რა რაოდენობის წყალი უნდა დარჩეს მდინარეში?
-
დავით ჭიპაშვილი
საქართველოს მთავრობა და ჰიდროელექტროსადგურების (ჰესების) მშენებლობის მომხრეები საქართველოში ჰესების მასობრივ მშენებლობას განიხილავენ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვების მთავარ გზად. მიზეზად სახელდება საქართველოს „უდიდესი ჰიდროპოტენციალი“ (26060 მდინარე), რომლის, „მხოლოდ 20 პროცენტია ათვისებული“. მედიაში გაკეთებულ განცხადებებში მაღალჩინოსნები და მათთან დაკავშირებული „ექსპერტები“, ხშირად, ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესები სრულად აკმაყოფილებს „ევროპულ ნორმებს“ და ყველას, ვინც ასეთ განვითარებას ეწინააღმდეგება, სურს საქართველოს „სიბნელეში დაბრუნება“.
მართლაც, აკმაყოფილებს კი საქართველოში დაგეგმილი და მშენებარე ჰესები „ევროპულ ნორმებს“? რას გულისხმობს ეს ნორმები სინამდვილეში? ამ ბლოგში ყურადღება გამახვილებულია ჰესების მშენებლობისას გასათვალისწინებელ ერთ-ერთ საკვანძო საკითხზე – როგორ გამოითვლება მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი – წყლის ის რაოდენობა, რაც მდინარეში უნდა დარჩეს. მიმოხილულია ევროპული პრაქტიკა და ის შედარებულია საქართველოს პრაქტიკასთან; კერძოდ, კი, იმ მეთოდოლოგიასთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებზე მორგებული თანამედროვე მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის დასათვლელად, საერთაშორისო ექსპერტებმა, სპეციალურად საქართველოსთვის შეიმუშავეს და რომელსაც, რატომღაც, საქართველოს მთავრობა პრაქტიკაში არ იყენებს.
ჰიდროელექტროსადგურები და მათი ტიპები
ზოგადად, არსებობს ჰიდროელექტროსადგურების რამდენიმე ძირითადი სახეობა: მაღალკაშხლოვანი, ჰიდრომააკუმულირებელი, დერივაციული, მოდინებაზე მომუშავე კალაპოტური ტიპის და შერეული. ელექტროენერგიის მისაღებად მათი მუშაობის პრინციპი ერთია: მდინარის წყლის დერივაციული მილების საშუალებით ტურბინებისკენ გადასროლა. თუმცა, განსხვავებულია მათი ზემოქმედების მასშტაბები. მაგალითად, მაღალკაშხლოვან ჰესში, წყლის დაგროვება ხდება რეზერვუარში და ამისთვის, იტბორება დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ტყის მასივები და ხშირ შემთხვევაში, იწვევს ადამიანების იძულებით განსახლებას.
მაღალკაშხლოვანი ჰესისგან განსხვავებით, მართალია, დერივაციული ჰესი არ ტბორავს დიდ ფართობებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ხდება მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან წყლის ამოღება და ტურბინებისკენ გადასროლა. შესაბამისად, მნიშვნელოვალნია, როგორ გამოვთვალოთ ბუნებრივ კალაპოტში დასატოვებელი და ჰესისთვის საჭირო წყლის რაოდენობები ისე, რომ თავიდან ავიცილოთ მდინარეების ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადაცია. განსაკუთრებით, თუ ეს ობიექტები დაგეგმილია ხელუხლებელ ეკოსისტემებში, სადაც უარყოფითი ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე კიდევ უფრო დიდი იქნება.
შესაბამისად, საქართველოში დერივაციული ტიპის ჰესების დიდი რაოდენობიდან, გეოგრაფიიდან და მათი განხორციელების პრაქტიკიდან გამომდინარე, ის არანაკლებ საშიშროებას შეიცავს, ვიდრე მაღალკაშხლიანი ჰესები.
საქართველოში არსებული მიდგომა – საბჭოთა „სანიტარული ხარჯი“
„სიბნელიდან თავის დასაღწევად“ 2008-2019 [1]2019 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში წლებში საქართველოს მთავრობამ ჰესების დეველოპერებთან 187 ურთიერთგაგების მემორანდუმი/ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა უმრავლესობა ე.წ. დერივაციული ტიპის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.
ყველა ამ ობიექტისთვის ბუნებრივ კალაპოტში დასატოვებელი წყლის რაოდენობა განსაზღვრულია მდინარის საშუალო მრავალწლიანი ხარჯის 10%-ით, ე.წ. „სანიტარული ხარჯით“. ეს მეთოდი ძალზე პრიმიტიულია, ის გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირში და უბრალოდ, გულისხმობს მდინარის დინების 90 პროცენტის დერივაციული მილებით ტურბინებისკენ გადასროლას; მდინარე კი, შეიძლება, კილომეტრობით მანძილზე დარჩეს სწორედ ამ 10 პროცენტის ამარა.
ამ მოძველებული მიდგომით არ ხდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინება, რასაც საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს მდინარის ხარჯის გამოთვლისას. ესენია: მდინარის ტიპი, სეზონური ხარჯები, ხარჯის რეჟიმის სხვა გარემოსდაცვითი და სოციალური მნიშვნელობის ასპექტები და წლის, ან წლების განმავლობაში ხარჯის ცვალებადობა. ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე კი, ჰესების მფლობელების ეკონომიკური ინტერესების (რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება) გამო, ხდება მდინარის ეკოლოგიური და სოციალური ფუნქციების უგულებელყოფა.
საინტერესოა ისიც, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი, არცერთი ნორმატიული აქტით არ იყო დადგენილი 10 პროცენტიანი ლიმიტი ჰესის მშენებლობისათვის. მსგავსი ლიმიტები არ არსებობს არც ევროპის ქვეყნებში და არც აშშ-ში. უფრო მეტიც, ასეთი მცირე რაოდენობით წყლის დატოვება მდინარის ბუნებრივ კალაპოტში არის ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, მაგალითად, „წყლის ჩარჩო დირექტივის“ და „ჰაბიტატების დირექტივის“ უხეში დარღვევა.
სამწუხაროდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ინვესტორების მიერ მომზადებული ჰესების პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე (ხოლო 2018 წლამდე პასუხისმგებელი იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემაზე), ნაცვლად ასეთი პროექტების კრიტიკულად შეფასებისა, მარტივად აწერს ხელს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უშვებს მდინარეებიდან ჭარბ წყალაღებას, მდინარეების ხარჯის 90 პროცენტის ჰესებში.
გარემოსდაცვითი ხარჯი და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივა
2014 წელს საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს წყლის რესურსებთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროკავშირის „წყლის ჩარჩო დირექტივასთან“ [2]Directive 2000/60/EC; 23 October 2000; https://ec.europa.eu/environment/water/water-framework/index_en.html შესაბამისობაში მოყვანასაც.
ევროკავშირის „წყლის ჩარჩო დირექტივის“ ძირითადი მიზანია წყლის ყველა ობიექტის (მდინარე, ტბა, ა.შ) არსებული სტატუსის გაუარესების თავიდან აცილება და პირიქით, მისი დაცვა, გაუმჯობესება და აღდგენა. „წყლის ჩარჩო დირექტივა“ ავალდებულებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ ყველა საჭირო ღონისძიება წყლის ყველა ობიექტისთვის „კარგი ეკოლოგიური სტატუსის“ მისაღწევად, ხოლო ძლიერ სახეცვლილი წყლის ობიექტებისთვის უნდა შემუშავდეს ღონისძიებები „კარგი ეკოლოგიური პოტენციალის“ უზრუნველსაყოფად.
ჭარბი წყალაღება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრობლემური ზემოქმედებაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაც. შესაბამისად, იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის წყალაღება უნდა მოხდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის მნიშვნელოვანი ცვლილებების პრევენციისთვის.
რა არის მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი?
მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის რამდენიმე განმარტება არსებობს. 2007 წლის ბრისბანის დეკლარაციის თანახმად [3]Brisbane Declaration. 2007. The Brisbane declaration. environmental flows are essential for freshwater ecosystem health and human well-being. Declaration of the 10th International River symposium and … Continue reading,

გარემოსდაცვითი ხარჯი გულისხმობს მდინარეში სათანადო ხარისხის წყლის ისეთი რეჟიმისა და დონის განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია წყლის ეკოსისტემებისა და ამ ეკოსისტემებზე დამოკიდებული ადამიანების საარსებო წყაროებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის.
მდინარეში „გარემოსდაცვითი ხარჯის“ განსაზღვრა წყლის რესურსების მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ის ხელს უწყობს წყლის რესურსების დაცვასა და მდინარეებისა, თუ წყლის სხვა ობიექტების კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას.
მარტივად, მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი უნდა შედგებოდეს სამი ძირითადი კომპონენტისგან (იხ. ასევე, დიაგრამა1) [4]საქართველოს მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგია; … Continue reading.
- სასიცოცხლო ხარჯი – კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ექსტრემალურად დაბალი ხარჯი, რომელიც აუცილებელია გვალვიანი პერიოდისათვის;
- დაბალი ხარჯი – ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია გამოკვეთილი ინდიკატორული სახეობების [5]თევზის ინდიკატორული სახეობაა თევზის ისეთი სახეობა, რომლის მეშვეობითაც … Continue reading სიცოცხლის ყველა ეტაპისთვის. ეს ეტაპები შეიძლება იყოს ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე კონკრეტული პერიოდები, ეკოლოგიური პროცესები, სოციალური და კულტურული მახასიათებლები;
- მაღალი ხარჯი – წყალდიდობები და წყალმოვარდნები, რომლებიც გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და აუცილებელია ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა კალაპოტის მორფოლოგიის შენარჩუნება ან ეკოლოგიური პროცესების სტიმულირება (მაგ., ქვირითობა ან მიგრაცია).
დიაგრამა 1. მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი და მისი კომპონენტები

მსოფლიოში გარემოსდაცვით ხარჯის განსაზღვრასთან დაკავშირებული 200-ზე მეტი განსხვავებული მეთოდოლოგია გამოიყენება. თუმცა, ეს მეთოდოლოგიები ოთხ ძირითად კატეგორიად შეიძლება დავყოთ (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: Tharme 2003 და Poff et al. 2017 [6]Tharme, R.E. 2003. A global perspective on environmental flow assessment: emerging trends in the development and application of environmental flow methodologies for rivers. River Res. Applic. 19: … Continue reading [7]Poff, N.L., Tharme, R.E. and Arthington, A.H. 2017. Evolution of environmental flows science, principles and methodologies. Chapter 11. In: Horne, A., Webb, A., Stewardson, M., Richter, B. and M. … Continue reading
- ჰიდროლოგიური შეფასება – საჭირო წყლის მიზნობრივი ხარჯის დასადგენად გამოიყენება ისტორიული, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დათვლილი მონაცემების საფუძველზე მიღებული ხარჯის ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი;
- ჰიდრავლიკური შეფასება – მდინარის განივკვეთში (განივკვეთებში) ხარჯის გამოთვლა მარტივი ჰიდრავლიკური ცვლადების გამოყენებით (მაგალითად, დასველების პერიმეტრი, წყლის საშუალო სიღრმე). აღნიშნული მეთოდები მეტწილად გამოიყენება კომპლექსური მეთოდოლოგიების ფარგლებში;
- ჰაბიტატების მოდელირება – სხვადასხვა ხარჯის პირობებში ფიზიკური ჰაბიტატის რაოდენობრივი და სამიზნე სახეობებისათვის (ან მათი სასიცოცხლო ეტაპებისათვის, თანასაზოგადოებებისათვის) მისი ვარგისიანობის მოდელირება. ეს მეთოდები იყენებენ ჰიდროლოგიური, ჰიდრავლიკური და ბიოლოგიური რეაგირების მონაცემებს. ბევრი ასეთი მეთოდი განვითარდა უფრო მარტივი ჰიდრავლიკური შეფასების მეთოდებიდან. აღნიშნული მეთოდებიც სულ უფრო ხშირად გამოიყენება უფრო ყოვლისმომცველი, კომპლექსური მეთოდოლოგიების ფარგლებში;
- კომპლექსური (ან ეკოსისტემური) შეფასება – ეკოსისტემების სხვადასხვა კომპონენტებისათვის საჭირო წყლის ხარჯების დადგენა და მონაცემების განსაზღვრა წყლის ხარჯის, ეკოლოგიური, გეომორფოლოგიური და სოციალურ რეაქციებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების მოდელირების საფუძველზე. გარემოსდაცვითი ხარჯი დგინდება ექსპერტთა ინტერდისციპლინური ჯგუფის მიერ. სადაც გარემოსდაცვითი ხარჯის დასაბუთება საჭიროა ეკოსისტემის თითოეული კომპონენტისათვის/პროცესისათვის. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ხარჯის მონაცემების განახლება აუცილებელია მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოვლენილი ცვლილებების საფუძველზე.
ავსტრიის მაგალითი
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამკვიდრებულია საუკეთესო პრაქტიკის ელემენტები, რომლებიც მოიცავენ გარემოსდაცვითი ხარჯის სხვადასხვა მასშტაბით, სიზუსტითა და დანახარჯებით დადგენის პრინციპებსა და მეთოდოლოგიას. მაგალითად, ავსტრიაში მოქმედებს დადგენილება „გარემოს ხარისხობრივი მიზნების შესახებ – ზედაპირული წყლების ეკოლოგიური სტატუსი“ (მარტი 2020) [8]Austrian Quality Objective Ordinance – Ecological Status of Surface Waters (March 2010); https://bit.ly/3jgCDRo
ამ დადგენილების მე-2 თავის მე-2 მუხლის თანახმად, წყლის ობიექტებში გარემოსდაცვითი ხარჯის დონე უნდა უზრუნველყოფდეს წყლის ისეთ დონეს და კავშირს მიწისქვეშა წყლებთან, რომ შესაძლებელი იყოს ბიოლოგიური ხარისხის კარგი დონის მიღწევა და ბუნებრივი/კულტურული მემკვიდრეობის ფასეული თავისებურებების შენარჩუნება. ასეთი პირობები შესრულებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულია გარემოსდაცვითი ხარჯის ისეთი პარამეტრები, რომელიც ესადაგება წყლის ობიექტის (მაგალითად, მდინარის) ბუნებრივ დინებას და უზრუნველყოფს:
- ბუნებრივი კალაპოტის-ნატანის გადაადგილების სეზონურ ხასიათს და სუბსტრატის წყლის ობიექტისთვის დამახასიათებელ შედგენილობას;
- წყლის საკმარის ნაკადს/ხარჯს ქვირითობასთან დაკავშირებული მიგრაციების პერიოდში;
- წლის სხვადასხვა პერიოდებში წყლის ძირითადი ორგანიზმების განსხვავებულ მოთხოვნებს ჰაბიტატების მიმართ;
- წყლის ობიექტისთვის ჟანგბადსა და ტემპერატურასთან დაკავშირებულ დამახასიათებელ პირობებს;
- კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ჰიდროლოგიური თავისებურებების შენარჩუნებას.
როგორც ვხედავთ, ავსტრიაში სავალდებულოა კომპლექსური გარემოსდაცვითი ხარჯის განსაზღვრის მეთოდოლოგიის გამოყენება წყალაღების სათანადო დონის განსასაზღვრად.
საქართველოსთვის შემუშავებული გარემოსდაცვითი ხარჯის განსაზღვრის მეთოდოლოგია
2017 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოსთვისაც შემუშავდა გარემოსდაცვითი ხარჯის დადგენის მეთოდოლოგია. ეს მეთოდოლოგია ემყარებოდა გარემოსდაცვითი ხარჯის დადგენის ორ თანამედროვე მეთოდოლოგიას, ავსტრიულს და აშშ-ის კონექტიკუტის შტატისათვის შემუშავებულ მეთოდოლოგიებს. ორივე მიდგომა ფართოდაა გავრცელებული და ამ ქვეყნებში მათი გამოყენება სავალდებულოა კანონმდებლობით. საქართველოსთვის შემუშავებული მიდგომა მოიცავს როგორც კომპლექსური, ისე ჰაბიტატების მოდელირებაზე დამყარებული მეთოდის ელემენტებს.
ავსტრიული მეთოდის ჩვენთან გამოყენებისა და შემდგომში მისი ცალკეული საკვანძო ელემენტების გადმოღების შესაძლებლობას საფუძვლად დაედო ევროკავშირის „წყლის ჩარჩო დირექტივის“ მოთხოვნები. კერძოდ, მათი შესრულების მიმართ მსგავსი მიდგომები და ქვეყნების მსგავსება გეოგრაფიული, მდინარეთა აუზების ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლებისა და მდინარეთა ტიპების მიხედვით.
ამ მეთოდოლოგიის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მეთოდოლოგიის შემუშავებაში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ სფეროში მსოფლიოს საუკეთესო ეკო-ჰიდროლოგები რებეკა თარმი და მაიქლ მაქლეინი.
ყველა დაინტერესებული მხარის ფართო მონაწილეობით, ექსპერტთა ჯგუფმა უშუალოდ საქართველოსთვის შეიმუშავა გარემოსდაცვითი ხარჯის განსაზღვრის გზამკვლევი, რომელიც წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; თუმცა, ამ გზამკვლევის გამოყენება არ ხდება იმ მიზეზით, რომ მისი გამოყენება სავალდებულო არ არის კანონმდებლობით. შესაბამისად, დღემდე, დერივაციული ჰესების მშენებლობისას, გამოიყენება საბჭოთა „სანიტარული ხარჯი“ – მდინარეში მდინარის საშუალო მრავალწლიანი ხარჯის 10 პროცენტის დატოვების დამკვიდრებული პრაქტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული, საქართველოსა და ევროკავშირის რეგულაციებზე მორგებული თანამედროვე მეთოდოლოგია, საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მას უბრალოდ არ აღიარებენ და შესაბამისად, არც იყენებენ.
რატომ – ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვისაც საინტერესოა. თუმცა ამ პროცესის აღწერით კიდევ ერთი კითხვა იბადება: საქართველოში დამკვირებული, მოძველებული პრაქტიკით (10%-ის დატოვებით) აშენებული ჰესი შეიძლება საერთოდ „მწვანედ“ მივიჩნიოთ?
[+]
↑1 | 2019 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში |
---|---|
↑2 | Directive 2000/60/EC; 23 October 2000; https://ec.europa.eu/environment/water/water-framework/index_en.html |
↑3 | Brisbane Declaration. 2007. The Brisbane declaration. environmental flows are essential for freshwater ecosystem health and human well-being. Declaration of the 10th International River symposium and International Environmental Flows Conference, Brisbane, Australia, 3 – 6 September 2007. https://bit.ly/3ynOi7l |
↑4 | საქართველოს მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგია; აშშ-ს საერთასორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“; 10 აპრილი, 2017 წ. |
↑5 | თევზის ინდიკატორული სახეობაა თევზის ისეთი სახეობა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ზემოქმედება მთლიანად თევზებზე მდინარეში. |
↑6 | Tharme, R.E. 2003. A global perspective on environmental flow assessment: emerging trends in the development and application of environmental flow methodologies for rivers. River Res. Applic. 19: 397-441; https://bit.ly/2Zg15Mw |
↑7 | Poff, N.L., Tharme, R.E. and Arthington, A.H. 2017. Evolution of environmental flows science, principles and methodologies. Chapter 11. In: Horne, A., Webb, A., Stewardson, M., Richter, B. and M. Acreman, (Eds). Water for the Environment. Elsevier Press. https://bit.ly/3kr7GvQ |
↑8 | Austrian Quality Objective Ordinance – Ecological Status of Surface Waters (March 2010); https://bit.ly/3jgCDRo |