მწვანე ალტერნატივა ითხოვს ვარციხეჰესების კასკადის საპრივატიზებო ხელშეკრულების გადმოცემას

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი :

მოპასუხე მხარე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2006 წლის 25 დეკემბერს ასოციაცია  მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მოითხოვა  შპს ვარციხე 2005 -ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის G.M. Georgian Manganese Holding Limited-ისათვის გაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ასლი.

მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 8 იანვარს მიიღო პასუხი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან, რომლის თანახმად, შპს ვარციხე  2005-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის ნასყიდობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს G.M. Georgian Manganese Holding Limited-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება „წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი ასლის გაცემაზე საჭიროა „მყიდველის“ წერილობითი თანხმობა, რის თაობაზეც შპს G.M. Georgian Manganese Holding Limited-ს გაეგზავნა სამინისტროს წერილობითი შეტყობინება“.

2007 წლის 18 იანვარს მწვანე ალტერნატივამ განმეორებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამჯერად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 33-ე  მუხლის საფუძველზე, ორგანიზაციამ მოითხოვა ხელშეკრულების იმ ნაწილების ასლი, რომლებიც არ შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას, ასევე მითითება იმ პირზე, რომელმაც გაასაიდუმლა ინფორმაცია, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და გასაიდუმლოების ვადა. 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წლის 6 თებერვლის საპასუხო წერილით კვლავ უარი უთხრა ასოციაცია მწვანე ალტერნატივას იმავე მიზეზით ინფორმაციის გაცემაზე.

2007 წლის 5 მარტს მწვანე ალტერნატივამ მესამედ მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეკრულების განსაიდუმლოების მოთხოვნით. 2007 წლის 17 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულების განსაიდუმლოებასა და ასლის გაცემაზე.

სამინისტროს ქმედებით შეილახა ორგანიზაციის უფლებები ინფორმაციაზე, გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ორჰუსის კონვენციის მე-4 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 33-ე, 37-ე, 38-ე მუხლებით და 42- მუხლის „ა“ პუნქტით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დაარღვია, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც გაასაიდუმლა ხელშეკრულება  იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

დავა საქალაქო სასამართლოში

მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 13 აპრილს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგი მოთხოვნებით:

1) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს გამოთხოვა შპს ვარციხე 2005-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის G.M. Georgian Manganese Holding Limited-ისათვის გაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მისი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით;

2) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 მეორე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის, 42-ე მუხლის „ა“ პუნქტის და 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე დაევალოს მოპასუხეს მოახდინოს შპს ვარციხე 2005-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის G.M. Georgian Manganese Holding Limited-ისათვის გაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულების განსაიდუმლოება;

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

2007 წლის 16 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მესამე პირად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში შპს G.M. Georgian Manganese Holding Limited-ი.

2007 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელი და დაავალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს  შპს ვარციხე 2005-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის შპს G.M. Georgian Manganese Holding Limited-ისათვის გადაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულების განსაიდუმლოება და ხელშეკრულების ასლის  მწვანე ალტერნატივასათვის გადაცემა. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ხელშეკრულება შეიცავს გარემოსდაცვით ინფორმაციას და ის არ შეიძლება წარმოადგენდეს ვინმეს კომერციულ საიდუმლობას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე: ინგა კვაჭანტირაძე

2007 წლის 28 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელესათვის უარის თქმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი

მწვანე ალტერნატივას შესაგებელი სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე

2008 წლის 17 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება

მოსამართლეები: გ. გიორგიშვილი, ლ. მამულაშვილი და ი. ჟორჟოლიანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეორედ განიხილა მწვანე ალტერნატივას სარჩელი და 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივას სარჩელი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

მწვანე ალტერნატივამ 2009 წლის 10 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი

2010 წლის 8 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება

მოსამართლეები: ივ. ღლონტი, ჯ. რუსიაშვილი და ბ. ალავიძე

2010 წლის 7 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განჩინება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი

2010 წლის 6 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი.  საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების თანახმად, მწვანე ალტერნატივას მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი არ იყო მნიშვნელოვანი სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და არც სააპელაციო სასამართლოს განუხილავს საქმე იმდენად მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომ ამას არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. 

უზენაესი სასამართლოს განჩინება

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე და პაატა სილაგაძე.

აღსანიშნავია, რომ მწვანე ალტერნატივას სასამართლო დავის დასრულების შემდეგ შპს ვარციხეჰესი 2005-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის G.M. Georgian Manganese Holding Limited-ისათვის გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდა. როგორც მწვანე ალტერნატივა 3.5-წლიანი სასამართლო დავის განმავლობაში ამტკიცებდა, ხელშეკრულება მართლაც შეიცავს გარემოსდაცვით ინფორმაციას.