მწვანე ალტერნატივა შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ უკანონოდ აშენებული სალექარის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: საქართველოს მთავრობა

დავის არსი:

მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და  „ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის N2-1010 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2019 წლის აპრილში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ის ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

2019 წლის 12 აპრილს სოფელ ბექთაკარში ჩატარდა სკოპინგის ანგარიშის განხილვა, რომელსაც  მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საჯარო განხილვის შემდეგ, მოვითხოვეთ საპროექტო ტერიტორიის დათვალიერება და როგორც ადგილზე გასვლის შედეგად გაირკვა არ ემ ჯი აურამაინს არა თუ დაგეგმილი, არამედ უკვე დამთავრებული ჰქონდა მშენებლობა. აღნიშნულის შესახებ მწვანე ალტერნატივამ მინისტრს აცნობა და შესაბამისი ნებართვის გარეშე სალექარის მშენებლობის ფაქტისა და სკოპინგის დასკვნის მოტყუებით მოპოვების  გამოძიება მოითხოვა.

სამინისტროს მიერ ადგილზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, გარდა ჩვენს მიერ მითითებული უკანონო მშენებლობისა, დაფიქსირდა არაერთი სხვა სამართალდარღვევა, რომელთა შესახებ შემდგარი ოქმი განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. თუმცა, სამინისტრომ არაფერი გააკეთა შპს არემჯი აურამაინის მიერ სამინისტროსა და საზოგადოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და  ბექთაქარის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი რეზერვუარი-სალექარისათვის თაღლითობის გზით სკოპინგის დასკვნის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ დაგეგმილ საქმიანობებზე ითვალისწინებს, 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება N 2-1010 „შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ის ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“. მიღებული გადაწყვეტილება არამარტო ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, არამედ  უკანონო ქმედებების დაკანონების სახიფათო პრეცენდენტს ქმნის.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა.

2019 წლის 6 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებისა და მთავრობის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მასალები :