კინტრიში ჰესი
კინტრიშის ჰესის პროქტი აჭარაში
თავდაპირველად, კინტრიშის ჰესის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარა ენერჯი 2007“-ს შორის 2008 წ. 28 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმი კინტრიშის ჰესის გარდა, მოიცავდა კიდევ შვიდი ჰესის (ქობულეთის I ჰესი – 13.30 მგვტ, ქობულეთის II ჰესი – 14.30 მგვტ, კირნათის ჰესი – 14.40 მგვტ, ხელვაჩაურის ჰესი – 22.40 მგვტ, ჭოროხის I-II ჰესები – 48.00 მგვტ) მშენებლობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აჭარა ენერჯი 2007“-მა უარი განაცხადა მემორანდუმით გათვალისწინებული სამი ჰესის, მათ შორის, კინტრიშის ჰესის მშენებლობაზე, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვის და გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო.
2012 წ. 23 იანვარს კინტრიშის ჰესის მშენებლობაზე დაიდო ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმი სხვა კომპანიასთან – კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისთან“ (Hydro Development Company). მემორანდუმის თანახმად, კომპანიამ აჭარაში, მდინარე კინტრიშზე უნდა აეშენებინა დერივაციული ტიპის 5 მეგავატი სიმძლავრის კინტრიშის ჰესი (მოგვიანებით წარმადობა გაიზარდა 6 მეგავატამდე). მემორანდუმითვე, კომპანიას მშენებლობა უნდა დაეწყო 2012 წლის 25 მარტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წ. გაზაფხულზე კომპანია უკვე აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ დროისთვის არ ჰქონდა მოპოვებული არც მშენებლობის და არც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
დაგეგმილი პროექტის გარემოზე ზემოქმდების შეფასების (გზშ) ანგარიში პირველი ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2012 წლის 1 აგვისტოს. ამავე წლის 17 სექტემბერს ქობულეთის გამგეობის შენობაში ინვესტორმა კომპანიამ გამართა გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა. იხილეთ მწვანე ალტერნატივას შენიშვნები გზშ ანგარიშის ამ ვერსიაზე (2012 წ. 12 სექტემბერი). ამ საჯარო განხილვის შემდეგ კომპანიას არ წარუდგენია გზშ ანგარიში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის სანებართვო დოკუმენტის მისაღებად.
პირველი საჯარო განხილვიდან ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის 25 სექტემბერს, კომპანიამ ხელმეორედ გამოაქვეყნა კინტრიშის ჰესის გზშ ანგარიში საზოგადოებრივი განხილვისთვის და 2013 წლის 15 ნოემბერს განმეორებით ჩაატარა საჯარო განხილვა ამ განახლებულ ანგარიშზე. იხილეთ მწვანე ალტერნატივას შენიშვნები განახლებულ გზშ ანგარიშზე (2013 წ. 9 ნოემბერი).
საჯარო განხილვის შემდგომ, „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანიმ“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგინა გზშ ანგარიშის საბოლოო ვერსია სანებართვო დოკუმენტის (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) მისაღებად. იხილეთ მწვანე ალტერნატივას შენიშვნები კინტრიშის ჰესის პროექტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილი გზშ ანგარიშის თაობაზე (2014 წ. 4 მარტი).
ვინაიდან ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, ზოგიერთი საკითხის დაზუსტების მიზნით, სამინისტრომ კომპანიას მოთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 2014 წლის 8 აპრილს გზშ ანგარიშსა და კომპანიის მიერ დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე მწვანე ალტერნატივამ კვლავ წარუდგინა შენიშვნები და კომენტარები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
2014 წლის 10 აპრილს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გასცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კინტრიშის ჰესის მშენებლობასა და ოპერირებაზე გარკვეული პირობებით.