მწვანე ალტერნატივა ითხოვს "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი :
მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი
2006 წლის 12 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილისა და 26-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად ცნობა.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ“.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის I ნაწილის თანახმად, კი: „ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს“.
აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რადგან, სარგებლობის უფლების ან მისი ნაწილის სხვისთვის გადაცემის დროს არ არის გათვალისწინებული საზოგადოების ინფორმირება, საზოგადოება ამ დროს ვერ იქნება დროულად და ადექვატურად ინფორმირებული და შესაბამისად, ამ დროს საზოგადოებას ერთმევა უფლება მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ლახავს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ ადამიანის უფლებებს.
„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: „ნებართვის გამცემი ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. აღნიშნული წესი არ ითვალისწინებს ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენა, ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება, ადმინისტრაციული აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენა, ადმინისტრაციული აქტთან დაკავშირებით საჯარო განხილვის ჩატარება და სხვა. ამგვარ პროცედურას ითვალისწინებს მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავი, კერძოდ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი.
ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებით ირღვევა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის კონსტიტუციით აღიარებული უფლება.
2007 წლის 7 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ (კოლეგიის წევრები: ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ჯონი ხეცურიანი) გამოიტანა განჩინება #2/1/410, რომლის მიხედვითაც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
1) არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სავარაუდოდ დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები. მოსარჩელეს არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის, არც შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მიწოდების და არც მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩართვის მოთხოვნით. მოსარჩელის არგუმენტაცია მისი უფლებების მომავალში დარღვევასთან დაკავშირებით ფაქტიურად ეყრდნობა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო მოახდენს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევას. ასეთი მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული, რადგანაც არსებობს იმის პრეზუმპცია, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეასრულებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს ნებისმიერ სხვა ვარაუდს.
2) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის ნაწილებად დაყოფისა და სარგებლობის უფლების ან მისი ნაწილის იჯარით ან საკუთრებაში გადაცემის უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ურთიერთობასთან, რომელშიც არც ერთი მხარე არ არის ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ადრესატი არის საჯარო ხელისუფლება და არა კერძო პირი, რომელიც არ ახორციელებს სახელისუფლებო უფლებამოსილებას. კონსტიტუციის შესაბამისად, სწორედ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოდან შეუძლია ადამიანს მიიღოს სრული, დროული და ობოექტური ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შესახებ. იგივე შეიძლება აღინიშნოს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებითაც. ეს ნორმა ადგენს ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის გამცემის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. რაიმე შეზღუდვა ან აკრძალვა, რომელიც გარემოს შესახებ ინფორმაციის გაცემას შეეხება, სადავო ნორმით არ არის დადგენილი. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და შესაბამისად ვერ თავსდება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედების ფარგლებში. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ის არ გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას. იღებდე ინფორმაციას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ავტომატურად არ ნიშნავს აუცილებელი წესით მონაწილეობდე ამ საკითხის გადაწყვეტაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება
მოსამართლეები: ბ. ლოლაძე, ო. სიჭინავა და ჯ. ხეცურიანი