მწვანე ალტერნატივა შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ უკანონოდ აშენებული სალექარის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვტილების გაცემის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მოსარჩელე : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს მთავრობა
  • მესამე პირი : ,
  • მოსამართლე : ვალერიანე ფილიშვილი
  • საქმის ნომერი : №3/6522-20 (330310020004014467)

დავის არსი :

2019 წლის 21 მარტს შპს არემჯი აურამაინის გენერალურმა დირექტორმა მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აცნობა, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობა და განსახილველად და სკოპინგის დასკვნის მოსაპოვებლად წარუდგინა რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტის სკოპინგის ანგარიში. 2019 წლის 12 აპრილს სოფელ ბექთაკარში ჩატარდა სკოპინგის ანგარიშის განხილვა, რომელსაც მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საჯარო განხილვის შემდეგ, ჩვენი მოთხოვნით საპროექტო ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ, რომ არ ემ ჯი აურამაინს არა თუ დაგეგმილი, არამედ უკვე დამთავრებული ჰქონდა მშენებლობა. აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ მინისტრს და შესაბამისი ნებართვის გარეშე სალექარის მშენებლობის ფაქტისა და სკოპინგის დასკვნის მოტყუებით მოპოვების მცდელობის გამოძიება მოვითხოვეთ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება N2-1010 „შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ის ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.

ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საჯარო უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის უხეში დარღვევით – სამინისტრომ უკანონოდ განხორციელებულ საქმიანობაზე გასცა სკოპინგის დასკვნა, რომლიც მხოლოდ დაგეგმილ საქმიანობაზე შეიძლება გაიცეს. შესაბამისად, 2019 წლის 25 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივარი  საქართველოს მთავრობაში წარადგინა და მოითხოვა – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N2-1010 ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა. 2019 წლის 6 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სკოპინგის დასკვნის დამტკიცების თაობაზე მინისტრის ბრძანებისა და მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით №3/9359-19 საქმეზე, მწვანე ალტერნატივას საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

2020 წლის 17 ივლისის, ჩვენს მიერ გასაჩივრებული – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის N2-1010 ბრძანების საფუძველზე, ასევე, კანონმდებლობის უხეში დარღვევით  გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება  N 2-630 „შპს „არ ემ ჯი აურამაინის” ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ³ მოცულობის რეზერვუარი-სალექარის ექსპლუატაციის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“.

გარდა იმისა, რომ გასაჩივრებული აქტებით უკვე განხორციელებულ უკანონო საქმიანობაზე გაცემულია გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ დაგეგმილ საქმიანობასთან მიმართებით იქნას მიღებული,  2020 წლის 17 ივლისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით გათვალისწინებული პირობებით კომპანიას დაევალა პოსტ ფაქტუმ იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც, როგორც დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შესწავლისას, ისე მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე. ამ ტიპის ინფორმაცია გადამწყვეტია პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონისა და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობების განსასაზღვრად.

მასალები :