მწვანე ალტერნატივას კომენტარები და შენიშვნები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ „(შ-147) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის გაგრძელების, ჯუთა-როშკას სიგრძით კმ 3+900 მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე

2018 წლის 25 აპრილს  მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. მწვანე ალტერნატივა ითხოვს:

  • პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კანონმდებლობასთან და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან; გაუკეთდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტს“ და მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების ფართო მონაწილეობა ორჰუსის კონვენციის შესაბამისად.
  • გზის თითოეულ მონაკვეთზე მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები და მათზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად. 
  • საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი ოთხი გზშ ანგარიშის საგანგაშო ხარისხისა და სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჩატარდეს სპეციალური გამოძიება, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საბიუჯეტო სახსრების (დაახლოებით 5 მილიონი ლარი) არამიზნობრივ ხარჯვას.