განცხადება ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის თაობაზე

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს უახლოეს მომავალში მდინარე რიონზე, ისტორიული ლეჩხუმის ტერიტორიაზე, ნამახვანის ჰესების კასაკადის მშენებლობის დაწყების შესახებ. 

გვსურს განვაცხადოთ, რომ ქვეყნისა და მოსახლეობისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილება, აშენდეს თუ არა გიგანტური ჰესი, მიღებული უნდა იქნეს ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით. ამ პროცესის გარეშე მშენებლობის დაწყების დაანონსება სცილდება როგორც სამართლებრივ, ისე კარგი მმართველობის ჩარჩოებს. აღნიშნული ხაზს უსვამს ბოლო წლებში საქართველოში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც დაგეგმილი პროექტების ზეგავლენის შეფასების პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს და გამოიყენება არა ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ მთავრობის მიერ პროექტის განხორციელების სასარგებლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილების “დასასაბუთებლად”. მესტიის, ანაკლიის, ლილოს, ავჭალის, ხაიშის და საქართველოს არაერთი სხვა დასახლების მკვიდრთა მსგავსად, ლეჩხუმის მოსახლეობის უფლებები ილახება ბუნდოვანი “სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის” პროექტების განხორციელების საჭიროების საბაბით. 

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებითაც ამგვარი ვითარებაა: განსახილველად წარმოდგენილი “გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების” (გსზშ) ანგარიშის პროექტი არ იძლევა საკმარის და სარწმუნო ინფორმაციას ჰესების კასკადის პროექტის რეალური ზეგავლენის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ბუნებრივ გარემოსა და ზოგადად რეგიონზე. დოკუმენტში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების დიდი ნაწილი საერთოდ შეუსწავლელია (გავლენა ჯანმრთელობაზე, ნარჩენების მართვა, ზემოქმედება მიკროკლიმატზე, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა, კუმულატიური ეფექტი, აგრობიომრავალფეროვნება და ა.შ.) ან არასაკმარისადაა შესწავლილი და გაანალიზებული (ზეგავლენა ფლორასა და ფაუნაზე, დაცული ტერიტორიები, ტყის ეკოსისტემები). შესაბამისად, ანგარიშში მოყვანილი დასკვნები უსაფუძვლო და მიკერძოებულია მშენებლობის დაწყების სასარგებლოდ, ვინაიდან არ არის გამყარებული შესაბამისი კვლევებით1 პროექტის თანახმად, იძირება ან პროექტის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოყვება 14 სოფელი, რაც ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კუთხის – ლეჩხუმის არსებობის საკითხი. მიუხედავად ამისა, განსახილველად საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი არათუ განსახლების სამოქმედო გეგმა, არამედ ამ გეგმის სახელმძღვანელო პრინციპებიც კი. არადა, მშენებლობის იდეის გასამყარებლად, გეგმა რამდენჯერმე მოხსენიებულია გსზშ დოკუმენტის სოციო-ეკონომიკურ ნაწილში. მხოლოდ ეს ნაკლოვანებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული განხილვა ჩაითვალოს არასრულფასოვნად და თავიდან დაიწყოს დოკუმენტაციის საჯაროდ განხილვები. 

ანგარიშის ავტორთა მტკიცება, რომ გსზშ ანგარიშის პროექტი მომზადდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების მიხედვით, არ შეესაბამება სინამდვილეს; ანგარიში ასევე ვერ აკმაყოფილებს კაშხლების მსოფლიო კომისიის2 და საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაციის სახელმძღვანელო პრინციპებს3.

ოფიციალური ინფორმაციით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი კერძო ინვესტიციაა; კერძო ინვესტორი სახელმწიფოს წარუდგენს მშენებლობის პროექტს, ხოლო მოწონების შემთხვევაში, განახორციელებს მას; მშენებლობის დასრულების შემდეგ, ჰესები მის სრულ მფლობელობაში გადავა და თავად მართავს მათ. ამ პროცესში სრულიად გაუგებარია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს როლი, რომელიც ღიად ლობირებს პროექტს, რაც გამოიხატება ამ სამინისტროს წარმომადგენლის საჯარო განხილვებში მონაწილეობისა თუ მედიისათვის გაკეთებული განცხადებების მეშვეობით, პროექტის აქტიურ მხარდაჭერაში და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების უსაფუძვლო კრიტიკაში. სრულიად აშკარაა, რომ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება კერძო ინვესტორის ინტერესების სასარგებლოდ, ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, მას, ტრადიციულად, ჩუმი თანხმობის სტრატეგია აქვს ამორჩეული. 

მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოში არსებულ სავალალო ტენდენციებს: გარემოსდაცვითი საკითხების იგნორირება, მათ შორის, მასშტაბური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების დროს; პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის, ისევე როგორც ზოგადად, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიღებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებების იგნორირება. 

აღნიშნული ტენდენციების გაძლიერება უარყოფით ზეგავლენას მოახდენს სოციალურ და დემოგრაფიულ სიტუაციაზე საქართველოს მთიან რეგიონებში და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს და კულტურულ მემკვიდრეობას. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ენერგო-სექტორის დაგეგმვისას წარსულში დაშვებული შეცდომების თავიდან ასაცილებლად და საქართველოს ენერგო-სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით:

  • მოვითხოვთ, რომ სრულფასოვნად, ყველა გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტის გათვალისწინებით იქნეს შესწავლილი და დასაბუთებული ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების საჭიროება; გამოქვეყნდეს ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსია განსახლების სამოქმედო გეგმასთან ერთად; საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, დაიწყოს რეალური და არა პროფანაციული საჯარო კონსულტაციები;
  • მოვუწოდებთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და სხვა საჯარო დაწესებულეების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ლობირება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით;
  • მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და რიგით თანამშრომლებს, შეასრულონ ის სამუშაო, რომლისთვისაც იღებენ ხელფასს ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან;
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გამოაცხადონ მორატორიუმი საქართველოში დიდი კაშხალების მშენებლობის, მათ შორის ნამახვანის ჰესების კასკადის დაფინანსებაზე, მანამ, სანამ საზოგადოების ფართო მონაწილეობით არ შემუშავდება საქართველოს ენერგო-სექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია; ინფრასტუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შემთხვევაში კი, ამ პროექტების განხორციელების შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ, როგორც ამ პროექტების უცილობელი წინაპირობა, განახორციელონ ეკოსისტემებისა და მათი სერვისების დაცვის პროექტები (დაცული ტერიტორიების განვითარება და სხვა კონსერვაციული ღონისძიებები). 

მიგვაჩნია, რომ ზემოთ დასახელებული პუნქტების შესრულება ის მინიმუმია, რომელიც აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის – საქართველოს რეგიონის მასშტაბით სამოდელო მწვანე ეკონომიკის ქვეყნად გადაქცევა – მისაღწევად.

ხელს აწერენ:

1. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა;
2. ასოციაცია – საზოგადოება განვითარებისთვის;
3. ასოციაცია ბეთლემი;
4. არგომედია;
5. ახალგაზრდა კონსერვაციონალისტთა ჯგუფი;
6. გარემოს დამცველთა კლუბი;
7. გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე”;
8. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
9. ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“
10. კავშირი – სვანეთის ტურიზმის ცენტრი;
11. მეოხი – 2010;
12. რეგიონული ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავალი;
13. პედაგოგთა კავშირი – განათლება და სამყარო;
14. სტეფანწმიდა;
15. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია;
16. სათემო კავშირი სადმელი;
17. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი;
18. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
19. საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი;
20. ორგანიზაცია „თემი და თვითმმართველობა“;
21. გაზეთი „გურია ნიუსი“;
22. ახალგაზრდული ცენტრი “პროგრესი”;
23. ‎ღვინის კლუბი;
24. ირაკლი ლომოური;
25. საინიციატივო ჯგუფი „ურბანული გარემოს ლაბორატორია“;
26. ნინო მალაშხია;
27. ცირა ბარბაქაძე;
28. ნანა იოსელიანი;
29. მარიკა ლაფაური-ბურკ;
30. ეკატერინე კაკაბაძე;
31. რუსიკო ამირეჯიბი;
32. ლაშა ბაბუაძე;
33. ალისა დობგსონი;
34. მზია ნოზაძე;
35. “ზეკარი”;
36. თამაზ თორდია;
37. მაია გედევანიშვილი;
38. მარიამ გოდუაძე;
39. ლელა ნიკურაძე;
40. გიორგი ცინცაძე;
41. ალექსანდრე ქურხული;
42. ირმა ირომაშვილი;
43. თათა ხვედელიძე;
44. რატი ჯაფარიძე;
45. ილია ჯღარკავა;
46. მაია ვაშაკიძე;
47. დარეჯან კიკოლიაშვილი;
48. ეკა წერეთელი