განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ნადირობის კვოტების შესახებ

2011 წლის 28 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია სანადირო სახეობების შესახებ, კერძოდ, სანადირო სახეობების აღრიცხვის შედეგების მოწოდება, ასევე ინფორმაცია, თუ რა მეთოდით, როდის (რა პერიოდში), რომელ ტერიტორიებზე ჩატარდა პოპულაციების კვლევა და რომელი სამეცნიერო ორგანიზაცია/ექსპერტები მონაწილეობდნენ ამ კვლევაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი კვლევების მონაცემებს ფლობს ეს სამინისტრო, გამოქვეყნდა გაზეთში „კვირის პალიტრა“ (19 სექტემბერი, 2011 წ) და ჟურნალში „ლიბერალი“ (N93; 13-19 ოქტომბერი, 2011 წ).

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ არ შეასრულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და საერთოდ არ უპასუხა მწვანე ალტერნატივას.

2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები: ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი“.

მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია წარმოადგენს ყალბ მონაცემებს, ვინაიდან არცერთ სახელმწიფო თუ სამეცნიერო უწყებას სანადირო ცხოველთა სახეობების არანაირი აღრიცხვა არ ჩაუტარებია. ამასთანავე, სანადირო კვოტა აუცილებლად მიბმული უნდა იყოს კონკრეტულ სანადირო სავარგულზე. მოსანადირებელი ინდივიდების რაოდენობის დაკანონება იმ ტერიტორიების დასახელების გარეშე, სადაც შესაძლებელია ამ ცხოველების მოპოვება (ანუ სანადირო სავარგულების მიხედვით მოსაპოვებელი ინდივიდების გადანაწილების გარეშე), აბსურდულია.

იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას ნადირობა იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე სახეობებზე, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გამოაქვეყნებს ყალბ მონაცემებს წითელი ნუსხაში შეტანილი სახეობების სანადირო კვოტებთან დაკავშირებით.