მწვანე ალტერნატივა საჯარო ინფორმაციის გადმოცემას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო

დავის არსი:

მწვანე ალტერნატივა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მოეპოვებინა საჯარო ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  1. 2013 წლის 1 იანვრიდან ინფორმაციის მოწოდების დღემდე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების შესაბამისად დამტკიცებულ ათვისების გეგმებში ცვლილების შეტანის მოთხოვნის შესახებ ლიცენზიანტების განცხადებებისა და მიღებული (როგორც თანხმობის, ასევე უარის შესახებ) გადაწყვეტილებების ასლები.
  2. შპს ჯორჯიან მანგანეზის ლიცენზიასთან დაკავშირებული შემდეგი საჯარო ინფორმაცია:
    • მარაგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები, რომლიც მოიცავს სოფლების: ზოდის, წირქვალისა და ხალიფაურის ტერიტორიებს;
    • წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემის და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების ასლები, რომლიც მოიცავს სოფლების: ზოდის, წირქვალისა და ხალიფაურის ტერიტორიებს;
    • ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც სოფლების: ზოდის, წირქვალისა და ხალიფაურის მოსახლეებისათვის იქნება მათ საარსებო გარემოში წიაღის მოპოვების სამუშაოების წარმოების მასშტაბის, ადგილმდებარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მატარებელი.
  3. შპს ჯორჯიან მანგანეზთან 2021 წლის 1 დეკემბრიდან ინფორმაციის მოწოდების დღემდე წარმოებული მიმოწერის, კომპანიის მიერ წარმოდგენილი (მათ შორის, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ანგარიშები შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით) და/ან კომპანიისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტის ასლი.
  4. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მომზადებული დოკუმენტები – „UNDP-ისა და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით მომზადდა რისკების შეფასების მეთოდოლოგია და მატრიცა, როგორც სამთომოპოვებითი ინსპექტირების სახელმძღვანელო დოკუმენტი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით. აღნიშნული მოიცავს, საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში არსებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს“.

2023 წლის 14 თებერვალს  მწვანე ალტერნატივამ  ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს; შედეგად, საჩივრის ზეპირ მოსმენამდე ორგანიზაციას (ყოველგვარი განმარტების გარეშე) გადაეცა ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ნაწილი; მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილზე მოგვეწოდა განმარტება, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში იყო. საბოლოოდ სადავო გახდა მხოლოდ მე-3 მოთხოვნა – „შპს ჯორჯიან მანგანეზთან 2021 წლის 1 დეკემბრიდან ინფორმაციის მოწოდების დღემდე წარმოებული მიმოწერის, კომპანიის მიერ წარმოდგენილი (მათ შორის, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ანგარიშები შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით) და/ან კომპანიისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტის ასლი“.

საჩივრის განხილვის შედეგად გადმოგვეცა მხოლოდ სპეციალური მმართველის ყოველთვიური ანგარიშები და ისიც არასრულად – 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი ანგარიშები (გადმოცემის მომენტისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო იანვრის, თებერვლისა და მარტის ანგარიშებიც).

გადაწყვეტილება :

საჩივრის ზეპირ მოსმენაზე სააგენტო დაგვეთანხმა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროა და უნდა გადმოგვეცეს; თუმცა, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა მხოლოდ „სპეციალური მმართველის ყოველთვიური ანგარიშების გაცემა“. მოგვიანებით, ეს ინფორმაციაც არასრულად გადმოგვეცა, ამიტომ მწვანე ალტერნატივას სარჩელით თბილისი საქალაქო სასამართლოს მიმართა.

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 21 მარტის №256/ს ბრძანება “ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივას“ (ს/კ 204952676) 2023 წლის 14 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ”

 

მასალები :