კლიმატის კრიზისისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირი გურიის მაგალითზე
-
ნათია კეკენაძე
-
ხატია ბასილაშვილი
კლიმატის კრიზისი საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის ადგილობრივი თემებისთვის, მდინარის ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის, ასევე სტიქიური პროცესების მართვის თვალსაზრისით. ერთი მხრივ, სუსტია ქვეყნის კლიმატის ცვლილების პოლიტიკა, რომელიც არ მოიცავს ამ პრობლემების ადგილობრივ დონეზე გადაჭრის ხედვებსა და ღონისძიებებს. მეორე მხრივ, აქტიურად მიმდინარეობს ბუნებრივ გარემოში ინტენსიური ჩარევები და ბუნებრივი რესურსების აგრესიული ათვისება. მათზე კონტროლის მექანიზმები სუსტია და გარემოსდაცვითი აღდგენის ღონისძიებები არ მიმდინარეობს. მეტიც, კვლევამ აჩვენა რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვების პრაქტიკა გურიაში გარემოსდაცვით კანონსაც კი არღვევს.
2025 წლის იანვარ-თებერვალში კვლევამ ინტერდისციპლინური მიდგომით შეისწავლა გურიის რეგიონის სოფლებში კლიმატის ცვლილებისა და ანთროპოგენური ჩარევების ერთობლივი ადგილობრივი ზემოქმედება. კლიმატის ცვლილება საკვლევ არეალში ზრდის ადგილობრივი თემებისა და ეკოსისტემების მოწყვლადობას. შემცირებულია ეკოსისტემების რეზისტენტულობა სხვადასხვა სტრესული ფაქტორის მიმართ, როგორიცაა მავნებლები და დაავადებები, და შესუსტებულია მათი წყალდიდობისგან ნაპირდამცავი ფუნქცია. მომატებულია მდინარეების ნაპირების ეროზიული პროცესები და სტიქიური საფრთხეების რისკი.
ადგილობრივი მოსახლების პერსპექტივებით, ბუნებისა და მათი საარსებო გარემოს “ბედი” ურთიერთგადაჯაჭვულია. კვლევამ გამოავლინა, რომ კლიმატის ცვლილებასთან და ანთროპოგენურ ჩარევებთან ერთად, მოსახლეობის აზრით, სტიქიური მოვლენების მძიმე შედეგებს სახელმწიფოს სუსტი პოლიტიკაც განაპირობებს.
ადგილობრივების დაკვირვება და მათი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულებში კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება შესამჩნევია, რაც ნალექის რაოდენობის ზრდით, ტემპერატურის ცვლილებებით, მიწის ეროზიისა და მეწყრული პროცესების გახშირებით ვლინდება. გურიის რეგიონში არსებული მაღალი სიღარიბის დონე, სოციალურ სერვისებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, ადგილობრივ მოსახლეობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან მოწყვლადს ხდის. ამას ემატება ისიც, რომ რესპონდენტების თქმით, სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ რეაგირებენ კატასტროფების მართვისა და პრევენციის პროცესში. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კატასტროფების შედეგების სიმძიმე ძირითადად განპირობებულია მოსახლეობის მოწყვლადობით და გადაუდებელი სიტუაციების მართვის არასაკმარისი პოლიტიკით. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გურიის რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის განსახლების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა განსახლების პროგრამა, იგი არ ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საჭიროებებს. ეკომიგრაციის პროგრამის ფარგლებში განსახლებული ოჯახები არაერთ გამოწვევას აწყდებიან, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილისა და საარსებო წყაროს არასტაბილურობასთან.
კვლევაში ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესწავლილი მაგალითები აჩვენებს, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება განსაკუთრებით უკონტროლოდ მიმდინარეობს. მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება, ჭალის ტყის განადგურება და კვლევაში განხილული სხვა ზემოქმედება, მნიშვნელოვნად ამცირებს ადგილობრივი თემებისა და ეკოსისტემების მედეგობის უნარს, გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების გამოწვევებს.
გურია ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია საშიში გეოლოგიური პროცესების აქტივობის და მათგან მიყენებული ზიანის მიხედვით. სტიქიური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების ფართოდ გავრცელებას და მათ ინტენსიურობას ხელს უწობს კლიმატური ცვლილებები და ანთროპოგენური ჩარევის ინტენსივობა-კონტრასტი.
კვლევამ გამოავლინა, რომ ამ ჩარევების შედეგად შეცვლილია მდინარე სუფსის მორფოლოგია, გვხვდება გვერდითი და სიღრმითი ეროზიები. მდ. სუფსაზე წყალდიდობა შესაძლებელია მრავალი ფაქტორის ან მათი ერთობლიობის შედეგად მოხდეს, თუმცა კლიმატური პირობების ცვლილებების ფონზე, არაპროპორციულად მიმდინარე ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოები მნიშვნელოვნად აზიანებს მდინარეს, რამაც შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, კლიმატის ცვლილებისა და ანთროპოგენური ჩარევების ერთობლივი ზემოქმედების შედეგად, გურიის ეკოსისტემების მედეგობის შემცირების მნიშვნელოვანი კავშირები და ტენდენციები. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძლიერი ნალექები გაძლიერებულ ეროზიას და მეწყერებს იწვევს. გურიაში კი ინერტული მასალების მოპოვების გამო ჭალის ტყეების გაჩეხვის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერებულია ეროზიული პროცესები. ამასთან ერთად მდინარის კალაპოტის შეცვლა წიაღისეულის მოპოვების გამო, ზრდის წყალდიდობების რისკს, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ინტენსიური ნალექების პირობებში.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეები კატასტროფებს ადამიანის გარემოზე უარყოფით გავლენასაც უკავშირებენ, რაც უკონტროლო ტყის ჩეხვას და მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის გადამეტებულ მოპოვებას მოიცავს. ადგილობრივები პირდაპირ მიუთითებენ იმ საფრთხეებზე, რაც დაურეგულირებელი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება და რომელიც სტიქიურ მოვლენებს კიდევ უფრო გაამწვავებს.
კვლევის ერთობლივი დასკვნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებელია ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიების რეგულაციებისა და კონტროლის გაძლიერება-გამკაცრება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სრულფასოვნად იყოს გათვალისწინებული მდინარისა და მისი ეკოსისტემის მდგომარეობა, კლიმატის ცვლილების გავლენები და არსებული სტიქიური პროცესები, საჭირო აღდგენითი ღონისძიებები. აუცილებელია, რომ წიაღის მოპოვების ზემოქმედებები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მოსახლეობა დროულად იქნას ინფორმირებული და ლიცენზიანტმა უზრუნველყოს სათანადო აღდგენითი ღონისძიებების გატარება. რეგულირებისა და კონტროლის უკეთესი სისტემის ფარგლებში, შესაძლებელი იქნებოდა მდინარე სუფსაზე ამჟამად არასწორი საინჟინრო მიდგომებით ინერტული მასალების მიმდინარე მოპოვების თავიდან აცილება. ეს არამდგრადი პრაქტიკა ხელს უწყობს და ამძაფრებს ბუნებრივად მიმდინარე მდინარის გვერდით ეროზიას, ასევე ზრდის წყალდიდობის რისკებს.