ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს სატყეო სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

ბატონო პრეზიდენტო, 
მოგმართავთ იმ საგანგაშო ვითარების გამო, რომელიც შექმნილია საქართველოს სატყეო სექტორში. 

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ბუნებრივი ტყეების მდგომარეობა სავალალო გახდა. სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, კახეთის მრავალ ადგილას ტყე გადაშენების პირასაა მისული და მისმა დეგრადაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. 

ყოველივე ამას საფუძვლად უდევს ტყეების არასწორი მართვა, გადაჭარბებული, ხშირ შემთხვევაში, უკანონო ექსპლუატაცია, არაპროფესიონალური კადრების სიჭარბე და კორუფციის მაღალი დონე. სატყეო სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში გრანტებისა და კრედიტის სახით იხარჯება მილიონობით დოლარი, მაგრამ ამ ინვესტიციების დადებითი შედეგი არ ჩანს. თუ ეს ვითარება სასწრაფოდ და კარდინალურად არ შეიცვალა, ახალ თაობას უტყეო ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება. გარწმუნებთ, ეს არ გახლავთ გამუქებულ ფერებში დახატული მომავალი: ადამიანის დაუფიქრებელი მოქმედების გამო, ტყე არაერთ ქვეყანაში სრულიად ან თითქმის სრულიად განადგურდა. ამ მხრივ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს – ისტორიულ წარსულში მთლიანად განადგურდა ტყეები ჯავახეთის ზეგანზე. 

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის განზრახვას, აღკვეთოს ტყის უკანონო ჭრა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ტყის უკანონო ჭრა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, პრობლემა კი გაცილებით ღრმაა. ტყის ეკოსისტემების დეგრადაციის უმთავრესი გამომწვევია რეალური ეკოლოგიური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობა ქვეყნის ეკონომიკურ, ფისკალურ, საერთაშორისო პოლიტიკაში, სამინისტროებისა და უწყებების ქმედებებში. ის რეფორმებიც, რომელთა განხორციელებასაც გვთავაზობს აღმასრულებელი ხელისუფლება ტყის სექტორში, არ ითვალისწინებს საქართველოს ტყიან ეკოსისტემებში საგანგაშო სიტუაციის არსებობას და ამიტომ შესაძლოა არათუ გააუმჯობესოს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმოს არსებული ვითარება. 

რეფორმით გათვალისწინებული ტყით გრძელვადიანი სარგებლობის დამკვიდრება, ასევე ტყეზე საკუთრების ფორმის შეცვლა (იჯარა და პრივატიზაცია) თავისთავად მისაღებია და საერთაშორისო პრაქტიკას ეთანხმება, მაგრამ საქართველოს ტყის სექტორში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამას შეიძლება უახლოეს ხანში ტყის შეუქცევადი დეგრადაცია მოჰყვეს. 

საქმე ისაა, რომ საქართველოს ტყეებში, რომლებიც უმეტესწილად ფოთლოვანი მთის ტყითაა წარმოდგენილი, სრულიად მიუღებელია მაღალი ინტენსივობის ჭრები; ხოლო მდგრადი მეტყევეობა გულისხმობს შერჩევითი ჭრების გამოყენებით კონკრეტულ ტყის კორომში ყოველი ასი ხიდან წელიწადში არაუმეტეს ერთის მოჭრას. როდესაც ხეების ერთ პროცენტზე მეტი მოჭრილია, ჭრა უნდა შეწყდეს ხანგრძლივი პერიოდით ტყის სრულ აღდგენამდე. დღეს საქართველოს ტყეების უმრავლესობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უახლოეს წლებში იქ მერქნის მოპოვება უბრალოდ დაუშვებელია. ამდენად, ხე-ტყის ვაჭრობისაგან რეალური შემოსავალი უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი; შესაბამისად, მოცემულ პერიოდში ამ გზით შემოსული დიდი შემოსავლების გათვალისწინება ქვეყნის ბიუჯეტში – მცდარი პროგნოზია. ეს გამოიწვევს ტყის ეკოსისტემების შეუქცევად დეგრადაციას, რამაც აუნაზღაურებელი ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ამასთანავე, ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი კანონის აღსრულების მექანიზმი, არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და საპარტიარქოსათვის ტყეების გადაცემის მექანიზმები, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაცემულ ტყეებში (მათ შორის, ლიცენზიით უკვე გაცემული უბნების) კონტროლის სისტემის არსებობაზე. სახელმწიფოს არ გააჩნია ტყეების მდგრადი მართვის ნათლად განსაზღვრული პოლიტიკა და სტრატეგია, არ აქვს ტყის ფონდის ინვენტარიზაციის მასალები და ამ ფონზე ნაჩქარევად მიგვაჩნია ტყის უზარმაზარი მასივების გაყიდვა მერქნის მოპოვების მიზნით. 

1937 წლის რეპრესიებს შეეწირა დიდი ქართველი მეტყევე-მეცნიერი სოლომონ ქურდიანი, რომელმაც გაბედა და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ზუგდიდის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის მშენებლობასთან დაკავშირებით. ის ამტკიცებდა, რომ სამეგრელოსა და სვანეთის ტყეების სანედლეულო ბაზა ამ გიგანტის ასამუშავებლად საკმარისი არ იყო. მეცნიერი დახვრიტეს, საწარმო აშენდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ის უკვე რუსეთიდან შემოტანილ ნედლეულზე ამუშავდა. საბჭოთა ჩინოვნიკებიც კი მიხვდნენ, რომ საქართველოს მთის ტყეები ვერ აიტანდნენ ასეთ ზეწოლას. 

სამწუხაროდ, დღეს ძველი შეცდომები მეორდება. არ არის ჩატარებული საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია და ფუნქციური კატეგორიზაცია, არ არის დათვლილი მერქნული რესურსი, არ არის გაანგარიშებული სავარაუდო ეკოლოგიური დატვირთვა გარემოზე. მიუხედავად ამისა, წალენჯიხაში ჩინურმა კომპანიამ უკვე ააშენა ხე-ტყის გადამამუშავებელი გიგანტური კომბინატი, რომელმაც წელიწადში 50 ათასი კუბური მეტრი ხე-ტყე უნდა გადაამუშაოს. წალენჯიხის კომბინატს უახლოეს მომავალში სხვები მოჰყვება (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მაისში უკვე გეგმავს კიდევ ხე-ტყის დამზადების სამი ოცწლიანი ლიცენზიის გაცემას, მათ შორის უნიკალურ, ხელუხლებელ მთის ტყის კორომებში). აიტანს კი ჩვენი მთის ტყეები ასეთ დატვირთვას? რამდენად შეესაბამება ეს დატვირთვა მდგრადი განვითარების პრინციპებს? როგორ განვითარდება მოვლენები, თუ აღმოჩნდება, რომ ტყე ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას: ინვესტორი ზარალს შეურიგდება, რუსეთიდან შემოიტანს ნედლეულს თუ გააგრძელებს მუშაობას თავის სასარგებლოდ და გარემოს საზიანოდ? ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე: ინვესტორი თუ ჩინოვნიკი, რომელმაც არ მისცა ამ ინვესტორს სრული ინფორმაცია გასაყიდ რესურსზე? ასე მოუმზადებლად ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიების გაცემა დააფრთხობს წინდახედულ და კეთილსინდისიერ ინვესტორებს და ვერ შექმნის ხელსაყრელ გარემოს ეკონომიკის განვითარებისათვის. საქართველოს ტყეები და საერთოდ, ბუნებრივი რესურსები, საეჭვო წარმოშობის კაპიტალის დაბანდების ადგილი გახდება. ნუთუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ინდონეზიას, სადაც ყოველწლიურად საშუალო ევროპული ქვეყნის ზომის ტერიტორია იკაფება, ხოლო ხელისუფლება ამას ამართლებს ეკონომიკის განვითარების სურვილითა და საერთაშორისო ვალის გასტუმრების საჭიროებით, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს კორუფციასთან ხელისუფლების ზედა ეშელონებში! 

სატყეო სექტორში რეფორმების განხორციელების აუცილებლობა უდავოა, მაგრამ შემაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელია მთავრობის მიერ შერჩეული რეფორმის მიმართულება, სადაც ძირითადი აქცენტი სწრაფ ფისკალურ ეფექტზეა გადატანილი, ხოლო ტყეების ეკოლოგიური, დაცვითი და რეკრეაციული ფუნქციები მთლიანად უგულებელყოფილია. ეს საფუძველშივე ეწინააღმდეგება მდგრადი განვითარების საერთაშორისო ვალდებულებებსა და უპირველესად ბიომრავალფეროვნების კონვენციასა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკას. 

ბატონო პრეზიდენტო, 

მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თქვენ დაავალეთ მთავრობის წევრებს, მეტი ყურადღება დაეთმოთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტისათვის. ევროკავშირისკენ ქვეყნის სწრაფვა, რა თქმა უნდა, არ უნდა გულისხმობდეს ევროკავშირის კანონმდებლობის პირდაპირ გადმოღებას საქართველოში, მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებელია იმ პრინციპებისა და მიდგომების გაზიარება და დაცვა, რითიც ეს ევროპული ქვეყნები ხელმძღვანელობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, გარემოს დაცვასა და სატყეო მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს: თანამონაწილეობას, ერთიან ინტერსექტორულ დაგეგმვას, ეკოსისტემურ მიდგომას, გრძელვადიანი პასუხისმგებლობის აღებას, სატყეო საკითხების ინტეგრაციას ეროვნული მდგრადი განვითარების სტრატეგიებში, ინსტიტუციურ და საკანონმდებლო რეფორმას. თუ გავეცნობით დღეს საქართველოს სატყეო სექტორში არსებულ ვითარებას, ნათლად დავინახავთ, რომ ეს პრინციპები სრულიად იგნორირებულია. 

ჩვენს ვცდილობთ ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან, რათა ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროცესი. თუმცა, სამწუხაროდ, დიალოგი, პროფესიონალთა რჩევა, ეკოლოგიური მოთხოვნები დღეს სრულიად უგულებელყოფილია. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დემოკრატიულ რეჟიმში გამჭვირვალედ წარიმართოს საქართველოს სატყეო რეფორმა, რომლის ნაწილიცაა სატყეო ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, ამ პროცესმა სრულიად ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი ხასიათი მიიღო. 

საქართველოს ტყის სექტორში არსებული ვითარება უპირველეს ყოვლისა მოითხოვს ტყის სრულ ინვენტარიზაციას და იმ უბნების გამოყოფას, სადაც შეზღუდული ტყის ჭრა ჯერ კიდევ დასაშვებია. მხოლოდ ამის შემდეგ და ამის საფუძველზე საჭიროა თანამიმდევრულად გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: შეიქმნას საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი; ჩამოყალიბდეს ეროვნული სატყეო სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა; შეიქმნას ახალი სატყეო კოდექსი და მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; გატარდეს ინსტიტუციური ცვლილებები. 

ბატონო პრეზიდენტო, 

გთხოვთ, უშუალოდ ჩაერიოთ საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესებში, ხელი შეუწყოთ მთავრობასა და პროფესიონალებს შორის დიალოგსა და ურთიერთთანამშრომლობას და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ხელისუფლებას ამოცანად დაუსახოთ საქართველოს ბუნების შენარჩუნება და მისგან ხანგრძლივი მდგრადი სარგებლის მიღების მექანიზმების შემუშავება. შესაძლოა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში აქცენტი არა მერქნის დამზადებაზე, არამედ დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, სანადირო და პლანტაციური მეურნეობების შექმნაზე გაკეთდეს, ხოლო მერქნის წარმოებისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ შორეულ მომავალზე გაითვალოს. ტყეების აქტიურმა სამეურნეო გამოყენებამ დღეს შესაძლოა მოიტანოს მოკლევადიანი ფისკალური ეფექტი, მაგრამ მომავალ წლებში გახშირებული ეკოლოგიური კატასტროფები მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკას. 

მანანა ქოჩლაძე, ბანკებზე დამკვირვებელთა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქსელის რეგიონული კოორდინატორი 

CEE Bankwatch Network 

ირაკლი ქობულია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 
ირაკლი მაჭარაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ 
დავით თარხნიშვილი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა შემსწავლელი ფაკულტეტის დეკანი, 
რუსუდან სიმონიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 
კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოება 
გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრი 
გიორგი მესხიძე, საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”
გია სოფაძე, „ეკოხედვა“ 
ნათია კოპალიანი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა შემსწავლელი ფაკულტეტის პროფესორი 
ზურაბ გურიელიძე, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა შემსწავლელი ფაკულტეტის პროფესორი 
თეიმურაზ კანდელაკი, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი, „საქართველოს მეტყევეთა საზოგადოება“ 
ნატო კობახიძე, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი 
სოლომონ მახაური, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი 
რუსლან რუხაძე, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი 
კახაბერ კახაბერი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 
რუსუდან მჭედლიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 
გულიკო შოშიტაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი 
ქ. თბილისის 198-ე საჯარო სკოლა, პედკოლექტივი 
ზურაბ შენგელია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი 
ქეთევან ჭელიძე, ასოციაცია თანადგომა 
კოტე კობახიძე, კავშირი „მზე და დედამიწა“ 
ლალი ჩხეტია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
ნანა სუმბაძე, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი 
გიორგი დარჩიაშვილი, საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი 
მანანა ღურჭუმელიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი 
ნინო ჭაბუკიანი, კავშირი „ია“ 
მაია წინამძღვრიშვილი, საქართველოს წითელი ჯვარი 
ნანა აღაპიშვილი, საქართველოს ფსიქო-სოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა“ 
დოდო ანდრიაშვილი, კავშირი „ადამიანი და ბუნება“ 
ლელა ქართველიშვილი, კონფლიქტოლოგიის ცენტრი (ICCN) 
გიორგი ბასიშვილი „ქართლის განვითარების ცენტრი“