დავის საგანი - ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯაროობა
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა (წარმომადგენელი), შოთა ბუჩუკური
- მოპასუხე : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
- მესამე პირი : შპს ,,ენერგოტრანსი''
- მოსამართლე : ნათია ბუსკაძე
დავის არსი :
2017 წლის 25 მაისს შოთა ბუჩუკურმა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შპს „ენერგოტრანსის“ 500კვ-იანი ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი.
პასუხად, შოთა ბუჩუკურს ეცნობა, რომ შპს „ენერგოტრანსის“ მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მიერ კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული შემდეგი ადმინისტრაციული წარმოების მასალები:
- მშენებლობის პროექტი;
- პროექტის რეკონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები;
- საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სტეფანწმინდას მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე;
- საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სტეფანწმინდას მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე;
- საექსპერტო დასკვნა 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის ქსანი-სტეფანწმინდას ტექნოლოგიურ ნაწილზე;
- კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები; და
- პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია.
როგორც დამატებით გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან გაირკვა შპს ენერგოტრასმა 2017 წლის 4 მაისს (პროექტის პირველ მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 19 ივლისს; ხოლო მეორე მონაკვეთზე – 2016 წლის 1 დეკემბერს) მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს და მოითხოვა ზემოთჩამოთვლილი მასალების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. აღნიშნულის საფუძვლად წერილში მითითებულია ორი გარემოება:
- „დოკუმენტაცია შეიცავს როგორც პერსონალურ მონაცემებს, ასევე პროფესიულ და კომერციულ საიდუმლოებას და აღნიშნული დოკუმენტების მესამე პირთათვის გადაცემა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“;
- „(KFW)-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ნორმატიული აქტების შესახებ კანონის შესაბამისად იერარქიულად წარმოადგენს ზემდგომ დოკუმენტს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულება პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცემას KFW-სთან შეუთანხმებლად კრძალავს“.
საგულისხმოა, რომ 2018 წლის 6 მარტს გამართულ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ენერგოტრანსმა დამატებით წარმოადგინა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად:
- პროექტისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევად დაქირავებული გერმანული კომპანია „ფიხტნერის“ წარმომადგენლის ელექტრონული წერილი, რომლითაც კომპანია „არსებული მდგომარეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქციელის გათვალისწინებით“ ენერგოტრანსის წარმომადგენელს სთხოვს კონფიდენციალურობის დაცვას;
- KfW-ს წარმომადგენლის ელექტრონული წერილი ენერგოტრანსის წარმომადგენელს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბანკი თანახმაა „ინფორმაციის გამოქვეყნებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს სამართლებრივი ვალდებულება, ან სასამართლოს, ან სახელმწიფო ორგანიზაციის ბრძანება“; და მოუწოდებს ენერგოტრანსს იხელმძღვანელოს ფიხტნერთან დადებული საკონსულტაციო ხელშეკრულების 1.12 მუხლით, რომელიც კომპანიას ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვას ავალდებულებს.
სარჩელის ავტორები ვთვლით, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი პროექტის (V კლასის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისას არ ყოფილა დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
გადაწყვეტილება :
13 თვის განმავლობაში 9 სხდომის ჩატარების შემდეგ, 2018 წლის 20 დეკემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შოთა ბუჩუკური საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ:
- სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N94-04 ბრძანება და დაავალა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;
- სასამართლომ, ასევე, ბათილად სცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შოთა ბუჩუკურის 2017 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება.
მასალები :
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- მოწინააღმდეგე მხარე : შოთა ბუჩუკური, მწვანე ალტერნატივა (წარმომადგენელი)
დავის არსი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 აპრილს გაასაჩივრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.