გარემოს დაცვის სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების პოპულაციების ოდენობისა და განაწილების თაობაზე

გარემოს დაცვის სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების პოპულაციების ოდენობისა და განაწილების თაობაზე. ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ მწვანე ალტერნატივასათვის გაგზავნილ წერილში. 

2012 წლის 16 იანვარს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს და ითხოვა საჯარო ინფორმაცია საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი სახეობების რაოდენობისა და მათი პოპულაციების განაწილების შესახებ ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარეთ მდებარე ტერიტორიებზე.

სამინისტროში ასეთი მონაცემების არარსებობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მინიმუმ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არ იქნეს დაშვებული „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველებზე კომერციული ნადირობა.

შეგახსენებთ, რომ კანონში „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (8.11.2011. N5201), გარემოს დაცვის მინისტრს დაევალა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების (გარდა ტყვეობაში გამრავლებულისა) მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) დასაშვები ოდენობის განსაზღვრა. გარდა ამისა, ნადირობა დაშვებული იქნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ნაკრძალებისა და ეროვნული პარკებისა. მანამდე ნადირობა მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებსა და აღკვეთილების ზოგიერთ ზონაში იყო შესაძლებელი.