მწვანე ალტერნატივა რუსთავის, მცხეთისა და თბილისის წყალმომარაგების სისტემების საპრივატიზებო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ამსახველი ანგარიშის ასლს ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი :
მწვანე ალტერნატივა რუსთავის, მცხეთისა და თბილისის წყალმომარაგების სისტემების საპრივატიზებო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ამსახველი ანგარიშის ასლს ითხოვს
მოპასუხე მხარე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე მხარე: შპს ჯორჯიან გლობალ უითილითის ლიმითედი
2010 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან რუსთავწყალკანალის, მცხეთაწყალკანალის, საქწყალკანალისა და თბილისის წყალის 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების უშედეგო მცდელობის შემდეგ, მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გადმოცემა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაგებელი
მწვანე ალტერნატივას სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 9 დეკემბერს დაიწყო. სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლომ გადაწყვიტა დავაში მესამე მხარედ შპს ჯორჯიან გლობალ უითილითის ლიმითედის ჩართვა, რაც სასამართლოს რამოდენიმე სხდომის გადადების მიზეზი გახდა. ჯორჯიან გლობალ უითილითის ლიმითედის წარმომადგენელს ხან რწმუნება არ ჰქონდა, ხან მარწმუნებელი ორგანიზაციის რეესტრის ამონაწერი, ხან კი, ის უბრალოდ არ ცხადდებოდა სხდომაზე. საბოლოოდ, 2011 წლის 14 იანვრის სხდომაზე, მოსამართლემ საქმის განხილვა კომპანიის წარმომადგენლის გარეშე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან გლობალ უითილითის ლიმითედის წარმომადგენელი აღარ გამოცხადებულა სასამართლოს არცერთ შემდეგ სხდომაზე.
საქალაქო სასამართლოს სხდომების მიმდინარეობისას მოპასუხე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა და მისი მტკიცებით “ინფორმაცია, წინადადებები და შეთანხმებები, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში ითვლება კონფიდენციალურად და შესაბამისად, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მხარეებმა არ უნდა შეატყობინონ სხვა ფიზიკურ პირს რაიმე ინფორმაცია, რომლიც უკავშირდება წინამდებარე ხელშეკრულებას“.
საინტერესო იყო სამინისტროს განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ აწვდიდა უწყება მწვანე ალტერნატივას თბილისში, მცხეთაში და რუსთავში საწარმოების გაყიდვის მომენტში წყლის ხარისხის ამსახველ დოკუმენტებს. სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია წარმოდგენილია ხელშეკრულების ერთ-ერთ დანართში და როგორც ხელშეკრულების ნაწილი, წარმოადგენს კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ძირითადი ტექსტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული. ამასთან, სასამართლოს მიმდინარეობისას, 2010 წლის 10 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ხელშეკრულების ტექსტის ქართული და ინგლისურენოვანი ვერსია დანართებით (მათ შორის თბილისში, მცხეთაში და რუსთავში საწარმოების გაყიდვის მომენტში წყლის ხარისხის ამსახველი დანართით) განთავსდა და ამჯერად დოკუმენტი საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი; მწვანე ალტერნატივამ დოკუმენტი სასამართლოს დამატებითი მტკიცებულების სახით წარუდგინა.
ასევე, მნიშვნელოვანია სამინისტროს პასუხი „საუკეთესო საინჟინრო და საოპერაციო მეთოდების“ ამსახველი დოკუმენტისა და მასთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მწვანე ალტერნატივას ურჩევდა ამ ინფორმაციის მოთხოვნით შპს მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისათვის მიემართა; ფაქტიურად, სამინისტრო აღიარებდა, რომ არ ჰქონდა იმ სახელმძღვანელო პრინციპების ამსახველი დოკუმენტი, რომელთან შესაბამისობაც უნდა გაეკონტროლებინა.
განხილული ფაქტორების მიუხედავად 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა მწვანე ალტერნატივასათვის საჯარო ინფორმაციის სახით ქ. თბილისში, ქ. მცხეთაში და ქ. რუსთავში საწარმოების გაყიდვის მომენტში წყლის ხარისხის ამსახველი დოკუმენტების გადაცემა.
თუმცა, იმავდროულად სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიის მიერ სამინისტროში ანგარიშგების მიზნით წარდგენილი იმავე შინაარსის დოკუმენტები (თბილისში, მცხეთაში და რუსთავში წყლის ხარისხის ამსახველი ყოველთვიური ანგარიშები), კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. უფრო მეტიც, სასამართლომ გაიზირა ის მოსაზრება, რომ იმ დროისთვის წარდგენილი და ყველა მომავალში წარსადგენი ანგარიშის კომერციულ საიდუმლობად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2008 წლის 14 მაისს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მიიღო. შესაბამისად, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებისათვის გაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაცია/ანგარიშები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის.
რეალურად სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა მწვანე ალტერნატივასთვის მხოლოდ იმ დოკუმენტის გადაცემა რომელიც, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე იყო განთავსებული და რომელიც, მწვანე ალტერნატივამ თავად წარუდგინა სასამართლოს დამატებითი მტკიცებულების სახით
სასამართლო სხდომის ოქმი 05/11/2010
სასამართლო სხდომის ოქმი 09/12/2010
სასამართლო სხდომის ოქმი 23/12/2010
სასამართლო სხდომის ოქმი 14/01/2011
სასამართლო სხდომის ოქმი 27/01/2011
სასამართლო სხდომის ოქმი 31/01/2011
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლე: ნ. დარასელია
2011 წლის 10 მარტს მწვანე ალტერნატივამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი მოთხოვნით – ბათილად ყოფილიყო ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილებულიყო მწვანე ალტერნატივას სარჩელი სრულად.
მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი
2011 წლის 19 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
სასამართლო სხდომის ოქმი 19/04/2011
სააპელაციო სასამართლოს განჩინება – მოსამართლე: თ. ძიმისტარაშვილი
2011 წლის 03 ივნისს მწვანე ალტერნატივამ უზენაესს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი
2011 წლის 12 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით მწვანე ალტერნატივას საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების თანახმად, მწვანე ალტერნატივას მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი არ იყო მნიშვნელოვანი სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და არც სააპელაციო სასამართლოს განუხილავს საქმე იმდენად მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომ ამას არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
უზენაესი სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: მ. ვაჩაძე და პ. სილაგაძე