესურსების შესახებ მოსახლეობის ტრადიციული ცოდნის გათვალისწინება, მნიშვნელოვანია, იმგვარი სტრატეგიების დასაგეგმად, რომლებიც გრძელვადიან შედეგებს მოიტანს და თვითონ ადგილობრივების საკეთილდღეოდ იმუშავებს.